წვდომის მენიუ

შპს ”ტელეარხი 25”-ის კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე

ნომერი: 684 / 6

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2012

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/519-12, 24.09.2012წ.) მიმართა შპს ”ტელეარხი 25”-მა კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეარხი 25” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიას 2012 წლის 31 ოქტომბრამდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 31.10.2012 წ.

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

დ.ა) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა 24-ე დეციმეტრულ არხზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით 3db გაძლიერებით, წრიული გასხივების მქონე ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 40 მეტრი, კოორდინატები 41039`13”N,  41038`14” E, ქ.ბათუმი;

დ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით;“

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ”ტელეარხი 25”-ის მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”ტელეარხი 25”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს ”ტელეარხი 25”-ს კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 25,672.50 (ოცდახუთი ათას ექვსას სამოცდათორმეტი და ორმოცდაათი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ                     შპს ”ტელეარხი 25”-ს კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის გადასახდელი სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება განხორციელდა ანალოგური მაუწყებლობისათვის, იმავე გეოგრაფიული ზონისა და არსებული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია შპს ”ტელეარხი 25”-ს მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებში.

კომისია აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად. 2006 წლის 5 დეკემბერს კომისიამ მიიღო დადგენილება N10 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ანალოგური საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობისთვის განისაზღვრა 25 სამაუწყებლო ზონა.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №384 ბრძანებულებით  დამტკიცდა რეგიონალური შეთანხმება „ევროპის რადიოსამაუწყებლო ზონის შესახებ რეგიონალური შეთანხმების (სტოკჰოლმი, 1961) ზოგიერთი ნაწილის გადასინჯვის ოქმისა“ და „174-230 მჰც და 470-862 მჰც სიხშირის ზოლებში პირველ რაიონში (პირველი რაიონის ნაწილები მდებარეობს აღმოსავლეთის გრძედის 1700 მერიდიანის დასავლეთით და სამხრეთის განედის 400 პარალელის ჩრდილოეთით, მონღოლეთის ტერიტორიის გამოკლებით) და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ციფრული მიწისზედა რადიოსამაუწყებლო სამსახურის დაგეგმვის შესახებ“. ზემოაღნიშნული რეგიონალური შეთანხმების ფინალური აქტების (ჟენევა 2006) შესაბამისად, შეთანხმებაზე ხელმომწერ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა უნდა დასრულდეს 2015 წლის 17 ივნისამდე.

კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების ზემოაღნიშნულ რეგიონალურ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიის მიერ 2011 წლის 1 აპრილს მიღებულ იქნა დადგენილება №2 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ”, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების 10 ზონა, ნაცვლად 25 ანალოგური სამაუწყებლო ზონისა.

კომისია დამატებით მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეარხი 25”-ს კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონა (ტელემაუწყებლობა 24-ე დეციმეტრულ არხზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით 3db გაძლიერებით, წრიული გასხივების მქონე ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 40 მეტრი, კოორდინატები 41039`13”N,  41038`14” E, ქ.ბათუმში;) არ შეესაბამება ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ საეთერო  ციფრული სამაუწყებლო მომსახურების არც ერთ ზონას, რაც თავის მხრივ, შემდგომ (ლიცენზიის მოქმედების პერიოდში) ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით (2015 წლის 17 ივნისამდე) წარმოშობს შპს ”ტელეარხი 25”-ს კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოდიფიცირების აუცილებლობას, აღნიშნული ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონის ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რა დროსაც აუცილებელი გახდება სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშებაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ტელეარხი 25”-ს კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სალიცენზიო პირობებში უნდა აისახოს კომისიის უფლებამოსილება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით განახორციელოს შპს ”ტელეარხი 25”-ს კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის პირობების მოდიფიცირება და შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშება, აღნიშნული ლიცენზიის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან (შეთანხმებებთან) შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეარხი 25”-ის მიერ კომისიაში ასევე წარმოდგენილია განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №7/422-11, 27.09.2011წ.) კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე. კერძოდ შპს ”ტელეარხი 25” ითხოვს ლიცენზიაში მითითებული გეოგრაფიული კოორდინატების შეცვლას, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას განზრახული აქვს გადამცემის გადატანა მწვანე კონცხის ანძაზე, იმის გამო, რომ გადამცემის განთავსების ადგილას არსებული სასტუმროს ხელმძღვანელობა აღარ უფორმებს ხელშეკრულებას სასტუმროს სახურავის ფართის გამოყენებაზე, ხოლო ახალი მაღლივი შენობის შერჩევა ქ. ბათუმის არქიტექტურული იერსახის სისტემატიური ცვლილების გამო ძალზედ გართულებულია.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ დადგენილ იქნა გადამცემის მწვანე კონცხის სატელევიზიო ანძაზე გადატანის შემთხვევაში ანტენის საჭირო პარამეტრები (მიმართულების დიაგრამა) და ანტენის გეოგრაფიული ორიენტაციის მაჩვენებელი რა დროსაც შენარჩუნდება მაუწყებლობის არსებული გეოგრაფიული ზონა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს შპს ”ტელეარხი 25”-ის კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს ”ტელეარხი 25” კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში გადამცემის განთავსების ადგილის გეოგრაფიული კოორდინატების ცვლილება არ გამოიწვევს სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდას.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიის 2012 წლის 28 სექტემბრის №641/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ტელეარხი 25”-ის კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების თაობაზე.

საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2012 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს ”ტელეარხი 25”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი თეიმურაზ ტაბაღუა, რომელმაც დაადასტურა კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. ამავე დროს თეიმურაზ ტაბაღუას მიერ დაზუსტდა დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა - 6 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს ”ტელეარხი 25”-ის კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ”ტელეარხი 25”-ის კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”ტელეარხი 25”-ის კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიას 2012 წლის 31 ოქტომბრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 31 ოქტომბერი.

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გეოგრაფიული ზონა:

დ.ა) ტელემაუწყებლობა 24-ე დეციმეტრულ არხზე;

გადამცემის განთავსების ადგილი და გეოგრაფიული კოორდინატები – ბათუმის მწვანე კონცხის სატელევიზიო ანძა N 41041/37//, E 41042/55//;

გადამცემის სიმძლავრე – 100 ვტ;

გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 30მ;

გადამცემი ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი – 5 დბ;

გადამცემი ანტენის მიმართულების აზიმუტი – 2000;

გადამცემი ანტენის დახრის კუთხე - 00;

გადამცემი ანტენის გასხივების დიაგრამა და გაძლიერების კოეფიციენტის შემცირების ცხრილი თან ერთვის.

მაუწყებლობის გეოგრაფიული ზონა – ქ. ბათუმი.

დ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით;

2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 6 საათი;

3.  შპს ”ტელეარხი 25” ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ო) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;

პ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლით გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;

ჟ) „ევროპის რადიოსამაუწყებლო ზონის შესახებ რეგიონალური შეთანხმების (სტოკჰოლმი, 1961)  ზოგიერთი ნაწილის გადასინჯვის ოქმისა“ და „174-230 მჰც და 470-862 მჰც სიხშირის ზოლებში პირველ რაიონში (პირველი რაიონის ნაწილები მდებარეობენ აღმოსავლეთის გრძედის 1700 მერიდიანის დასავლეთით და სამხრეთის განედის 400 პარალელის ჩრდილოეთით, მონღოლეთის ტერიტორიის გამოკლებით) და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ციფრული მიწისზედა რადიოსამაუწყებლო სამსახურის დაგეგმვის შესახებ“ რეგიონალური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის კანონმდებლობით განსაზღვრული თარიღისათვის,  კომისია უფლებამოსილია ამ ლიცენზიის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, განახორციელოს №B29 ლიცენზიის მოდიფიცირება, მათ შორის სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშება რა დროსაც ლიცენზიის მფლობელს არ წარმოეშვება კომისიისგან კომპენსაციის მიღების უფლება, ხოლო ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ამავე პუნქტის საფუძველზე მოდიფიცირებული სალიცენზიო პირობების დაცვით სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელება;

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

4. შპს „ტელეარხი 25“ კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 25,672.50 (ოცდახუთი ათას ექვსას სამოცდათორმეტი და ორმოცდაათი) ლარს.

5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის – 25,672.50 (ოცდახუთი ათას ექვსას სამოცდათორმეტი და ორმოცდაათი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300693062;

2140.00 ლარი – 2012 წლის 29 ნოემბრამდე;

2140.00 ლარი – 2012 წლის 29 დეკემბრამდე;

2140.00 ლარი – 2013 წლის 29 იანვრამდე;

2140.00 ლარი – 2013 წლის 28 თებერვლამდე;

2140.00 ლარი – 2013 წლის 29 მარტამდე;

2140.00 ლარი – 2013 წლის 29 აპრილამდე;

2140.00 ლარი – 2013 წლის 29 მაისამდე;

2140.00 ლარი – 2013 წლის 29 ივნისამდე;

2140.00 ლარი – 2013 წლის 29 ივლისამდე;

2140.00 ლარი – 2013 წლის 29 აგვისტომდე;

2140.00 ლარი – 2013 წლის 29 სექტემბრამდე;

2132.50 ლარი – 2013 წლის 29 ოქტომბრამდე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეარხი 25”-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).

7. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

8. გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეარხი 25”-სთვის ჩაბარებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე–5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2, მე–3, მე-4 და მე–5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                           ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                    ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                    კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                    ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები