წვდომის მენიუ

შპს ”ტელეკომპანია მზის“ კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 683 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2012

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/538-12, 16.10.2012წ.) მიმართა შპს ”ტელეკომპანია მზემ” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია მზე”  ფლობს კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიას  კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებით-გასართობი) ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ა) საეთერო ტელემაუწყებლობა 45-ე სატელევიზიო არხზე ქ. თბილისი და მიმდებარე ტერიტორია;

ბ) თანამგზავრული მაუწყებლობა ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა  და ორბიტალური  სადგურებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2002 წლის 22 ოქტომბრის №400/5 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”ოკრიბა 2002”-ის (რეგისტრირებული ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის №7/4-2093 დადგენილებით) №26 ლიცენზიას (რომელიც ითვალისწინებდა მაუწყებლობას 45-ე სატელევიზიო დეციმეტრულ არხზე ქ. თბილისში და მიმდებარე ტერიტორიაზე) გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2012 წლის 28 ნოემბრამდე. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 მარტის დადგენილების შესაბამისად შპს ”ოკრიბა 2002”-ს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს ”მზე”.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 სექტემბრის დადგენილების შესაბამისად შპს ”მზეს” შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ”ტელეკომპანია მზე”.

კომისიის 2005 წლის 23 დეკემბრის №806/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საეთერო ტელერადიოსამაუწყებლო ლიცენზიების (მათ შორის შპს ”მზის” №26 ლიცენზის) “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კომისიის აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაშვებული იქნა ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ  შპს ”მზის” №26 ლიცენზიის მოქმედების ვადად მითითებული იქნა 2012 წლის 28 დეკემბერი, ნაცვლად 2012 წლის 28 ნოემბრისა. შესაბამისად, როდესაც კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის  №43/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა შპს ”მზის” №26 ლიცენზიის მოდიფიცირება №B15 ლიცენზიად, შპს ”მზის” №B15 ლიცენზიის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 28 დეკემბერი და არა 2012 წლის 28 ნოემბერი, როგორც ეს გათვალისწინებული იყო  შპს ”ოკრიბა 2002”-ის  №26 ლიცენზიის ხელახალ რეგისტარციაში გატარების, მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ კომისიის 2002 წლის 22 ოქტომბრის №400/5 გადაწყვეტილებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია მზის” კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიას მოქმედების ვადა აქვს 2012 წლის 28 ნოემბრამდე.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ”ტელეკომპანია მზის”  მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”ტელეკომპანია მზის”  მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული არ აქვს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ტელეკომპანია მზეს” უნდა მიეცეს ვადა, რათა ზეპირი მოსმენის სხდომამდე კომისიაში წარმოადგინოს სალიცენზიო მოსაკრებლის – 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს ”ტელეკომპანია მზის” კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 48,411.00 (ორმოცდარვა ათას ოთხასთერთმეტი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შპს ”ტელეკომპანია მზის” კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის გადასახდელი სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება განხორციელდა ანალოგური მაუწყებლობისათვის, იმავე გეოგრაფიული ზონისა და არსებული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია შპს ”ტელეკომპანია მზის” კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებში.

კომისია აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად. 2006 წლის 5 დეკემბერს კომისიამ მიიღო დადგენილება N10 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ანალოგური საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობისთვის განისაზღვრა 25 სამაუწყებლო ზონა.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №384 ბრძანებულებით  დამტკიცდა რეგიონალური შეთანხმება „ევროპის რადიოსამაუწყებლო ზონის შესახებ რეგიონალური შეთანხმების (სტოკჰოლმი, 1961) ზოგიერთი ნაწილის გადასინჯვის ოქმისა“ და „174-230 მჰც და 470-862 მჰც სიხშირის ზოლებში პირველ რაიონში (პირვეელი რაიონის ნაწილები მდებარეობს აღმოსავლეთის გრძედის 1700 მერიდიანის დასავლეთით და სამხრეთის განედის 400 პარალელის ჩრდილოეთით, მონღოლეთის ტერიტორიის გამოკლებით) და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ციფრული მიწისზედა რადიოსამაუწყებლო სამსახურის დაგეგმვის შესახებ“. ზემოაღნიშნული რეგიონალური შეთანხმების ფინალური აქტების (ჟენევა 2006) შესაბამისად, შეთანხმებაზე ხელმომწერ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა უნდა დასრულდეს 2015 წლის 17 ივნისამდე.

კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების ზემოაღნიშნულ რეგიონალურ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიის მიერ 2011 წლის 1 აპრილს მიღებულ იქნა დადგენილება №2 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ”, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების 10 ზონა, ნაცვლად 25 ანალოგური სამაუწყებლო ზონისა.

კომისია დამატებით მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია მზის” კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონა (ტელემაუწყებლობა 45-ე სატელევიზიო არხზე ქ.თბილისში;) არ შეესაბამება ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ საეთერო  ციფრული სამაუწყებლო მომსახურების არც ერთ ზონას, რაც თავის მხრივ, შემდგომ (ლიცენზიის მოქმედების პერიოდში) ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით (2015 წლის 17 ივნისამდე) წარმოშობს შპს ”ტელეკომპანია მზის” კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის მოდიფიცირების აუცილებლობას, აღნიშნული ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონის ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რა დროსაც აუცილებელი გახდება სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშებაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ტელეკომპანია მზეს” კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სალიცენზიო პირობებში უნდა აისახოს კომისიის უფლებამოსილება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით განახორციელოს შპს ”ტელეკომპანია მზის” კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის პირობების მოდიფიცირება და შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშება, აღნიშნული ლიცენზიის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან (შეთანხმებებთან) შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ასევე გამოვლინდა შპს  ”ტელეკომპანია მზის” №B15 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, ლიცენზიის სახეობა - სპეციალიზებული (შემეცნებით-გასართობი) ტელემაუწყებლობა  არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) პუნქტს  და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომელთა შესაბამისად, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო სპეციალიზებული მაუწყებლობა არის 1 თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა.

კომისიამ წერილობით (№01/1477-12, 18.06.2012წ.) მიმართა შპს ”ტელეკომპანია მზეს” და მოსთხოვა სპეციალიზებული მაუწყებლობის ფარგლებში ერთი თემატიკის დაზუსტება. შპს ”ტელეკომპანია მზემ” კერძო მაუწყებლობის №B15 სპეციალიზებული ლიცენზიის თემატიკად განსაზღვრა გასართობი ტელემაუწყებლობა (შპს ”ტელეკომპანია მზის” წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/3396-12, 27.06.2012).

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელეკომპანია მზის“ კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 26 ნოემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. უზრუნველყოს შპს ”ტელეკომპანია მზემ”  სალიცენზიო მოსაკრებლის 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა 2012 წლის 26 ნოემბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ტელეკომპანია მზისთვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                             ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები