კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2012
მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (7.11.12. №78/12) მიმართა კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურომ”, სს ,,სილქნეტის” მიერ, მათ შორის 2010 წლის 23 სექტემბერს დადებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებისა და 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმების პირობების დარღვევის თაობაზე, საჩივრის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 23 სექტემბერს, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსა” და სს ,,სილქნეტს” შორის გაფორმდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება, რის შედეგად კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო” გახდა სს ,,სილქნეტის” აბონენტი. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სს ,,სილქნეტმა” აიღო ვალდებულება უზრუნველეყო კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის” ინტერნეტ მომსახურების მიწოდება FOS (512 კბ/წმ) სიჩქარითა და ხარისხით ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის საშუალებით. ამ მიზნით, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურომ” განახორციელა ინდივიდუალური ოპტიკურ ბოჭკოვანი წყვილის ინსტალაციის ღირებულების (2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) გადახდა. ხელშეკრულების დადებიდან 2011 წლის დეკემბრამდე ინტერნეტ მომსახურება ხორციელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ხოლო 2011 წლის დეკემბრიდან ინტერნეტ მომსახურების ხარისხი გაუარესდა. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სს ,,სილქნეტთან” 2011 წლის 5 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება ინტერნეტის მიწოდების FOS სიჩქარის (512 კბ/წმ) G-FOS სიჩქარით (OI32000714) Download 7 mbps – Upload 2,3 Mbps”) შეცვლის თაობაზე, ხოლო ხელშეკრულების სხვა დებულებები უცვლელად დარჩა ძალაში. აღნიშნულის მიუხედავად, 2011 წლის დეკემბრიდან, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთან” შეუთანხმებლად, იდივიდულაური ოპტიკურ - ბოჭკოვანი წყვილით ინტერნეტ მომსახურების მიწოდება კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” შეუწყდა და ინტერნეტი მიეწოდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეებისათვის განკუთვნილი წყვილით, რის შედეგად მომსახურების მიწოდების ხარისხი მკვეთრად გაუარესდა. აღნიშნულის თაობაზე, მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურომ” არაერთხელ, მათ შორის წერილობით (8.08.12) მიმართა სს ,,სილქნეტს”, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. კერძოდ, სს ,,სილქნეტის” წერილობითი პასუხის (№2831/05-8; 20.08.12) თანახმად, 2011 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული № vip-sm/med-10/10 შეთანხების საფუძველზე, 2010 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტ მომსახურების P2P ტექნოლოგია შეიცვალა GPON ტექნოლოგიით, ასევე შეიცვალა ინტერნეტის სიჩქარე და ტარიფები. აღნიშნული, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” განცხადებით, არ შეესაბამება სიმართლეს ვინაიდან:
1. 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმებით არ მომხდარა ინტერნეტ მომსახურების მიწოდების P2P ტექნოლოგიის შეცვლა GPON ტექნოლოგიით;
2. 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმებით, ინტერნეტ მომსახურების მიწოდების სიჩქარე - FOS (512 კბ/წმ; 10 მგ/წმ.) შეიცვალა G-FOS (OI32000714) Download 7 mbps – Upload 2,3 Mbps”) სიჩქარით, ხოლო მომსახურების ტარიფი -197 ლარი შეცვალა 189 ლარით;
3. 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმებაში არ არის საუბარი კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მიერ შეძენილი და დაინსტალირებული ოპტიკურ ბოჭკოვანი წყვილის ან სხვა ნებისმიერი სახის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების და/ან მიღების ტექნოლოგიის ცვლილებების შესახებ;
4. 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმების თანახმად, 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების ყველა დებულება უცვლელად დარჩა ძალაში;
5. 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმებაში საერთოდ არ არის ნახსენები ოპტიკურ ბოჭკოვანი წყვილი და შეთანხმება არ ისახავდა მიზნად ინტერნეტ მომსახურების მიწოდების P2P ტექნოლოგიის GPON ტექნოლოგიით შეცვლას;
6. ტერმინი ,,P2P” წარმოადგენს FOS (512 კბ/წმ; 10 მგ/წმ.) ინტერნეტ სიჩქარისაგან განსხვავებულ ცნებას და აქვს სრულიად სხვა მნიშვნელობა. ტერმინი ,,GPON” არ შეესაბამება ინტერნეტ სიჩქარეს - G-FOS (OI32000714) Download 7 mbps – Upload 2,3 Mbps”). ცნებები ,,P2P” და ,,GPON” წარმოადგენს ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლის მიერ აბონენტისათვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ტექნოლოგიის ორ სხვადასხვა სახეს, ხოლო FOS (512 კბ/წმ; 10 მგ/წმ) და G-FOS (OI32000714) Download 7 mbps – Upload 2,3 Mbps”) წარმოადგენს ინტერნეტ მომსახურების მიწოდების კონკრეტულად განსაზღვრულ სიჩქარეებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტის” მხრიდან ადგილი აქვს მთელ რიგ თვითნებურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რითაც არღვევს მათ შორის დადებული ხელშეკრულების პირობებს და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. შესაბამისად, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო” მოითხოვს:
1. სს ,,სილქნეტს” კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” სასარგებლოდ დაეკისროს 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ოპტიკურ ბოჭკოვანი წყვილის ინსტალაციის ღირებულების 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ანაზღაურება;
2. სს ,,სილქნეტს” კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის” დაევალოს ინტერნეტ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მხარეებს შორის 2011 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული ტექნოლოგიითა და სიჩქარით.
