წვდომის მენიუ

შპს „Batumi Media Group“ -სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 697 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2012

მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

                2012 წლის 08 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 08 ოქტომბრის N10/1022-12 მოხსენებითი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „Batumi Media Group“-ის სადამფუძნებლო დოკუმენტში კომისიისთვის წინასწარი შეტყობინებისა და კომისიის წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე განხორციელდა წილის მესაკუთრის ცვლილება 2012 წლის 04 ოქტომბერს, რის შესახებაც კომისიისათვის ცნობილი გახდა შპს „Batumi Media Group“ -ის მიერ კომისიაში 2012 წლის 04 ოქტომბერს წარდგენილი N125 წერილის საფუძველზე. აღნიშნულ წერილზე დართული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ  განხორციელებული ცვლილების თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელმა ფიზიკურმა პირმა დავით შარაშენიძემ თავისი წილი  სრულად გადასცა ფიზიკურ პირ ჯაბა დობორჯგინიძეს.

                2012 წლის 01 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 01 ნოემბრის N10/1138-12 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „Batumi Media Group“ -ის სადამფუძნებლო დოკუმენტში  2012 წლის 08 ივნისსაც იყო განხორციელებული ცვლილება, კერძოდ, 2012 წლის 04 ოქტომბერს შემოსული შპს „Batumi Media Group“ -ის წერილის და მასზე დართული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ განხორციელებული ცვლილებების თანახმად 2012 წლის 08 ივნისს შეიცვალა კომპანიის დირექტორი (მალხაზ მახაჭაძეს ნაცვლად კომპანიის დირექტორად განისაზღვრა გიორგი ძაგნიძე) და აღნიშნულის თაობაზე შპს „Batumi Media Group”-ის მიერ კომისიასი ასევე არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ინფორმაცია.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენაც ხდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. გარდა ამისა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  მონაცემთა შეცვლის შემთხვევაში, (საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი) ავტორიზებული პირი ვალდებულია  კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში  წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2012 წლის 19 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 17 ოქტომბრის  N10/1050-12 სამსახურბრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2012 წლის 15 სექტემბერს შპს „Batumi Media Group“ -ის მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N65  თანდართული მასალით (1 CD დისკი, აბონენტის გადახდის ქვითარი, შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობების ასლები), რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2012 წლის 15 სექტემბერს, შპს „Batumi Media Group“-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: “საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „ტელეარხი 25“, „ახალი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „აჭარა“, „ენკი-ბენკი“, „მზე“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი მეორე არხი“,  „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, „რეალტივი“, „НТВ+Тенис,”  ’’НТВ+ Футбол’’,  ’’365 Дней”,  ’’Перец’’,   „Сарафан“, „ Россия Культура“,  „ПИК“,  „ТНТ“,  „ Шансон ТВ“,  „ Карусель“,  „TV 1000 Русское кино“,    „ НТВ+ Кино плюс“,  „Много ТВ“,   „Боец ТВ“,   „Илюзион+“,   „Феникс кино“,   „Кухня ТВ“,  „ НТВ+ Кино Люкс“,  „НТВ+ Онлаин“,  „НТВ+ Футбол 2“, “Style TV”, “Viasat Sport”, “Fashion TV”, “Explorer”, “RU Music”, “Animal Planet”, “STV”, “RTVi”, “Cartoon Network”, “India TV”, “Zone Romantic”, “Euronews”, “TV 1000 Action”, “TV 21”, “TV 1000”, “Canli”, „C1”, “Eurosport”, “Eurosport 2”. ზემოაღნიშნული არხებიდან შპს „Batumi Media Group“-ს კომისიაში 2012 წლის 15 სექტემბრის  მდგომარეობით არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები: „НТВ+ Тенис,”  “Style TV”,  “Viasat Sport”, ’’НТВ+ Футбол’’,  “Explorer”, ’’Перец’’, “Animal Planet”, “STV”, “RTVi”, „Илюзион+“,   „ТНТ“,  „ Шансон ТВ“,  „ Карусель“,  “TV 1000 Action”, “TV 1000”,  “Canli”,  “Eurosport”, “Eurosport 2”,   „НТВ+ Онлаин“,  „НТВ+ Футбол 2“, „TV 1000 Русское кино“,  „ НТВ+ Кино Люкс“,  „Феникс кино“.  

