შპს ”კვირის პალიტრისთვის” ნუმერაციის რესურსების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2012
მიღების თარიღი იანვარი 20, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (09.01.2012 №7/17-12) მიმართა შპს ”კვირის პალიტრამ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსების მინიჭების მოთხოვნით.
შპს ”კვირის პალიტრას” ნუმერაციის რესურსები ესაჭიროება მომხმარებლებისაგან ფასიანი განცხადებების მისაღებად და გაზეთ ”სიტყვა და საქმეში” განსათავსებლად. როგორც განცხადებაშია აღნიშნული განცხადების განთავსების საფასურის ამოღება განხორციელდება სატელეფონო ზარის ღირებულების გადახდით, შესაბამისად მოთხოვნილ ნუმერაციის რესურსებზე განხორციელებული ზარები იქნება ფასიანი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; დებულების №2 დანართის შესაბამისად, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში განსაზღვრულია 900 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”კვირის პალიტრა” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსებით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”კვირის პალიტრის” მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს ნუმერაციის რესურსები: 900 313 001 და 900 000 006, ერთი წლის ვადით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს, შპს ”კვირის პალიტრას” ნუმერაციის რესურსი - 900 313 001 და 900 000 006, (ცხრა-ნული-ნული-სამი-ერთი-სამი-ნული-ნული-ერთი და ცხრა-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2012 წლის 20 იანვრიდან, 2013 წლის 20 იანვრამდე;
2. შპს ”კვირის პალიტრა” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსები გამოიყენოს დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისათვის;
4. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს ”კვირის პალიტრის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში შპს ”კვირის პალიტრას” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”კვირის პალიტრისთვის” ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
