წვდომის მენიუ

შპს „დიაპაზონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 722 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2012

მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2012 წლის 16 აგვისტოს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა იმ პერიოდისთვის კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გიორგი რატიშვილის 2012 წლის 16 აგვისტოს N10/864-12 სამსახურებრივი ბარათი და ასაევე 2012 წლის 14 აგვისტოს შემოწმების აქტი N63 თანდართული მასალით ( 2 CD, აბონენტის გადახდის ქვითარი, შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობების ასლები); N63 შემოწმების აქტისა და თანდართული ადმინიტრაციული წარმოების მასალების თანახმად ირკვევა, რომ 2012 წლის 14 აგვისტოს, შპს „დიაპაზონი“ საკუთარი საკაბელო ქსელით, კომისიაში შესაბამისი ხელშეკრულებების წარმოდგენის გარეშე, ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „ახალი არხი“, „პირველი საზოგადოებრივი“, „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „აჭარა“, „იმედი“, „საქართველო“, „მაესტრო“, “TV 1000”,  “RV Music”, “Fashion TV”, “TV 1000 Русское кино“,   „ Мир“, „ ТРО“,  „ ТНТ“.                                        „                                                                                                                              კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 24 აგვისტოს შპს „დიაპაზონს“ გაეგზავნა შეტყობინება N03/2142-12, რომლის თანახმად შპს „დიაპაზონს“ მოეთხოვა, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის მიზნით, სამი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველეყო ზემოაღნიშნული არხების რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენა. შეტყობინება შპს „დიაპაზონს“ ჩაბარდა 2012 წლის 17 სექტემბერს, რასაც ადასტურებს შპს „სმარტექსის“ შეტყობინების ბარათი N 2979 (შეტყობინების ბარათს ხელს აწერს შპს „დიაპაზონის“ დირექტორი მირზა ბოლქვაძე პ. ნ N61006023231). შპს „დიაპაზონს“ კომისიაში 2012 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, არ წარმოუდგენია აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე  რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, რასაც ადასტურებს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 14 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათი N10/1187-12. აღნიშნული კი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევას, რაც თავის მხრივ ხელს უშლის კომისიას განახორციელოს მასზე დაკისრებული კანონისმიერი უფლებამოსილებები.                                                                                                                       ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის 7 ნოემბერს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,დიაპაზონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების  თაობაზე;  საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის  16 ნოემბერს,  რის თაობაზეც შპს ,,დიაპაზონს” ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (07.11.2012, N03/2622-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების  წარმოდგენის, აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის და  გამოთხოვის უფლება. ამავე დროს, შპს „დიაპაზონს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები სრულად.  შპს „დიაპაზონს“ შეტყობინება ჩაბარდა 2012 წლის 14 ნოემბერს, რასაც ადასტურებს შპს „სმარტექსის“ შეტყობინების ბარათი N3565 (შეტყობინების ბარათს ხელს აწერს შპს „დიაპაზონის“ დირექტორი მირზა ბოლქვაძე პ. ნ N61006023231).

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 16 ნოემბერს კომისიის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს “დიაპაზონის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც როგორც, შპს „სმარტექსიდან“ მიღებული ინფორმაციით დასტურდება, ჩაბარდა კომისიის მიერ 2012 წლის 7 ნოემბერს გაგზავნილი შეტყობინება, კერძოდ, შეტყობინება ჩაბარდა  მირზა ბოლქვაძეს, რაც დასტურდება შეტყობინების ასლზე მისი ხელმოწერით; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინიტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „დიაპაზონის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 16 აგვისტოს N10/864-12 სამსახურებრივი ბარათი;

2.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2012 წლის 14 აგვისტოს შედგენილი შემოწმების აქტი N63;

3.       შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი (CD);

4.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 14 ნოემბრის N 10/1187-12  სამსახურებრივი ბარათი;

5.       კომისიის მიერ შპს „დიაპაზონისთვის“ გაგზავნილი  2012 წლის 24 აგვისტოს შეტყობინება;

6.        კომისიის მიერ შპს „დიაპაზონისთვის“ გაგზავნილი 2012 წლის 7 ნოემბრის შეტყობინება;

7.       შპს „დიაპაზონის“ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრიდან;

8.       შპს „დიაპაზონის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის ნომერი 482729, ამონაწერის მომზადების თარიღი 04/05/2012);

9.       შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადომის მოწმობების ასლები;

10.    აბონენტის გადახდის ქვითარი;

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       შპს „დიაპაზონი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 11/05/2012, ავტორიზებული საქმიანობის სახე - ტელემაუწყებლობის ტრანზიტი); 

2.       2012 წლის 14 აგვისტოს, 13:49 საათზე, შპს „დიაპაზონის“ ოფისში, მისამართზე: დაბა ხელაჩაური, აღმაშენებლის ქ.N48, იმ პერიოდისათვის კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის ვ. შუღლიაშვილის მონაწილეობითა და მოწმეების  რევაზ შარაშიძის და  ნოდარ ფარტენაძის თანდასწრებით  განხორციელდა შპს „დიაპაზონის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც შედგა შემოწმების აქტი N63. შემოწმების აქტს ხელს აწერენ მოწმეები - რევაზ შარაშიძე და ნოდარ ფარტენაძე,  იმ პერიოდისთვის კომისიის  აპარატის  მაუწყებლობის  რეგულირების  დეპარტამენტის  უფროსი გ. რატიშვილი,  ამავე დეპარტამენეტის სპეციალისტი ვ. შუღლიაშვილი;

3.       შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „დიაპაზონი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა შემდეგ სამაუწყებლო არხების: „ახალი არხი“, „პირველი საზოგადოებრივი“, „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „აჭარა“, „იმედი“, „საქართველო“, „მაესტრო“, TV 1000”,  “RV Music”, “Fashion TV”, “TV 1000 Русское кино“,   „ Мир“, „ ТРО“,        „ТНТ“ რეტრანსლირებას; 2012 წლის 14 აგვისტოს N63 შემოწმების აქტი შედგენილია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად; შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება, როგორც 2012 წლის 14 აგვისტოს N63 შემოწმების აქტით, ისე მოწმეების ხელისმოწერებით;

4.       კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს შეტყობინებით, რომელიც შპს „დიაპაზონს“ ჩაბარდა 2012 წლის 17 სექტემბერს, შპს „დიაპაზონს“ საქმის ფაქტობრივი გარემოებების, ყოველმხირვ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის, კერძოდ, ზემოაღნიშნული არხების ტრანზიტის მართლზომიერების დადგენის მიზნით დაევალა, სამი სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველეყო ზემოაღნიშნული არხების რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების წარმოდგენა კომისიაში;

5.       2012 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით შპს „დიაპაზონს“ არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები: „ახალი არხი“, „პირველი საზოგადოებრივი“, „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „აჭარა“, „იმედი“, „საქართველო“, „მაესტრო“, “TV 1000”,  “RV Music”, “Fashion TV”, “TV 1000 Русское кино“,   „ Мир“, „ ТРО“,  „ТНТ“;

6.       შპს „დიაპაზონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა;

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:

1.                   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; 

2.                   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

3.                   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  სატელევიზიო არხების:  „ახალი არხი“, „პირველი საზოგადოებრივი“, „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „აჭარა“, „იმედი“, „საქართველო“, „მაესტრო“, “TV 1000”,  “RV Music”, “Fashion TV”, “TV 1000 Русское кино“,   „ Мир“, „ ТРО“,  „ ТНТ“  სამომხმარებლო პაკეტში ჩასმამდე და საკაბელო ქსელით გავრცელებამდე, რეტრანსლირებაზე უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების  კომისიაში  წარმოუდგენლობით შპს ,,დიაპაზონის“  მიერ დაირღვა  ,,ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, რის გამოც მას უნდა დაეკისროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია გაფთხილების სახით.

კომისია აღნიშნავს, კომისიის მიერ მასზე კანონმდებლობით დაკისრებული სპეციალური უფლებამოსილებების განხორციელების დაბრკოლების აღმოსაფხვრელად, შპს “დიაპაზონს“ უნდა დაევალოს სატელევიზიო არხების:  „ახალი არხი“, „პირველი საზოგადოებრივი“, „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „აჭარა“, „იმედი“, „საქართველო“, „მაესტრო“, “TV 1000”,  “RV Music”, “Fashion TV”, “TV 1000 Русское кино“,   „ Мир“, „ ТРО“,  „ ТНТ“ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა, ამ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ‘ა“, „ბ” ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1 . შპს „დიაპაზონს“  მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების  დარღვევის გამო;

2. შპს „დიაპაზონს“ დაევალოს სატელევიზიო არხების:  „ახალი არხი“, „პირველი საზოგადოებრივი“, „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „აჭარა“, „იმედი“, „საქართველო“, „მაესტრო“, “TV 1000”,  “RV Music”, “Fashion TV”, “TV 1000 Русское кино“,   „ Мир“, „ ТРО“,  „ ТНТ“ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა, ამ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,დიაპაზონისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „დიაპაზონისთვის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,დიაპაზონისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                               ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                               ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები