შპს ”ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიასთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2012
მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ხოლო 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების შესრულებას. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია მის/მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 13 სექტემბერს და 11 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის (ს.შავგულიძე) მოხსენებითი ბარათები (13.09.2012 N10/951-12; 11.10.2012 N10/1031-12) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის რიგი ნებართვის მფლობელების, მათ შორის შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ მიერ სანებართვო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოხსენებით ბარათში (13.09.2012 N10/951-12) აღნიშნულია, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებულია ნებართვის მფლობელების ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყონ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ 2012 წლის 20 აგვისტოს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი (N06/2009-12), სადაც ზემოაღნიშნული სანებართვო პირობის შესრულების მიზნით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2012 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ მიერ არ განხორციელებულა მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონული წერით ასახვა კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათების საფუძველზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ კომისიის 2012 წლის 27 იანვრის N82/7 გადაწყვეტილებისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF163 ნებართვის სანებართვო პირობების დარღვევის გამო.
საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 30 ოქტომბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (23.10.2012 N03/2497-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ ჩაბარდა 2012 წლის 24 ოქტომბერს. (შპს „სმარტექსის“ შეტყობინების ბარათი N3453)
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2012 წლის 30 ოქტომბერს, რომელსაც ესწრებოდა შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ მენეჯერი ირაკლი ყიფშიძე (კომისიის სხდომაზე ირაკლი ყიფშიძის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ მიერ გაცემული მინდობილობა), რომელმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ წერილი 30.10.2012 N184, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ სახელზე 2012 წლის 20 აგვისტოს გაგზავნილი წერილი (N06/2009-12), რომელიც გაიზავნა მისამართზე გუდიაშვილის ქუჩა N4 არ ჩაბარებია, რაც შეეხება შპს „სმარტექსის“ საფოსტო შეტყობინების ბარათში მითითებულ პირს - ი.ჩადუნელს, ვინც ხელს აწერს საფოსტო გზავნილის ჩაბარებაზე, აღნიშნული პირი არ წარმოადგენს შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ თანამშრომელს, შესაბამისად, კომპანია კომისიისგან ითხოვს აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებას და სანქცირების წარმოების შეწყვეტას. ამავე დროს, წერილში აღნიშნულია, რომ შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯია“ მზად არის დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ინფორმაციის ასახვა კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯია“ წარმოადგენს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF163 ნებართვის მფლობელს, რომელსაც კომისიის 2012 წლის 27 იანვრის N82/7 გადაწყვეტილების შესაბამისად, ნებართვით მინიჭებული აქვს 156.900 მჰც სიხშირე ქ. ფოთში, ხოლო 156.475 მჰც სიხშირე ქ. ბათუმში (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც), ერთი წლის ვადით, საზღვაო ხომალდებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. შპს ”ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას” კომისიის 2012 წლის 27 იანვრის N82/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF163 ნებართვის სანებართვო პირობების შესაბამისად, დაკისრა ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველეყო კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა.
შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ კომისიის 2012 წლის 27 იანვრის N82/7 გადაწყვეტილება ჩაბარდა 2012 წლის 16 თებერვალს; შესაბამისად, კომპანიას კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვის ვალდებულება დაეკისრა 2012 წლის 16 თებერვლიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.
3. შპს ”ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას” კომისიის 2012 წლის 28 აგვისტოს N06/2009-12 წერილით ეცნობა, რომ კომპანიის მიერ არ იყო შესრულებული კომისიის 2012 წლის 27 იანვრის N82/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF163 ნებართვის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, შპს ”ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას” მიერ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, არ იქნა ასახული ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით და კომპანიას მიეცა ვადა 5 სამუშაო დღის ოდენობით, რათა უზრუნველეყო სანებართო პირობის შესრულება.
4. შპს ”ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას” მიერ 2012 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, არ იქნა ასახული ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის N10/1124-12 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, 2012 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით შპს ”ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას” მიერ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, არ არის ასახული ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით.
5. შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია, აღნიშნავს შემდეგს:
1. შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ მიერ დარღვეულ იქნა კომისიის 2012 წლის 27 იანვრის N82/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF163 ნებართვის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, კომპანიის მიერ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში არ იქნა ასახული ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით, მიუხედავდ იმისა, რომ კომისიამ კომპანიას 2012 წლის 20 აგვისტოს N06/2009-12 წერილით შეახსენა აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე და განუსაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღის ოდენობით;
შპს „სმარტექსიდან“ მიღებული N3022 შეტყობინების ბარათის შესაბამისად, კომისიის 2012 წლის 20 აგვისტოს N06/2009-12 წერილი, რომელიც გაიგზავნა კომპანიის იურიდიულ მისამართზე: ქ.თბილისი გუდიაშვილის N4 (აღნიშნული მისამართი დარეგისტრირებულია შპს ”ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას” ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ასევე კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რესტრში) კომპანიას ჩაბარდა 2012 წლის 23 აგვისტოს. შპს „სმარტექსის“ N3022 შეტყობინების ბარათს ხელს აწერს კომპანიის ადმინისტრატორი (შეტყობინების ბარათში მითითებულია ი.ჩადუნელის თანამდებობა - ადმინისტრატორი და ასევე პირადი ნომერი N01013300100) და შეტყობინების ბარათში დაფიქსირებულია, რომ შპს ”ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას” კომისიის 2012 წლის 20 აგვისტოს N06/2009-12 წერილი ჩაბარდა 2012 წლის 23 აგვისტოს.
შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს შპს ”ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას” მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას, რომ კომპანიას კომისიის მიერ 2012 წლის 20 აგვისტოს გაგზავნილი წერილი არ ჩაბარებია.
გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ შპს ”ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ კომისიის 2012 წლის 27 იანვრის N82/7 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულების - კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვის ვალდებულება დაეკისრა 2012 წლის 16 თებერვლიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, მას შემდეგ რაც კომპანიას ჩაბარდა კომისიის 2012 წლის 27 იანვრის N82/7 გადაწყვეტილება.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის ან დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ნებართვის მფლობელს დააკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით ან მის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად;
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე დროს, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით ასახვა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ დაეკისროს ჯარიმა 1000.00 (ათასი) ლარის ოდენობით, კომისიის 2012 წლის 27 იანვრის N82/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF163 ნებართვის სანებართვო პირობების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. დაევალოს შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ კომისიის 2012 წლის 27 იანვრის N82/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF163 ნებართვის სანებართვო პირობების შესრულება და კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით დაუყოვნებლივ ასახვა.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიასთვის“ დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე კომისიის უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