კომისია აღნიშნავს, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” საჩივრის განსახილველად მიღებისა და საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2012 წლის 16 ნოემბერს, რის შესახებ შეტყობინებებით ეცნობათ სს ,,სილქნეტს” და კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. სს ,,სილქნეტს” ასევე გადაეგზავნა კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” საჩივარი, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსა” და სს ,,სილქნეტს” შორის 2010 წლის 23 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებისა და 2011 წლის 5 დეკემბერს დადებული შეთახმების ასლები, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მიერ 2012 წლის 8 აგვისტოს სს ,,სილქნეტისათვის” გაგზავნილი წერილის და აღნიშნულ წერილზე სს ,,სილქნეტის” 2012 წლის 20 აგვისტოს პასუხის ასლები.
2012 წლის 16 ნოემბრის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” წარმომადგენლები ა. დავითულიანი და ი.ალხაზიშვილი და სს ,,სილქნეტის” წარმომადგენელი მ.ქოქაშვილი.
კომისიის სხდომაზე კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საჩივარს და აღნიშნა, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” 2012 წლის 7 ნოემბრის საჩივარი უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად, ვინაიდან იგი შეესაბამება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს. კერძოდ, საჩივარში მითითებულია განმცხადებლისა და მოწინააღმდეგე მხარის მონაცემები, განმცხადებლის მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც ემყარება მხარის მოთხოვნა, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მითითებულ გარემოებებს. ამასთან, ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ხოლო 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ურთიერთობა რეგულირდება ზემოაღნიშნული კანონითა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტით. აღნიშნული რეგლამენტის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მომსახურების გაწევისას ან მომსახურების გაწევით დარღვეული უფლების აღდგენა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ამავე რეგლამენტის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის დარღვეული და სადაოდ ქცეული უფლების აღდგენის საფუძველს წარმოადგენს საჩივარი, რომლის წარდგენის უფლება მომხმარებელს აქვს ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და წარდგენილი საჩივარი შეესაბამება როგორც კანონით, ისე რეგლამენტის 27-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
კომისიის სხდომაზე, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” წარმომადგენელმა მტკიცებულების სახით წარმოადგინა სს ,,სილქნეტის” მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის” მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების მუშაობის ამსახველი ელექტრონული ვიდეო და ფოტომასალა (CD) და განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება ის, რომ სს ,,სილქნეტის” მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის” მიწოდებული ინტერნეტ მომსახურება არ შეესაბამება 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებითა და 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს და იშუამდგომლა აღნიშნული მტკიცებულების ადმინისტრაციული წარმოების მასალაზე დართვა, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილებული იქნა.
კომისიის სხდომაზე, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” წარმომადგენელმა ასევე დააზუსტა საჩივარში მითითებული მოთხოვნები და მოითხოვა:
1. სს ,,სილქნეტს” კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” სასარგებლოდ დაეკისროს 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ოპტიკურ ბოჭკოვანი წყვილის ინსტალაციის ღირებულების 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ანაზღაურება;
2. სს ,,სილქნეტს” კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის” დაევალოს ინტერნეტ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მხარეებს შორის 2011 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული ტექნოლოგიითა და სიჩქარით, მხარეებს შორის 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის საშუალებით.
კომისიის სხდომაზე სს ,,სილქნეტის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ არის წინააღმდეგი კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” საჩივარი განიხილოს კომისიამ.
კომისია აღნიშნავს, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” საჩივრის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, კომისიას მიაჩნია, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” საჩივარი სს ,,სილქნეტის” მიმართ წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სს ,,სილქნეტი”, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასა და ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას. 2010 წლის 23 სექტემბერს, სს ,,სილქნეტსა” და კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” შორის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის შესაბამისად, გაფორმდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რის შედეგად კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო” გახდა სს ,,სილქნეტის” მომხმარებელი.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სს ,,სილქნეტი”, როგორც ,,ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ძ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი, იღებს ვალდებულებას მოახდინოს კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ინტერნეტ მომსახურებით უზრუნველყოფა ანაზღაურების სანაცვლოდ.
კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო” საჩივარში სადაოდ ხდის სს ,,სილქნეტის” მიერ, მათ შორის 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებითა და 2011 წლის 5 დეკემბრის № vip-sm/med-10/10 გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, მისთვის მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხს, სიჩქარეს, ტექნოლოგიას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.
,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე, მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” საჩივრის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს მიღებული და დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსა” და სს ,,სილქნეტს” შორის დავის განხილვის მიზნით. ამასთან, კომისიამ მხარეებს შესთავაზა დავის მორიგებით დასრულებისათვის მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალება.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ვ) და ძ) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” საჩივარზე (6.11.12.; № 78/12) სს ,,სილქნეტის” წინააღმდეგ დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს კომისიაში 2012 წლის 6 დეკემბერს, 16:00 საათზე;
3. საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ე.ჭახრაკია ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ - მომხმარებელ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ინტერესების დასაცავად;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა)2012 წლის 1 დეკემბრამდე წარმოადგინოს დასკვნა:
ა) შეესაბამება თუ არა სს ,,სილქნეტის” მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის” მიწოდებული ინტერნეტ მომსახურება 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებითა და 2011 წლის 5 დეკემბრის № vip-sm/med-10/10 შეთანხებით გათვალისწინებულ პირობებს (ხარისხი, სისწრაფე, ინტერნეტ-მომსახურების ტექნოლოგია და სხვ.);
ბ) სს ,,სილქნეტი” კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ინტერნეტ მომსახურებას აწვდის ინდივიდუალური ოპტიკურ ბოჭკოვანი წყვილის მეშვეობით თუ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარგებლობისათვის განკუთვნილი წყვილის საშუალებით;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ,,სილქნეტის”, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსა” და მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრები: სოფიო ბრიტანჩუკი
კარლო კვიტაიშვილი
ირაკლი მოსეშვილი
