შპს ,,ტელეარხი -25“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2012
მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით, 2012 წლის 15 ოქტომბერს გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის N10/1037-12 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (2012 წლის 11 ოქტომბრის წერილი N6/5803-12) ითხოვს შპს ,,ტელეარხი-25“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყველა შესაბამისობის დეკლარაციის მიწოდებას და მათი კომისიაში წარმოდგენის თარიღების მითითებას. აღნიშნული წერილის საფუძველზე, განხორციელდა შპს ,,ტელეარხი-25“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზი და გაირკვა, რომ შპს ,,ტელეარხი-25“-ის მიერ, შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში წარმოდგენილია მხოლოდ ერთხელ - 2011 წლის 30 დეკემბერს. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმდა შპს ,,ტელეარხი-25“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომლის მონაცემები არ ემთხვევა შპს ,,ტელეარხი-25“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებს.
შპს ,,ტელეარხი-25“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციის მიხედვით, კომპანიის პარტნიორებს წარმოადგენენ: მერაბი მერკვილაძე - 25%, გიორგი სურმანიძე - 50%, მალხაზი ვერძაძე - 25%, ხოლო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანიის პარტნიორებს 2012 წლის 24 თებერვლიდან წარმოადგენენ: ლევან ქარდავა -50% და ჯემალ ვერძაძე - 50%.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების 2012 წლის 12 ოქტომბრის N10/1037-12 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 12 ოქტომბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეარხი-25“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 26 ოქტომბერს 16:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ შპს „ტელეარხი-25“-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობისა და გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 26 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს “ტელეარხი 25“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი ალექსანდრე ბერაია, რომელმაც განაცხადა, რომ რომ 2011 წლის მდგომარეობის ამსახველი შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში წარმოდგენილი არის შპს ,,ტელეარხი-25“-ს მიერ; მისი განცხადებით, 2012 წლის 24 თებერვალს განხორციელდა ცვლილებები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში, რომლის მიხედვითაც მოხდა კომპანიის მფლობელთა შეცვლა. მან დაამატა, რომ შპს ,,ტელეარხი-25“-ის ვებ გვერდზე ატვირთულია აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ატვირთვის თარიღი ვერ დაასახელა. შპს ,,ტელეარხი-25“-ის წარმომადგენელმა სხდომაზე წარმოადგინა ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - ძველი და ახალი, ასევე კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის N10/1037-12 სამსახურებრივი ბარათი;
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრისა და კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემები დაკავშირებული შპს ,,ტელეარხი-25“-თან;
3. შპს ,,ტელეარხი-25“-ის მიერ 2011 წლის 30 დეკემბერს კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია;
4. შპს ,,ტელეარხი-25“-ის ოფიციალური ვებგვერდიდან 2012 წლის 16 ოქტომბერს ამობეჭდილი შესაბამისობის დეკლარაცია;
5. 2012 წლის 26 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, შპს ,,ტელეარხი-25“-ის წარმომადგენლის ალექსანდრე ბერაიას მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;
6. შპს ,,ტელეარხი-25“-ის დირექტორის გიორგი სურმანიძის წერილობითი პოზიცია, წარმოდგენილი კომისიის სხდომაზე (26.10.12 N6/6261-12);
7. შპს ,,ტელეარხი-25“-ის, კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია;
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ტელეარხი-25“ წარმოადგენს კერძო საერთო ტელემაუწყებლობის NB29 ლიცენზიის მფლობელს;
2. შპს ,,ტელეარხი-25“-ის მიერ, შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში წარმოდგენილია მხოლოდ ერთხელ - 2011 წლის 30 დეკემბერს, რომლის თანახმად კომპანიის პარტნიორებს წარმოადგენენ მერაბი მერკვილაძე - 25%, გიორგი სურმანიძე - 50%, მალხაზი ვერძაძე - 25%;
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის 2012 წლის 24 თებერვლის 14:00 საათის ამონაწერის მიხედვით, შპს „ტელეარხი-25“-ის წილები პარტნიორებს შორის შემდეგნაირადაა გადანაწილებული: მერაბი მერკვილაძე - 25%, გიორგი სურმანიძე - 50%, მალხაზი ვერძაძე - 25%. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის 2012 წლის 24 თებერვლის 23:11 საათის ამონაწერის შესაბამისად, ცვლილებაა შესული პარტნიორთა გრაფაში, კერძოდ: კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელად მითითებულია ლევან ქარდავა და 50%-იანი წილის მფლობელად - ჯემალ ვერძაძე;
4. 2012 წლის 24 თებერვლის შემდეგ, 10 დღის ვადაში, შპს „ტელეარხი-25“-ის მიერ, შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში არ არის წარმოდგენილი, ასევე არ არის განთავსებული, კანონით დადგენილ ვადაში, განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია კომპანიის ვებგვერდზე; კომისიის მიერ შემოწმდა შპს ,,ტელეარხი-25“-ის ვებგვერდი 2012 წლის 16 ოქტომბერს და ჯერ კიდევ არ იყო განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია გამოქვეყნებული;
5. შპს ,,ტელეარხი-25“-ის მიერ 2012 წლის 26 ოქტომბერს კომისიაში წარმოდგენილი იქნა განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია;
6. შპს ,,ტელეარხი-25“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) მონაცემებს ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;
გ) დადასტურებას, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;
დ) ინფორმაციას ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობების პირების ცვლილებების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.
კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან შპს ,,ტელეარხი-25“-ს 2012 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც, მისი პარტნიორები შეიცვალნენ 10 დღის ვადაში არ წარმოუდგენია კომისიაში, ასევე არ გამოუქვეყნებია ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია, მის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც კომპანიისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ტელეარხი-25“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა გაფრთხილდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით შპს ,,ტელეარხი-25“-ს უნდა დაევალოს, მის მიერ კომისიის 2012 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე წარმოდგენილი, განახლებული შესაბამისობის დეკლარაციის საკუთარ ვებგვერდზე განთავსება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ტელეარხი-25“-ს მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს ,,ტელეარხი-25“-ს დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, განახლებული შესაბამისობის დეკლარაციის საკუთარ ვებგვერდზე განთავსება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელეარხი 25”-სათვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ტელეარხი 25”-სათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
