შპს „სტერეო +“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2012
მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების შესრულებას. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია მის/მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით. გარდა ამისა, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს შემოწმება კომისიაში შესული საჩივრის, ექს-პარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 22 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№10/1063-12; 18.10.12.), შემოწმების აქტი (№13; 18.10.12) და რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ამსახველი ვიდეო მასალა (CD), საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,სტერეო +”-ის 2012 წლის 15 ოქტომბრის №12/10-12 წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური სისტემის ინჟინერ-ტექნიკოსთა პერსონალის მიერ, 2012 წლის 18 ოქტომბერს, ქ.თბილისში, შპს ,,ალფა-კომის” რადიოსატელევიზიო გადამცემ სადგურზე, შპს ,,სტერეო +”-ის მიერ NF13 ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ჩატარდა რადიომონიტორინგი. მონიტორინგის შედეგად შპს ,,სტერეო +”-ის მიერ NF13 ლიცენზიით განსაზღვრული 71.0 მჰც ±3 მჰც (68.0 მჰც-74.0 მჰც) სიხშირული ზოლიდან გასვლა არ დაფიქსირებულა, ვინაიდან შპს ,,სტერეო +”-ის ტექნიკური პერსონალის მიერ გადამცემ მოწყობილობას და ზოლოვან ფილტრს გაუკეთდა შესაბამისი კორექტირება; ამასთან, შპს ,,სტერეო +” NF13 ლიცენზიით გათვალისწინებულ 71.0 მჰც ±3 მჰც (68.0 მჰც-74.0 მჰც) რადიოსიხშირულ სპექტრს იყენებს არადანიშნულებისამებრ, კერძოდ, სამაუწყებლო სიგნალის ტრანზიტისთვის ბოლო მომხმარებლის მიერ სამაუწყებლო სიგნალის ღია შეუზღუდავი მიღებით, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ბ) ქვეპუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევას.
შპს ,,სტერეო +”-ის დირექტორის დ.ზილფიმიანის ახსნა-განმარტებით, რომელიც დაფიქსირებულია შემოწმების აქტში, შპს ,,სტერეო +”-ს კანონი არ დაურღვევია, ვინაიდან: ,,NF13 ლიცენზიაში განსაზღვრული (მითითებული) არ არის მომსახურების კონკრეტული ტიპი, კერძოდ, მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისათვის არავითარი შეზღუდვა არ წერია, ხოლო ფრაზა ,,მოძრავი ან/და ფიქსირებული” ყველა საერთაშორისო ნორმატივით მოიცავს ნებისმიერი სახით და ტექნოლოგიით გამოსხივებას. მაუწყებლობის დეფინიცია მოიცავს შემდეგს: კონტენტის შექმნა და მიწოდება (”content creation and delivery”). ამიტომ ის ფაქტი, რომ შპს ,,სტერეო +” მომსახურებას ახდენს სიგნალის მიწოდებით, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მას მაუწყებლობა ეწოდოს” (სტილი დაცულია).
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 22 ოქტომბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სტერეო +”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 26 ოქტომბერს, რის თაობაზეც შპს ,,სტერეო +” -ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (ჩაბარდა 2012 წლის 22 ოქტომბერს) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებასთან ერთად მას გადაეცა ადმინისტრაციული წარმოების მასალები, კერძოდ, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების აქტი (№13; 22.10.12.) და რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ამსახველი ვიდეო მასალა (CD). შეტყობინებით მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2012 წლის 26 ოქტომბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,სტერეო +”-ის დირექტორი დ.ზილფიმიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ჩატარებულ რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის პროცესთან რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, ამასთან მხარი დაუჭირა შემოწმების აქტში (№13; 18.10.2012) მის მიერ დაფიქსირებულ ახსნა-განმარტებას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ NF13 ლიცენზიაში განსაზღვრული (მითითებული) არ არის მომსახურების კონკრეტული ტიპი, კერძოდ, მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისათვის არ არის დაწესებული რაიმე შეზღუდვა, ხოლო ფრაზა ,,მოძრავი ან/და ფიქსირებული” ყველა საერთაშორისო ნორმატივით მოიცავს ნებისმიერი სახით და ტექნოლოგიით გამოსხივებას. ასევე მან განმარტა, რომ მაუწყებლობის დეფინიცია მოიცავს შემდეგს: კონტენტის შექმნა და მიწოდება და მხოლოდ ის ფაქტი, რომ შპს ,,სტერეო +” მომსახურებას ახდენს სიგნალის მიწოდებით, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მას მაუწყებლობა ეწოდოს. შპს ,,სტერეო +”-ის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიის 2012 წლის 6 ივნისის №390/18 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,სტერეო +” გაფრთხილდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, შპს ,,სტერეო +”-ის მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში და საქმის განხილვა არ დასრულებულა, შესაბამისად, კომისია არ არის უფლებამოსილი დააჯარიმოს შპს ,,სტერეო +” მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისათვის.
