შპს ”ქართული კაზინოს ჯგუფისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2012
მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ხოლო 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების შესრულებას. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია მის/მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 13 სექტემბერს და 11 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის (ს.შავგულიძე) მოხსენებითი ბარათები(13.09.2012 N10/951-12; 11.10.2012 N10/1031-12) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის რიგი ნებართვის მფლობელების, მათ შორის შპს „ქართული კაზინოს ჯგუფის“ მიერ სანებართვო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოხსენებით ბარათში (13.09.2012 N10/951-12) აღნიშნულია, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებულია ნებართვის მფლობელების ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყონ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ქართული კაზინოს ჯგუფს“ 2012 წლის 20 აგვისტოს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი (N06/2022-12), სადაც ზემოაღნიშნული სანებართვო პირობის შესრულების მიზნით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2012 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „ქართული კაზინოს ჯგუფის“ მიერ არ განხორციელებულა მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონული წერით ასახვა კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათების საფუძველზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ქართული კაზინოს ჯგუფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის N792/7 გადაწყვეტილებისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF130 ნებართვის სანებართვო პირობების დარღვევის გამო.
საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 30 ოქტომბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „ქართული კაზინოს ჯგუფს“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (23.10.2012 N03/2501-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება შპს „ქართული კაზინოს ჯგუფს“ ჩაბარდა 2012 წლის 24 ოქტომბერს. (შპს „სმარტექსის“ შეტყობინების ბარათი N3456)
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2012 წლის 30 ოქტომბერს, რომელზედაც არ გამოცხადებულან შპს „ქართული კაზინოს ჯგუფის“ წარმომადგენლები.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ქართული კაზინოს ჯგუფი“ წარმოადგენს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF130 ნებართვის მფლობელს, რომელსაც კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის N792/7 გადაწყვეტილების შესაბამისად, ნებართვით მინიჭებული აქვს 160.775 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. შპს ”ქართული კაზინოს ჯგუფს” კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის N792/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF130 ნებართვის სანებართვო პირობების შესაბამისად, დაეკისრა ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველეყო კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა.
3. შპს ”ქართული კაზინოს ჯგუფს” კომისიის 2012 წლის 20 აგვისტოს N06/2022-12 წერილით ეცნობა, რომ კომპანიის მიერ არ იყო შესრულებული კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის N792/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF130 ნებართვის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, შპს ”ქართული კაზინოს ჯგუფის” მიერ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, არ იქნა ასახული ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით და კომპანიას მიეცა ვადა 5 სამუშაო დღის ოდენობით, რაცა უზრუნველეყო სანებართო პირობის შესრულება. შპს „სმარტექსიდან“ მიღებული N3030 შეტყობინების ბარათის შესაბამისად, შპს ”ქართული კაზინოს ჯგუფს” კომისიის აღნიშნული წერილი ჩაბარდა 2012 წლის 22 აგვისტოს.
4. შპს ”ქართული კაზინოს ჯგუფის” მიერ 2012 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში არ იქნა ასახული ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით.
5. შპს „ქართული კაზინოს ჯგუფის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის (ს.შავგულიძე) 2012 წლის 29 ოქტომბრის N10/1116-12 და 30 ოქტომბრის N10/1124-12 სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე გამოვლინდა ახალი გარემოება, რაც კომისიისთვის არ იყო ცნობილი სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისთვის; კერძოდ, სამსახურებრივი ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ქართული კაზინოს ჯგუფის“ მიერ ინფორმაცია კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში ასახულ იქნა 2012 წლის 18 სექტემბერს;
კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის (დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ტელეფონოგრამით) მომენტიდან.
კომისიის მიერ შპს „ქართული კაზინოს ჯგუფის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე (შეტყობინება შპს „ქართული კაზინოს ჯგუფს“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე გაეგზავნა 2012 წლის 23 ოქტომბერს და შესაბამისად, დაჯარიმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2012 წლის 23 ოქტომბერს) კომპანიის მიერ უკვე აღმოფხვრილი იყო დარღვევა; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ცნობილი რომ ყოფილიყო კომისიისთვის 2012 წლის 23 ოქტომბერს, როცა კომისიაში დაიწყო სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, კომისია არ დაიწყებდა აღნიშნულ წარმოებას, ვინაიდან 2012 წლის 23 ოქტომბრისთვის არ არსებობდა შპს „ქართული კაზინოს ჯგუფის“ მიმართ სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს დაჯარიმების საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქართული კაზინოს ჯგუფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისთვის სანქცირების საფუძვლის არ არსებობის გამო.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქართული კაზინოს ჯგუფს“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს „ქართული კაზინოს ჯგუფისთვის“ დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ქართული კაზინოს ჯგუფისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