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 27 მაისის №04/1082 წერილით, შპს  ,,Batumi Media Group”-ს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებულ ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამეტნტის სამსახურებრივი ბარათის (17.10.2012 N10/1050-12) საფუძველზე, ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „Batumi Media Group“-ის წილის შეძენა განხორციელდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე და შპს „Batumi Media Group“-ის მიერ სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილების განხორციელების შემდეგ, კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენის კანონით დადგენილი 7 დღიანი ვადაც დარღვეულია, კომისიაში   ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის 26 ოქტომბერს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან,  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  „Batumi Media Group“-ის   სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2012 წლის 02 ნოემბერს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე  შპს “Batumi Media Group“-ს  ეცნობა შეტყობინებით (26.10.2012 N03/2521-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 02 ნოემბერს კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს ,, Batumi Media Group“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა, კომისიამ შპს „სმარტექსიდან“ მიღებული შეტყობინების ბარათიდან (N3458) გამოარკვია, რომ შეტყობინება შპს „Batumi Media Group“-ს ჩაბარდა 2012 წლის  31 ოქტომბერს, შეტყობინების ბარათს ხელს აწერს მალხაზ აფხაზავა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს ,,Batumi Media Group“-ის  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2012 წლის 08 ოქტომბრის N10/1022-12  მოხესენებითი ბარათი;

2. შპს „Batumi Media Group“-ის  2012 წლის 04 ოქტომბრის წერილი;

3. შპს „Batumi Media Group“-ის  ამონაწერილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის ნომერი 536573, ამონაწერის მომზადების თარიღი 04/10/2012);

4. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2012 წლის 01 ნოემბრის                 N 10/1138-12 სამსახურებრივი ბარათი;

5. შპს „Batumi Media Group“-ის  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის ნომერი 497280, ამონაწერის მომზადების თარიღი 08/06/2012);

6. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 17 ოქტომბრის N10/1050-12 სამსახურებრივი ბარათი;

7. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 15 სექტემბრის შემოწმების აქტი N65;

8. შემოწმების აქტის დანართები (აბონენტის გადახდის ქვითარი, შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობების ასლები);

9. შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);

10. კომისიის 2011 წლის 27 მაისის N04/1082-11 წერილი და ამ წერილის შპს „Batumi Medmia Group“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „Batumi Medmia Group“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 27.05.11, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);

2. 2012 წლის 15  სექტემბერს, 14:30 საათზე განხორციელდა შპს „Batumi Medmia Group“-ის  შემოწმება ქ. ბათუმში, მისამართზე 26 მაისის ქ. N53, ბინა 17 კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტიში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდნენ მოწმეები - ირაკლი გოგიშვილი (პირადი N61001010735) და ნუნუ ღაჟონია (პირადი N61001055729). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N65. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ივანე მახარაძე და მარიამ აროშიძე, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები - ირაკლი გოგიშვილი და ნუნუ ღაჟონია;

3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „Batumi Medmia Group“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: “საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „ტელეარხი 25“, „ახალი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „აჭარა“, „ენკი-ბენკი“, „მზე“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი მეორე არხი“,  „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, „რეალტივი“, „НТВ+Тенис,”  ’’НТВ+ Футбол’’,  ’’365 Дней”,  ’’Перец’’,   „Сарафан“, „ Россия Культура“,  „ПИК“,  „ТНТ“,  „ Шансон ТВ“,  „ Карусель“,  „TV 1000 Русское кино“,    „ НТВ+ Кино плюс“,  „Много ТВ“,   „Боец ТВ“,   „Илюзион+“,   „Феникс кино“,   „Кухня ТВ“,  „ НТВ+ Кино Люкс“,  „НТВ+ Онлаин“,  „НТВ+ Футбол 2“, “Style TV”, “Viasat Sport”, “Fashion TV”, “Explorer”, “RU Music”, “Animal Planet”, “STV”, “RTVi”, “Cartoon Network”, “India TV”, “Zone Romantic”, “Euronews”, “TV 1000 Action”, “TV 21”, “TV 1000”, “Canli”, „C1”, “Eurosport”, “Eurosport 2”.

4. შემოწმების სისწორე დადასტურდა 2012 წლის 15 სექტემბერს N65 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვაილისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

5. 2012 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით ისევე როგორც ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის (02.11.2012) შპს „Batumi Media Group“-ს არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები: „НТВ+ Тенис,”  “Style TV”,  “Viasat Sport”, ’’НТВ+ Футбол’’,  “Explorer”, ’’Перец’’, “Animal Planet”, “STV”, “RTVi”, „Илюзион+“,   „ТНТ“,  „ Шансон ТВ“,  „ Карусель“,  “TV 1000 Action”, “TV 1000”,  “Canli”,  “Eurosport”, “Eurosport 2”,   „НТВ+ Онлаин“,  „НТВ+ Футбол 2“, „TV 1000 Русское кино“,  „ НТВ+ Кино Люкс“,  „Феникс кино“.

6. კომისიის 2011 წლის 27 მაისის N04/1082 წერილით, რომელიც ჩაბარდა ამავე დღეს, შპს „Batumi Media Group“-ს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დაევალა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე, მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებულ ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა;

7. შპს „Batumi Media Group“-ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ წილის გასხვისება, რაც დასტურდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (04.10.2012).

8. წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე შპს „Batumi Media Group”-ს კომისიისთვის წინასწარ არ უცნობებია „ელექტრონული კომუნიკაციების სესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით;

9. შპს  „Batumi Media Group“-ის მიერ 2012 წლის 08 ივნისს სადამფუძნებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, შეიცვალა კომპანიის დირექტორი (მალხაზ მახაჭაძის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა გიორგი ძაგნიძე), აღნიშნულის თაობაზე კომპანიას არ უცნობებია კომისიისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ 7 დღის ვადაში;

10. შპს „Batumi Media Group“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კომისიის 2012 წლის 30 მარტის N260/18 გადაწყვეტილებით გამოყენებული იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული  პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, კერძოდ გაფრთხილება;

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენაც ხდება.

3. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

4. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;

6. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან; 

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემთა შეცვლის შემთხვევაში, ავტორიზებული პირი ვალდებულია  კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში  წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები;

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხების: „НТВ+ Тенис,”  “Style TV”,  “Viasat Sport”, ’’НТВ+ Футбол’’,  “Explorer”, ’’Перец’’, “Animal Planet”, “STV”, “RTVi”, „Илюзион+“,   „ТНТ“,  „ Шансон ТВ“,  „ Карусель“,  “TV 1000 Action”, “TV 1000”,  “Canli”,  “Eurosport”, “Eurosport 2”,   „НТВ+ Онлаин“,  „НТВ+ Футбол 2“, „TV 1000 Русское кино“,  „ НТВ+ Кино Люкс“,  „Феникс кино“,  შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, ასევე კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, წილის გასხვისებით და სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილებების განხორციელების შემდეგ, კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენის კანონით დადგენილი 7 დღიანი ვადის დარღვევით, შპს „Batumi Media Group“-ის მიერ დარღვეულია „ელექტორონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ)  და მ) ქვეპუნქტები და 26-ე მუხლი, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები, რის გამოც მას უნდა დაეკისროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია ჯარიმის სახით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2012 წლის 22 ოქტობრის N 10/1083-12           სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „Batumi Media Group“-ის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5% პროცენტი შეადგენს 3267.12 ლარი, შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ  შპს „Batumi Media Group“-ს, ჯარიმის სახით, უნდა დაეკისროს 3267.12 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „„Batumi Media Group“-ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტრეიტორიაზე სატელევიზიო არხების: „НТВ+ Тенис,”  “Style TV”,  “Viasat Sport”, ’’НТВ+ Футбол’’,  “Explorer”, ’’Перец’’, “Animal Planet”, “STV”, “RTVi”, „Илюзион+“,   „ТНТ“,  „ Шансон ТВ“,  „ Карусель“,  “TV 1000 Action”, “TV 1000”,  “Canli”,  “Eurosport”, “Eurosport 2”,   „НТВ+ Онлаин“,  „НТВ+ Футбол 2“, „TV 1000 Русское кино“,  „ НТВ+ Кино Люкс“,  „Феникс кино“ არამართლზომიერი ტრანზიტი. აგრეთვე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, დაევალოს ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;

ამასთან, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს „Batumi Media Group“-ის მიერ წარმოდგენილი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ‘ა“, „ბ”, „მ“ ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის, 43-ე და 44-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „Batumi Media Group“-ს  დაეკისროს ჯარიმა 3267.12 (სამიათას ორას სამოცდაშვიდი ლარი  და თორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“,  „ბ”, „მ“ ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „Batumi Media Group“-მა   წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300693251

3. უზრუნველყოს შპს „Batumi Media Group“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

4. შპს „Batumi Media Group“-მა  უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „НТВ+ Тенис,”  “Style TV”,  “Viasat Sport”, ’’НТВ+ Футбол’’,  “Explorer”, ’’Перец’’, “Animal Planet”, “STV”, “RTVi”, „Илюзион+“,   „ТНТ“,  „ Шансон ТВ“,  „ Карусель“,  “TV 1000 Action”, “TV 1000”,  “Canli”,  “Eurosport”, “Eurosport 2”,   „НТВ+ Онлаин“,  „НТВ+ Футбол 2“, „TV 1000 Русское кино“,  „ НТВ+ Кино Люкс“,  „Феникс кино“, არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

5. შპს  „Batumi Media Group“-ს დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შეტყობინების წარმოდგენა კომისიაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; კერძოდ,  შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: წილის შეძენის ფორმა; შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული  მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25% ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში - მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „Batumi Media Group“- სათვის  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.  N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „Batumi Media Group“ -სათვის  ჩაბარების დღიდან;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

11. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „Batumi Media Group“ -ის სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5  პუნქტის შესრულებაზე და შპს „Batumi Media Group“-ის მიერ ამ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე);

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები