შპს „გლობალ სექიურითისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2012
მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ხოლო 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების შესრულებას. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია მის/მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 13 სექტემბერს და 11 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის (ს.შავგულიძე) მოხსენებითი ბარათები (13.09.2012 N10/951-12; 11.10.2012 N10/1031-12) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის რიგი ნებართვის მფლობელების, მათ შორის შპს „გლობალ სექიურითის“ მიერ სანებართვო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოხსენებით ბარათში (13.09.2012 N10/951-12) აღნიშნულია, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებულია ნებართვის მფლობელების ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყონ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „გლობალ სექიურითის“ 2012 წლის 20 აგვისტოს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი (N06/2013-12), სადაც ზემოაღნიშნული სანებართვო პირობის შესრულების მიზნით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2012 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „გლობალ სექიურითის“ მიერ არ განხორციელებულა მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონული წერით ასახვა კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათების საფუძველზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს „გლობალ სექიურითისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N35/7 გადაწყვეტილებისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF143 ნებართვის სანებართვო პირობების დარღვევის გამო.
საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 30 ოქტომბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „გლობალ სექიურითის“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (23.10.2012 N03/2500-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება შპს „გლობალ სექიურითის“ ჩაბარდა 2012 წლის 24 ოქტომბერს. (შპს „სმარტექსის“ შეტყობინების ბარათი N3455)
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2012 წლის 30 ოქტომბერს, რომელსაც ესწრებოდა შპს „გლობალ სექიურითის“ დირექტორის მოადგილე ლიანა ბენიძე და საქმეთა მმართველი მაია ბარბაქაძე (კომისიის სხდომაზე ლიანა ბენიძის და მაია ბარბაქაძის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შპს „გლობალ სექიურითის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა).
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 25 ოქტომბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „გლობალ სექიურითის“ წერილი N6/6228-12, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია, ახალმა დირექციამ მართვაში გადაიბარა 2012 წლის 13 სექტემბერს და შესაბამისად, ახალი დირექციისთვის არ იყო ცნობილი, რომ შპს „გლობალ სექიურითის“ ჰქონდა ვალდებულება უზრუნველეყო კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიისგან 2012 წლის 24 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების შემდგომ შპს „გლობალ სექიურითის“ ვერ გადაუწყვეტია შეიყვანონ თუ არა მიმღებ-გადამცემი აპარატურის პარამეტრები კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში.
კომისიის 2012 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე ლიანა ბენიძემ განაცხადა, რომ ისინი ესაუბრნენ კომპანიის ძველ ხელმძღვანელობას და დღეის მდგომარეობით მათთვის ცნობილია კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N35/7 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულების თაობაზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიაში ახალი ხელმძღვანელობა არის 2012 წლის 13 სექტემბრიდან, მათთვის 13 სექტემბრამდე აღნიშნული ვალდებულების თაობაზე ცნობილი არ ყოფილა.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „გლობალ სექიურითი“ წარმოადგენს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF143 ნებართვის მფლობელს, რომელსაც კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N35/7 გადაწყვეტილების შესაბამისად, ნებართვით მინიჭებული აქვს 155.850 მჰც, 415.625 მჰც და 420.825 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. შპს ”გლობალ სექიურითის” კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N35/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF143 ნებართვის სანებართვო პირობების შესაბამისად, დაკისრა ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველეყო კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა.
3. შპს ”გლობალ სექიურითის” კომისიის 2012 წლის 20 აგვისტოს N06/2013-12 წერილით ეცნობა, რომ კომპანიის მიერ არ იყო შესრულებული კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N35/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF143 ნებართვის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, შპს ”გლობალ სექიურითის” მიერ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, არ იქნა ასახული ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით და კომპანიას მიეცა ვადა 5 სამუშაო დღის ოდენობით, რათა უზრუნველეყო სანებართო პირობის შესრულება. შპს „სმარტექსიდან“ მიღებული N3025 შეტყობინების ბარათის შესაბამისად, შპს ”გლობალ სექიურითის” კომისიის აღნიშნული წერილი ჩაბარდა 2012 წლის 27 აგვისტოს.
4. შპს ”გლობალ სექიურითის” მიერ 2012 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, არ იქნა ასახული ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის N10/1124-12 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, 2012 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით შპს ”გლობალ სექიურითის” მიერ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, არ არის ასახული ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით.
5. შპს „გლობალ სექიურითის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია, აღნიშნავს შემდეგს:
1. შპს „გლობალ სექიურითის“ მიერ დარღვეულ იქნა კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N35/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF143 ნებართვის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, კომპანიის მიერ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში არ იქნა ასახული ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ კომპანიას 2012 წლის 20 აგვისტოს N06/2013-12 წერილით შეახსენა აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე და განუსაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღის ოდენობით; რაც შეეხება კომპანიის პოზიციას რომ კომპანია ახალმა ხელმძღვანელობამ საქმიანობა გადმოიბარა 2012 წლის 13 სექტემბრიდან და მათთვის არ იყო ცნობილი კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N35/7 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე, აღნიშნული ვერ იქნება გათვალისწინებული კომისიის მიერ, როგორც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის ან დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ნებართვის მფლობელს დააკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით ან მის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად;
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „გლობალ სექიურითის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე დროს, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „გლობალ სექიურითის“ დაეკისროს ჯარიმა 1000.00 (ათასი) ლარის ოდენობით, კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N35/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF143 ნებართვის სანებართვო პირობების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „გლობალ სექიურითიმ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. დაევალოს შპს „გლობალ სექიურითის“ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N35/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF143 ნებართვის სანებართვო პირობების შესრულება და კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით დაუყოვნებლივ ასახვა.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს „გლობალ სექიურითისთვის“ დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე კომისიის უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „გლობალ სექიურითისთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიისწევრი ა.სიხარულიძე
