წვდომის მენიუ

ინდ.მეწარმე ”მალხაზ ბარამიძისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმეობის შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 687 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2012

მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ხოლო 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების შესრულებას. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია მის/მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 13 სექტემბერს და 11 ოქტომბერს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის (ს.შავგულიძე) მოხსენებითი ბარათები (13.09.2012 N10/951-12; 11.10.2012 N10/1031-12) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის რიგი ნებართვის მფლობელების, მათ შორის ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძის“ მიერ სანებართვო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოხსენებით ბარათში (13.09.2012 N10/951-12) აღნიშნულია, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებულია ნებართვის მფლობელების ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყონ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძეს“ 2012 წლის 20 აგვისტოს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი (N06/1990-12), სადაც ზემოაღნიშნული სანებართვო პირობის შესრულების მიზნით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2012 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით, ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძის“ მიერ არ განხორციელებულა მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონული წერით ასახვა კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათების საფუძველზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის  23 ოქტომბერს  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ კომისიის 2012 წლის 6 მარტის N172/7 გადაწყვეტილებისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF195  ნებართვის სანებართვო პირობების დარღვევის გამო.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 30 ოქტომბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძეს“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (23.10.2012 N03/2499-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძეს“ ჩაბარდა 2012 წლის 24 ოქტომბერს. (შპს „სმარტექსის“ შეტყობინების ბარათი N3459)

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2012 წლის 30 ოქტომბერს, რომელსაც ესწრებოდა ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძე“, რომელმაც კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ მას კომისიის 2012 წლის 20 აგვისტოს წერილი N06/1990-12 ჩაბარდა 2012 წლის 24 აგვისტოს და მან, ბუღალტრის დახმარებით, იმავე დღეს უზრუნველყო ინფორმაციის შეტანა კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, თუმცა როგორც მისთვის კომისიისგან 2012 წლის 23 ოქტომბერს გაგზავნილი შეტყობინებიდან გახდა ცნობილი, აღნიშნული ინფორმაცია რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში არ იქნა ასახული, სავარაუდოდ ტექნიკური პრობლემის გამო და კომისიისგან შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ მან უზრუნველყო ინფორმაციის შეტანა კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძე“ წარმოადგენს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF195 ნებართვის მფლობელს, რომელსაც კომისიის 2012 წლის 6 მარტის N172/7 გადაწყვეტილების შესაბამისად, ნებართვით მინიჭებული აქვს 406.725 მჰც სიხშირე (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. რუსთავში, ერთი წლის ვადით, ტაქსებსა და დისპეჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძეს” კომისიის 2012 წლის 6 მარტის N172/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF195 ნებართვის სანებართვო პირობების შესაბამისად, დაკისრა ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველეყო კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა.

3. ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძეს” კომისიის 2012 წლის 20 აგვისტოს N06/1990-12 წერილით ეცნობა, რომ კომპანიის მიერ არ იყო შესრულებული კომისიის 2012 წლის 6 მარტის N172/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  NF195 ნებართვის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ,  ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძის“ მიერ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, არ იქნა ასახული ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით და კომპანიას მიეცა ვადა 5 სამუშაო დღის ოდენობით, რათა უზრუნველეყო სანებართო პირობის შესრულება. შპს „სმარტექსიდან“ მიღებული N2930 შეტყობინების ბარათის შესაბამისად, ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძეს“ კომისიის აღნიშნული წერილი ჩაბარდა 2012 წლის 24 აგვისტოს.

4. ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძის“ მიერ 2012 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, არ იყო ასახული ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის N10/1124-12 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ინდ. მეწარმე „მალხაზ ბარამიძის“ მიერ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით ასახულ იქნა 2012 წლის 30 ოქტომბერს. ამავე სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძის“ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში შესვლა დაფიქსირებულია 2012 წლის 24 აგვისტოს.

5. ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია, აღნიშნავს შემდეგს:

1. კომისიამ იმსჯელა კომისიის სხდომაზე ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძის“ მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების თაობაზე, ასევე გაითვალისწინა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის რ.ქურდაძის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება, რომ 2012 წლის 24 აგვისტოს მართლაც დაფიქსირდა ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძის“ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში შესვლა, მაგრამ მონაცემები დამახსოვრებული არ იქნა რეესტრში და შესაბამისად, 2012 წლის 30 ოქტომბრამდე ეს მონაცემები არ იყო ასახული კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებით უტყუარად არ დასტურედება, რომ ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძის“ მიერ კომისიის 2012 წლის 20 აგვისტოს N1990-12 წერილის ჩაბარების შემდეგ არ იქნა განხორციელებული ქმედება, რაც დაკავშირებული იყო კომისიის  2012 წლის 6 მარტის N172/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტითა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF195 ნებართვის სანებართვო პირობების შესრულებასთან და ამავე დროს, კომისიას არ აქვს უტყუარი მტკიცებულებები, იმის დასადასტურებლად, რომ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძის“ მიერ 2012 წლის 24 აგვისტოს შეყვანილი მონაცემები დამახსოვრებული და ასახული არ იქნა ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძის“ ბრალეული ქმედებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო უნდა შეწყდეს ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძის“ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.              

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის,  43-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძისთვის“   დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ინდ.მეწარმე „მალხაზ ბარამიძესთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).

კომისიის წევრი                                                      ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                     კ.კვიტაიშვილი                                                 

კომისიის წევრი                                                     ა. სიხარულიძე

                                                                                                                                                           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები