შპს ”უზავტოსთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2012
მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ხოლო 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების შესრულებას. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია მის/მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 13 სექტემბერს და 11 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის (ს.შავგულიძე) მოხსენებითი ბარათები (13.09.2012 N10/951-12; 11.10.2012 N10/1031-12) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის რიგი ნებართვის მფლობელების, მათ შორის შპს „უზავტოს“ მიერ სანებართვო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოხსენებით ბარათში (13.09.2012 N10/951-12) აღნიშნულია, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებულია ნებართვის მფლობელების ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყონ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „უზავტოს“ 2012 წლის 20 აგვისტოს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი (N06/1966-12), სადაც ზემოაღნიშნული სანებართვო პირობის შესრულების მიზნით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2012 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „უზავტოს“ მიერ არ განხორციელებულა მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონული წერით ასახვა კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათების საფუძველზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს „უზავტოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ კომისიის 2012 წლის 8 ივნისის N395/7 გადაწყვეტილებისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF262 ნებართვის სანებართვო პირობების დარღვევის გამო.
საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 30 ოქტომბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „უზავტოს“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (23.10.2012 N03/2502-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება შპს „უზავტოს“ ჩაბარდა 2012 წლის 24 ოქტომბერს. (შპს „სმარტექსის“ შეტყობინების ბარათი N3457)
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2012 წლის 30 ოქტომბერს, რომელსაც ესწრებოდა შპს „უზავტოს“ იურისტი დავით სოხაშვილი (კომისიის სხდომაზე დავით სოხაშვილის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შპს „უზავტოს“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა), რომელმაც კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში ინფორმაციის ასახვის ვალდებულება ჰქონდა კომპანიის სისტემურ ადმინისტრატორს, რომლის მიერაც ეს ვალდებულება თავის დროზე არ იქნა შესრულებული და სწორედ ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ არ მოხდა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის ასახვა კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში.
დავით სოხაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიამ კომისიისგან მიიღო შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, მათ მიერ 2012 წლის 25 ოქტომბერს შეტანილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში.
დავით სოხაშვილმა კომისიას ასევე სთხოვა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ შპს „უზავტოს“ დამფუძნებელს წარმოადგენს უცხოური კომპანია და შესაბამისად, არ გამოეყენებინა შპს „უზავტოს“ მიმართ სანქცია.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „უზავტო“ წარმოადგენს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF262 ნებართვის მფლობელს, რომელსაც კომისიის 2012 წლის 8 ივნისის N395/7 გადაწყვეტილების შესაბამისად, ნებართვით მინიჭებული აქვს 419.075 მჰც და 424.175 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით, ტაქსებსა და დისპეტჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. შპს ”უზავტოს” კომისიის 2012 წლის 8 ივნისის N395/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF262 ნებართვის სანებართვო პირობების შესაბამისად, დაკისრა ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველეყო კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა.
3. შპს ”უზავტოს” კომისიის 2012 წლის 20 აგვისტოს N06/1966-12 წერილით ეცნობა, რომ კომპანიის მიერ არ იყო შესრულებული კომისიის 2012 წლის 8 ივნისის N395/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF262 ნებართვის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, შპს ”უზავტოს” მიერ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, არ იქნა ასახული ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით და კომპანიას მიეცა ვადა 5 სამუშაო დღის ოდენობით, რათა უზრუნველეყო სანებართო პირობის შესრულება. შპს „სმარტექსიდან“ მიღებული N3000 შეტყობინების ბარათის შესაბამისად, შპს ”უზავტოს” კომისიის აღნიშნული წერილი ჩაბარდა 2012 წლის 22 აგვისტოს, შესაბამისად, შპს „უზავტოს“ კომისიის მიერ დამარებითი ვადის განსაზღვრის შემდეგ, კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ატვირთვის ვალდებულება ჰქონდა 2012 წლის 22 აგვისტოდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
4. შპს ”უზავტოს” მიერ 2012 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, არ იქნა ასახული ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის (ს.შავგულიძე) 2012 წლის 29 ოქტომბრის N10/1116-12 და 30 ოქტომბრის N10/1124-12 სამსახურებრივი ბარათების შესაბამისად, შპს „უზავტოს“ მიერ ინფორმაცია კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში ასახულ იქნა 2012 წლის 25 ოქტომბერს.
5. შპს „უზავტოს“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია, აღნიშნავს შემდეგს:
1. შპს „უზავტოს“ მიერ დარღვეულ იქნა კომისიის 2012 წლის 8 ივნისის N395/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF262 ნებართვის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, კომპანიის მიერ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში არ იქნა ასახული ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ კომპანიას 2012 წლის 20 აგვისტოს N06/2022-12 წერილით შეახსენა აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე და განუსაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღის ოდენობით, შპს „უზავტომ“ ინფორმაცია კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში ასახა 2012 წლის 25 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც შპს „უზავტოს“ მიმართ დაწყებულ იქნა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.
რაც შეეხება კომპანიის წარმომადგენლის პოზიციას რომ 2012 წლის 8 ივნისის N395/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF262 ნებართვის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ კომპანიის სისტემურმა ადმინისტრატორმა არ უზრუნველყო შესაბამისი ინფორმაციის ასახვა კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, აღნიშნული ვერ იქნება გათვალისწინებული კომისიის მიერ, როგორც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის ან დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ნებართვის მფლობელს დააკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით ან მის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად;
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „უზავტოს“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „უზავტოს“ დაეკისროს ჯარიმა 1000.00 (ათასი) ლარის ოდენობით, კომისიის 2012 წლის 8 ივნისის N395/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF262 ნებართვის სანებართვო პირობების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „უზავტომ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს „უზავტოს“ დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე კომისიის უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „უზავტოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