შპს ,,სტერეო +”-ის დირექტორის დ.ზილფიმიანის ახსნა-განმარტებთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ს.შავგულიძემ აღნიშნა, რომ: „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა” სრულ შესაბამისობაშია რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტთან. კერძოდ, გეგმაში სვეტი ,,განაწილება” (სიხშირული დიაპაზონის მითითებით) - შესაბამისობაშია საერთაშორისო რადიოკავშირის რეგლამენტის ჩანაწერთან, ხოლო სვეტში ,,გამოყენება” - განსაზღვრულია ნაციონალურ (საქართველო) სიხშირული დიაპაზონის გამოყენების კონკრეტიკა. რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის თანახმად, ,,განაწილება” (Allocation) – ეს სიხშირეთა განაწილების ცხრილში მოცემული სიხშირული ზოლის ჩანაწერია ერთი ან რამდენიმე სამსახურის მიერ განსაზღვრული პირობებით გამოყენებისათვის. რადიოკავშირის რეგლამენტში (თავი I, კარი III-რადიომომსახურებები) განსაზღვრულია რადიოკავშირის სამსახური (1.19), რაც მოიცავს გადაცემას, რადიოტალღების გამოსხივებას ან მიღებას, განსაზღვრული მიზნით ელექტროკავშირის განხორციელებისათვის. ამავე რეგლამენტის (თავი I, კარი III-რადიომომსახურებები) თანახმად, ფიქსირებული სამსახური არის ფიქსირებულ პუნქტებს შორის რადიოკავშირის სამსახური (1.20), ხოლო 1.24. პუნქტის თანახმად, მობილური სამსახური არის მობილურ და სახმელეთო ან მობილურ სადგურებს შორის რადიოკავშირის სამსახური. ამავე რეგლამენტის 1.38 პუქნტის შესაბამისად, სამაუწყებლო სამსახური არის რადიოკავშირის სამსახური, რომლის გადაცემები გათვალისწინებულია მოსახლეობის მიერ უშუალო მიღებისათვის რაც შეიძლება განახრციელოს ბგერის, სატელევიზიო ან სხვა სახის გადაცემები. აღსანიშნავია, რომ რადიორეგლამენტის ინგლისურ გამოცემაში სიტყვა ,,direct reception“ ქართულად ნიშნავს ღია, არადახურულ მიღებას. ამგვარად ფიქსირებული, მობილური და სამაუწყებლო სამსახურები რადიორეგლამენტის განმარტების მიხედვით მკაცრად გამოჯნულია ერთმანეთისგან. რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით სიხშირული ზოლო (68 მჰც-74 მჰც) განკუთვნილია მობილური და ფიქსირებული მომსახურებისათვის პუნქტებს შორის რადიოტალრების გამოსხივებით ანუ რადიოხაზებით კავშირის უზრუნველყოფისათვის და არა მაუწყებლობისათვის. სწორედ აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით მოხდა რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შემოწმების აქტის (№13, 18.10.12) შედგენა, სადაც მითითებულია, რომ შპს ,,სტერეო +” რადიოსიხშირულ სპექტრს იყენებს სამაუწყებლო სიგნალის ტრანზიტისთვის ბოლო მომხმარებლის მიერ სამაუწყებლო სიგნალის ღია შეუძღუდავი მიღებით”.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№10/1063-12; 18.10.12.);
2. 2012 წლის 18 ოქტომბრის შემოწმების აქტი №13;
3. 2012 წლის 18 ოქტომბერს ჩატარებული რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ამსახველი ვიდეო მასალა (CD);
4. შპს „სტერეო +“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზია;
5. შპს ,,სტერეო +”-ის 2007 წლის 20 მარტის №01 განცხადება ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე;
6. კომისიის 2007 წლის 5 აპრილის №172/2 გადაწყვეტილება ,,შპს ,,სტერეო +”-სთვის NF13 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და შპს ,,სტერეო +”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №235/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;
7. კომისიის 2012 წლის 6 ივნისის №390/18 გადაწყვეტილება შპს „სტერეო+“–ს სალიცენზიო და საავტორიზაციო პირობების შემოწმების შედეგების განხილვისა და შპს „სტერეო +“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.”
8. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
9. ამონაწერი კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან;
10. შპს სტერეო +“-ის დირექტორის დ.ზილფიმიანის ახსნა-განმარტება;
11. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის ს.შავგულიძის ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საქმის გარემობათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრვი გარემოებები:
1. შპს ,,სტერეო +” არის ავტორიზებული პირი, რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. შპს „სტერეო +“ ფლობს რადიოსიხშრიული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს 71.0. მჰც ±3 მჰც სიხშირული ზოლით სარგებლობის უფლებას მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ლიცენზიის მოქმედების ვადა 2016 წლის 2 ივნისამდე);
3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, შპს „სტერეო +“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული 71.0 მჰც ±3 მჰც სიხშირული დიაპაზონი ფიქსირებული/მობილური რადიოხაზებით მომსახურებისთვისაა გათვალისწინებული;
4. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა” სრულ შესაბამისობაში რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტთან, კერძოდ, გეგმაში სვეტი ,,განაწილება” (სიხშირული დიაპაზონის მითითებით) - შესაბამისობაშია საერთაშორისო რადიოკავშირის რეგლამენტის ჩანაწერთან, ხოლო სვეტში ,,გამოყენება” - განსაზღვრულია ნაციონალურ (საქართველო) სიხშირული დიაპაზონის გამოყენების კონკრეტიკა. რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის თანახმად, ,,განაწილება” (Allocation) – ეს სიხშირეთა განაწილების ცხრილში მოცემული სიხშირული ზოლის ჩანაწერია ერთი ან რამდენიმე სამსახურის მიერ განსაზღვრული პირობებით გამოყენებისათვის.
5. შპს „სტერეო +“, როგორც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის მფლობელი, უფლებამოსილია უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელი პირების, ასევე საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განმახორციელებელი პირების ფიქსირებული ან/და მობილური სადგურ(ებ)იდან მიღებული ციფრული აუდიო/ვიდეო მონაცემების მეორე ფიქსირებულ/მობილურ სადგურ(ებ)ში მიღება/გადაცემის მომსახურება;
6. შპს „სტერეო +“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის ფარგლებში შეთავაზებული მომსახურებით შესაძლებელია ისარგებლონ დაინტერესებულმა პირებმა, აუდიო/ვიდეო მონაცემების (სიუჟეტების ან თუნდაც სამაუწყებლო არხის) მიღება - გადაცემისთვის, რათა მათ მიერ ამ მონაცემების მიღება/გადაცემა მოხდეს სათაო ან რეგიონალური სტუდიებიდან ან/და მოძრავი სადგურებიდან, შემდგომში მათივე კუთვნილი სიხშირით (საეთერო მაუწყებლის შემთხვევაში) თავისივე სამაუწყებლო ზონა(ებ)ში ამ მონაცემების მომხმარებლებისათვის (მაყურებლებისათვის, მსმენელებისათვის) ღია და თავისუფალი მიღების უზრუნველსაყოფად, ან საკაბელო ქსელის ოპერატორის პაკეტში ჩასართავად, ან სხვა შიდატექნოლოგიური მიზნით გამოყენებისთვის, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირეებით გავრცელებული სამაუწყებლო სიგნალის ეთერში, ბოლო მომხმარებლის თავისუფალ და შეუზღუდავ წვდომას;
7. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა შინაარსობრივად გამორიცხავს ამ ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირეებით გადაცემული სიგნალის ბოლო მომხმარებლის მიერ თავისუფალი, ღია და საჯარო მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში გაწეული მომსახურება შინაარსობრივად არის არა რადიოხაზებით მომსახურება, არამედ მაუწყებლობის ტრანზიტი, რაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვა სახეა; კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა შპს „სტერეო +“-ის მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელება რადიოსიხშრიული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირეების გამოყენებით. აღნიშნული სიხშირეები კი, ამავე ლიცენზიის სალიცენზიო პირობებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის;
9. შპს „სტერეო +“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურება არ შეიძლება გულისხმობდეს ბოლო მომხმარებლის მიერ სამაუწყებლო კომპანიის სამაუწყებლო სიგნალის ე.წ. „ღია ლინკით“, ეთერით მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნულისა, აზრს კარგავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის განხორციელების განსაკუთრებული საკონკურსო წესი. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების ამგვარი არასწორი ინტერპრეტირების შემთხვევაში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა აიღოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით ლიცენზია (რისთვისაც საჭიროა მხოლოდ სალიცენზიო მოსაკრებლის 2000 ლარის გადახდა და შესაბამისი დოკუმეტაციის წარმოდგენა კომისიაში) ან განახორციელოს მაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით, რაც არ საჭიროებს არანაირ ლიცენზიას ან ნებართვას (მაშინ, როდესაც სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვება საჭიროებს სალიცენზიო მოსაკრებლისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდას და კონკურსში გამარჯვებას) და ყოველგვარი კონკურსის გარეშე, შპს „სტერეო +“-სთან შეთანხმებით, განახორციელოს საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობა;
10. შპს „სტერეო +“-ის დირექტორის დ.ზილფიმიანის განცხადება იმის თაობაზე, რომ ,,NF13 ლიცენზიაში განსაზღვრული (მითითებული) არ არის მომსახურების კონკრეტული ტიპი, კერძოდ, მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისათვის არავითარი შეზღუდვა არ წერია, ხოლო ფრაზა ,,მოძრავი ან/და ფიქსირებული” ყველა საერთაშორისო ნორმატივით მოიცავს ნებისმიერი სახით და ტექნოლოგიით გამოსხივებას”, ხოლო ,,მაუწყებლობის დეფინიცია მოიცავს შემდეგს: კონტენტის შექმნა და მიწოდება. ამიტომ ის ფაქტი, რომ შპს ,,სტერეო +” მომსახურებას ახდენს სიგნალის მიწოდებით, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მას მაუწყებლობა ეწოდოს”, კომისიას მიაჩნია უსაფუძვლოდ.
კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მიერ მიღებული „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტში“ (კარი III - რადიოსამსახურები, პუნქტი 1.19) განსაზღვრულია რადიოკავშირის სამსახური (1.19), რაც მოიცავს გადაცემას, რადიოტალღების გამოსხივებას ან მიღებას განსაზღვრული მიზნით, ელექტროკავშირის განხორციელებისათვის. ამავე რეგლამენტის 1.20 პუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული სამსახური არის ფიქსირებულ პუნქტებს შორის რადიოკავშირის სამსახური (1.20), ხოლო 1.24. პუნქტის თანახმად, მობილური სამსახური არის მობილურ და სახმელეთო ან მობილურ სადგურებს შორის რადიოკავშირის სამსახური. ამავე რეგლამენტით ცალკეა განსაზღვრული რადიოსამაუწყებლო სამსახური, კერძოდ, რეგლამენტის 1.38 პუნქტის შესაბამისად,რადიოსამაუწყებლო სამსახური განმარტებულია როგორც სამსახური,რომლის გადაცემები გათვალისწინებულია მოსახლეობის მიერ უშუალო მიღებისთვის. ამ სამსახურმა შეიძლება განახორციელოს ბგერის, სატელევიზიო ან სხვა სახის გადაცემები. აღსანიშნავია, რომ რადიორეგლამენტის ინგლისურ გამოცემაში სიტყვა ,,direct reception“ ქართულად ნიშნავს ღია, არადახურულ მიღებას. ამდენად, რადიორეგლამენტის მიხედვით,ფიქსირებული, მოძრავი და რადიოსამაუწყებლო სამსახურები მკაცრად გამიჯნულია ერთმანეთისგან.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა“ სრულ შესაბამისობაშია რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტთან. კერძოდ, გეგმაში სვეტი ,,განაწილება” (სიხშირული დიაპაზონის მითითებით) - შესაბამისობაშია საერთაშორისო რადიოკავშირის რეგლამენტის ჩანაწერთან, ხოლო სვეტში ,,გამოყენება” - განსაზღვრულია ნაციონალურ (საქართველო) სიხშირული დიაპაზონის გამოყენების კონკრეტიკა. რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის თანახმად, ,,განაწილება” (Allocation) – ეს სიხშირეთა განაწილების ცხრილში მოცემული სიხშირული ზოლის ჩანაწერია ერთი ან რამდენიმე სამსახურის მიერ განსაზღვრული პირობებით გამოყენებისათვის. ეროვნული გეგმის მიხედვით, რადიოსიხშირული ზოლი 68მჰც - 74 მჰც (რისი სარგებლობის უფლებასაც ითვალისიწნებს შპს „სტერეო+“-ს კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზია) განკუთვნილია კონკრეტული მიზნისთვის, კერძოდ, მოძრავი (მობილური) და ფიქსირებული სამსახურისთვის და არა გადაცემული მონაცემების უშუალოდ მოსახლეობისათვის (ბოლო მომხმარებლისათვის) მიღებისათვის, რაც საერთაშორისო სტანდარტებითაც არ წარმოადგენს რადიოკავშირით სამსახურს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სტერეო +”, მოქმედი კანონმდებლობიდან, კერძოდ, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, მაუწყებელი არის ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თავისი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული სამაუწყებლო პროდუქციის გადაცემას, რომელიც სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს ერთდროულად ხელმისაწვდომია მაყურებლისთვის/მსმენელისთვის, არ წარმოადგენს მაუწყებელს. შესაბამისად, ჩატარებული მონიტორინგის შედეგად შედგენილ შემოწმების აქტში (№13; 18.10.12) არსად არ არის აღნიშნული ის, რომ შპს ,,სტერეო +” წარმოადგენს მაუწყებელს ან ის მაუწყებლობდა. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,სტერეო +” -ის მიერ კომპანიისათვის გაწეული მომსახურება შინაარსობრივად წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტს და არა მაუწყებლობას (იხ. ზემოთ პუნქტები 6,7 და 8).
10. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ შპს „სტერეო +“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებულ 71.0 მჰც ±3 მჰც სიხშირული დიაპაზონს იყენებს არადანიშნულებისამებრ, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა”) და გადაწყვეტილებები (ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებაში ასახული სალიცენზიო პირობები) და სალიცენზიო პირობების დარღვევას;
11. კომისიის 2012 წლის 6 ივნისის №390/18 გადაწყვეტილებით შპს ,,სტერეო +” მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3 000 და არა უმეტეს 30 000 ლარისა.
კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2012 წლის 6 ივნისის №390/18 გადაწყვეტილებით შპს ,,სტერეო +”-ს მიეცა გაფრთხილება, ამჯერად მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმის სახით.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (24.10.12, 10/-12) თანახმად, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შპს ,,სტერეო +”-ის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი შეადგენს 1,198.41 ლარს. შესაბამისად, შპს ,,სტერეო +”-ის მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „სტერეო +“-ის მიერ განხორციელებული ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, კანონიერების დაცვის საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მას უნდა დაეკისროს ქმედების განხორციელება, კერძოდ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული 71.0 მჰც ±3 მჰც სიხშირული დიაპაზონის არადანიშნულებისამებრ, არამართლზომიერი გამოყენების შეწყვეტა.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,სტერეო +”-ის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს მისი დაჯარიმების საფუძველი, ვინაიდან კომისიის 2012 წლის 6 ივნისის №390/18 გადაწყვეტილება შპს ,,სტერეო +”-ის გაფრთხილების თაობაზე, შპს ,,სტერეო +”-ის მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევების ჩამონათვალს, როდესაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ავტომატურად არ ჩერდება და როდესაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერება ხდება მხარეთა მოთხოვნითა და მხოლოდ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია, ასევე, მისი აღსრულების შეჩერება საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ ინტერესს ან უფლებას. ასევე თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსრულების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 6 ივნისის №390/18 გადაწყვეტილებით შპს სტერეო +” გაფრთხილდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, ასევე დაეკისრა ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის. ამავე გადაწყვეტილებით მას დაევალა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის 71.0. მჰც ± 3 მჰც არადანიშნულებისამებრ, ამავე ლიცენზიის პირობების დარღვევით გამოყენებისა და რადიოსიხშირული სპექტრით (66.8-68.0 მჰც) უკანონო სარგებლობის დაუყონებლივ შეწყვეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საჯარო წესრიგის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, ამასთან მიქცეულია დაუყონებლივ აღსასრულებლად, ხოლო გადაწყვეტილება, რადიოსიხშირული სპექტრით (66.8-68.0 მჰც) უკანონო სარგებლობის დაუყონებლივ შეწყვეტის ნაწილში, შპს ,,სტერეო +”-ის მიერ აღსრულებულია. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლო განჩინების საფუძველზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. მეტიც, ადმინისტრაციული აქტის მოქმედების კანონისმიერი შეჩერების შემთხვევაშიც, აღნიშნულის თაობაზე მითითებული უნდა იყოს სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ სასამართლოს განჩინებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 44-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით
გადაწყვიტა:
1. შპს ,,სტერეო +” -ს დაეკისროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს ,,სტერეო +”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს შპს ,,სტერეო +”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. შპს „სტერეო +“-მა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის 71.0.მჰც ± 3მჰც არადანიშნულებისამებრ, ამავე ლიცენზიის პირობების დარღვევით გამოყენება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სტერეო +“-სთვის დაუყოვნებლივ გადაცემა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სტერეო +”-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
