წვდომის მენიუ

შპს ”ჯეოლაინისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმისა და განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 678 / 12

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2012

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ  შპს ”ჯეოლაინმა” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/510-12, 17.09.12) და მოითხოვა არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით 30 ნომრიან ბლოკზე (95XXX) და ინტელექტულური ქსელებით დამატებული ღირებულების მომსახურებისთვის 30 ნომრიან ბლოკზე  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

        კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის  და მე-8 მუხლის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით უფასო, სტანდარტული ტარიფით, დამატებული ღირებულების, დამატებული ღირებულებით (საქველმოქმედო), დამატებული ღირებულებით (ინტერაქტიული), და დამატებული ღირებულებით (მოზრდილთათვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად, ნებართვა გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების მოკლე ნომრებისთვის შეადგენს  - 5 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე.

        ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ე) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნებართვა გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს  - 1 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;

,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისიამ შეისწავლა შპს ”ჯეოლაინის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შპს ”ჯეოლაინს” როგორც ავტორიზებულ პირს,  2012 წლის 26 სექტემბერს  №01/2328-12 წერილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა, რათა  წარმოედგინა სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის (თითოეულ მომსახურების სახეზე ცალ-ცალკე (სულ 200 ლარი)) და რესურსით სარგებლობის საფასურის - 180 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი. კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უარს ეტყვის ნებართვის მაძიებელს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე, თუ ნებართვის მაძიებელმა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა სანებართვო მოსაკრებლისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის დ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   უარი ეთქვას შპს ”ჯეოლაინს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე და განუხილველად დარჩეს შპს ”ჯეოლაინის” განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის  №7/510-12, 17.09.12);

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  ”ჯეოლაინისთვის” ჩაბარებისთანავე; 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                                          ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები