შპს ,,ახალი ტექნოლოგიებისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2012
მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 7 ნოემბერს, შემდგომი შესწავლისა და რეაგირების მიზნით, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ი.ხარებავას 2012 წლის 6 ნოემბრის №10/1146-12 სამსახურებრივი ბარათი, შპს ,,ახალი ტექნოლოგიების” 2012 წლის 24 ოქტომბრის წერილი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის 2012 წლის 13 ივლისის №479/11 გადაწყვეტილებით მიღებული წინასწარი თანხმობის საფუძველზე, 2012 წლის 3 აგვისტოს განხორციელდა ცვლილება შპს ,,ახალი ტექნოლოგიების” პარტნიორთა შემადგენლობაში. კერძოდ, შპს ,,ახალი ტექნოლოგიების“ წილის 100%-იანი წილის მფლობელმა, ფიზიკურმა პირმა მიხეილ სამხარაძემ, წილის 34% გაასხვისა ფიზიკურ პირ ნიკოლოზ ალასანიაზე, წილის 33% ფიზიკურ პირ ევგენი ქორქიაზე, ხოლო წილის 33% ფიზიკურ პირ დავით პატარქალიშვილიზე. ამის გარდა, შეიცვალა შპს ,,ახალი ტექნოლოგიების” იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, კერძოდ იურიდიული მისამართი ნაცვლად ქ. თბილისი, ტ.ტაბიძის ქუჩა №58, გახდა - ქ.თბილისი, ს.კანდელაკის ქ.№21, ბინა №65. აღნიშნული ცვლილებების თაობაზე, შპს ,,ახალმა ტექნოლოგიებმა” კომისიას აცნობა არა ცვლილებების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, არამედ 2012 წლის 24 ოქტომბერს.
ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 12 ნოემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ახალი ტექნოლოგიებისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 16 ნოემბერს, რის შესახებ შპს ,,ახალ ტექნოლოგიებს” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებასთან ერთად, მას ასევე გადაეგზავნა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ი.ხარებავას 2012 წლის 6 ნოემბრის №10/1146-12 სამსახურებრივი ბარათი, შპს ,,ახალი ტექნოლოგიების” 2012 წლის 24 ოქტომბრის წერილი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 16 ნოემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ახალი ტექნოლოგიების” წარმომადგენელი გ.სალია, რომელმაც აღიარა შპს ,,ახალი ტექნოლოგიების” მიერ სამართალდარღვევა.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ი.ხარებავას 2012 წლის 6 ნოემბრის №10/1146-12 სამსახურებრივი ბარათი;
2. შპს ,,ახალი ტექნოლოგიების” 2012 წლის 24 ოქტომბრის წერილი;
3. შპს ,,ახალი ტექნოლოგიების” წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმატება;
4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ახალი ტექნოლოგიების” შესახებ ამონაწერები.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ახალი ტექნოლოგიები” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე - ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება), შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ის ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. 2012 წლის 3 აგვისტოს, შპს ,,ახალი ტექნოლოგიების” წილის 100%-იანი წილის მფლობელმა, ფიზიკურმა პირმა მიხეილ სამხარაძემ, წილის 34% გაასხვისა ფიზიკურ პირ ნიკოლოზ ალასანიაზე, წილის 33% ფიზიკურ პირ ევგენი ქორქიაზე, ხოლო წილის 33% ფიზიკურ პირ დავით პატარქალიშვილიზე. ამის გარდა, შეიცვალა შპს ,,ახალი ტექნოლოგიების” იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, კერძოდ იურიდიული მისამართი ნაცვლად ქ. თბილისი, ტ.ტაბიძის ქუჩა №58, გახდა - ქ.თბილისი, ს.კანდელაკის ქ.№21, ბინა №65. აღნიშნული ცვლილებების თაობაზე, შპს ,,ახალმა ტექნოლოგიებმა” კომისიას აცნობა არა ცვლილებების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, არამედ 2012 წლის 24 ოქტომბერს;
3. შპს ,,ახალი ტექნოლოგიების” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, ხოლო მ) ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს იურიდიული პირის საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ წილის მფლობელთა, იურიდიული პირის იურიდიული მისამართისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემების ცვლილებების თაობაზე, შპს ,,ახალ ტექნოლოგიებს” კომისიისათვის უნდა ეცნობებინა ცვლილებების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად მის მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,ახალი ტექნოლოგიების” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის,შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ახალი ტექნოლოგიებს” მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ახალი ტექნოლოგიებისათვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს ,,ახალი ტექნოლოგიებისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ახალი ტექნოლოგიებისათვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
