წვდომის მენიუ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 681 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2012

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (17.10.2012 N6/5997-12) მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (შემდგომში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“) ააიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (შემდგომში „საზოგადოებრივი მაუწყებელი“) მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე.

კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 28 სექტემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოითხოვა 2012 წლის 29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი სოციალური რეკლამის სატელევიზიო ბადეში განთავსება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩაბარდა 2012 წლის 5 ოქტომბერს, შესაბამისად მისი გაშვების ვალდებულება ამ დროიდან წარმოიშვა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული 2012 წლის 8 ოქტომბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აცნობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომ მათ მიერ მიწოდებული ვიდეო რგოლი არ წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას, ვინაიდან არ აკმაყოფილებდა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ7“ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და შესაბამისად, უარი უთხრა სარეკლამო რგოლის ეთერში განთავსებაზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიიჩნია, რომ საზოგადეობრივ მაუწყებელს არ ჰქონდა უფლება შეეფასებინა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი რეკლამის შინაარსი და შესაბამისად, მას არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის წარდგენილი სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კომისიისგან ითხოვს შესაბამისი ზომების მიღებას, კერძოდ,

მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი:

1. კომისიამ განუმარტოს საზოგადოებრივ მაუწყებელს სოციალური რეკლამის განთავსების წესი;

2. კომისიამ დაავალოს საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  სოციალური რეკლამის გაშვება;

3. კომისიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო დააკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა.

კომისია აღნიშნავს, რომ  საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა კომისიის 2012 წლის 26 ოქტომბერს. სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით (22.10.2012-N03/2488-12; N03/2489-12) ეცნობათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და საზოგადოებრივ მაუწყებელს  და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 25 ოქტომბერს კომისიას მიმართა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (25.10.2012 N6/6220-12) და კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარი თქმის შესახებ. კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაჩნია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასაჩივრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის უარს წარმოდგენილი სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით და ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობის პირის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 30 დღის განმავლობაში სამეურვეო საბჭოში ან სასამართლოში, კომისია არ წარმოადგენს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის განმხილველ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

ამავე დროს, საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაჩნია, რომ კომისია საჩივრის განმხილველ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოადგენს არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისადაც, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ კომისიაში წარმოდგენილია ადმინისტრაციული საჩივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით, კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივარი,  ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას;

საზოგადოებრივი მაუწყებლის შუამდგომლობაში ასევე აღნიშნულია, რომ რეკლამის განთავსების შესახებ რეგულაციები მოცემულია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ XV თავში, კერძოდ, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ რეკლამის განთავსებისას  დაცული უნდა იქნას  ”რეკლამის შესახებ” და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნები. შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაჩნია, რომ ვინაიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჩივარში აპელირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევაზე, აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი:

1. უარი ეთქვას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას საჩივრის წარმოებაში მიღებაზე;

2. იმ შემთხვევაში თუ კომისია წარმოებაში მიღებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარს, კომისიამ აცნობოს საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩივრის წარმოებაში მიღებისა და საკითხის განხილვის თარიღის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვას კომისიაში გაიმართა 2012 წლის 26 ოქტომბერს. საკითხის განხილვას ესწრებოდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ნათია კაპანაძე და მარიამ გოგოსაშვილი. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი.

კომისიის სხდომაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა არა ადმინისტრაციული საჩივარი, არამედ საჩივარი “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე. ამავე დროს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უფლებამოსილია როგორც მომხმარებელმა და დაინტერესებულმა მხარემ მიმართოს კომისიას მაუწყებლის მიერ პირის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის თაობაზე, გამომდინარე საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლიდან და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლიდან, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს უფლება მიმართოს კომისიას მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში.

ნათია კაპანაძემ ასევე დააზუტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს:

1. კომისიამ განუმარტოს საზოგადოებრივ მაუწყებელს სოციალური რეკლამის განთავსების წესი;

2. კომისიამ დაავალოს საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  სოციალური რეკლამის გაშვება 1 თვის განმავლობაში;

3. კომისიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო დააკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა.

                კომისია აღნიშნავს, რომ

1. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობის პირის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 30 დღის განმავლობაში სამეურვეო საბჭოში ან სასამართლოში,

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი განმარტებულია როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თავისი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული სამაუწყებლო პროდუქციის გადაცემას, რომელიც სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს ერთდროულად ხელმისაწვდომია მაყურებლისთვის/მსმენელისთვის;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.

7. “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

8. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;

ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია;

9. “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

10. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

                კომისიამ იმსჯელა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რასაც ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავი; აღნიშნულს, ერთი მხრივ, მიუთითებს ის გარემოება, რომ საჩივრის სამოტივაციო ნაწილში არ არის მითითებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით გათვალისწინებული ნორმები, და, მეორე მხრივ, აღნიშნული, კომისიის სხდომაზე დაადასტურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა.

2. კომისიაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილია საჩივარი მაუწყებლის მიმართ, რასაც ითვალისწინებს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი.

3. კომისია ასევე ვერ გაიზიარებს საზოგადეობრივი მაუწყებლის არგუმენტაციას, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, ვინაიდან “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობის პირის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 30 დღის განმავლობაში სამეურვეო საბჭოში ან სასამართლოში, არ გამორიცხავს დაინტერესებული მხარის მიერ კომისიისთვის მიმართვის უფლებას, ვინაიდან ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი, დაინტერესებულ პირს ანიჭებს უფლებამოსილებას, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

                კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სადაოდ ხდის საზოგადეობრივი მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის სამაუწყებლო ეთერში განთავსების თაობაზე უარის თქმის საკითხს, კომისია უფლებამოსილია მიიღოს წარმოებაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი და შესაბამისად დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის განხილვის მიზნით, ვინაიდან, “მაუწყებლობის შესახებ” და “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონებიდან გამომდინარე სწორედ კომისიას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება და ამავე დროს, დაკისრებული აქვს ვალდებულება განახორციელოს სამაუწყებლო რეკლამის სფეროში, რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლი და ამავე დროს, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის დააკისროს შესაბამისი სანქციები,

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, 70-ე მუხლის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 და 21-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. არ დაკმაყოფილდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შუამდგომლობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე;

2. წარმოებაში იქნას მიღებული ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი (17.10.2012 N6/5997-12) საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ და დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით;

3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2012 წლის 14 ნოემბერს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში  მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების კომისიაში წარმოდგენა 2012 წლის  14 ნოემბრამდე.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების  დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნა(ნ.ჯავახიძე);

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                               ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                       ს.ბრიტანჩუკი

                                                             კ.კვიტაიშვილი

                                                              ა.სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები