წვდომის მენიუ

შპს ,,კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

ნომერი: 724 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2012

მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის   მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 9 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათი, 2012 წლის 9 ნოემბერს შედგენილ კომისიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N000204 ოქმთან ერთად. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ირკვევა, რომ კომისიაში 2012 წლის 26 ივლისს და 18 სექტემბერს შემოსულია სს ,,სილქნეტის“ წერილები (N6/3982-12; N6/5298-12), რომელთა შესაბამისად, კომპანია ითხოვს, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი კავკასუს ტვ-ს ვიდეოთეკის შემოწმებას. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ, კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრის უწყებრივი რეესტრის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ არ აქვს გავლილი ავტორიზაცია გამოძახებითი აუდიო-ვიზუალურ მომსახურებაზე (video on demand, B.F.6).ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2012 წლის 9 ნოემბერს განხორციელდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შემოწმება და შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000204.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების   დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N000204 ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  მიერ შედგენილ იქნა 2012 წლის 9 ნოემბერს, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს, შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2012 წლის 16 ნოემბერი,   16:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ,,კავკასუს ონლაინს. მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2012 წლის 16 ნოემბერს. კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი გიორგი ჭელიძე, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის 2012 წლის 9 ნოემბრის N10/1171-12 სამსახურებრივი ბარათი;

2.       კომისიის 2012 წლის 9 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000204;

3.       შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური მასალა- CD.

4.       კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2012 წლის 9 ნოემბრის     N10/1168-12  სამსახურებრივი ბარათი;

5.       შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

6.       სს ,,სილქნეტის“ მიერ კომისიაში 2012 წლის 26 ივლისს და 18 სექტემბერს შემოტანილი  წერილები (N6/3982-12; N6/5298-12);

7.       შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება 2012 წლის 16 ნოემბრის კომისიის სხდომაზე.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

   
   
   

1.                შპს ,,კავკასუს ონლაინს“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს 2005 წლის 29 სექტემბრიდან. მას ავტორიზება გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების მიწოდების შემდეგ სახეებზე:

 A.F.1

 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის  ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა;

 

A.F.2  

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;

A.F.3

  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;

A.F.4

  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა;

A.F.5

  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა;

A.F.6

  საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა;

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა;

A.S.1

თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და  საშუალებებით უზრუნველყოფა;

B.F.1

  ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება;

B.F.2

  ინტერნეტ მომსახურება.

     
     
     
     
     
     
     
     
     
     

2.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000204 ოქმი, შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მახარაძე და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ჭელიძე;

3.       კომისიის 2012 წლის 9 ნოემბრის N000204 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიდან, ირკვევა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინი“ მის კუთვნილ ,,კავკასუს ტვ“ -ს მომხმარებელს, აძლევს საშუალებას ისარგებლოს ვიდეოთეკით, რაც წარმოადგენს გამოძახებით აუდიო-ვიზუალურ მომსახურებას;

4.       შპს ,,კავკასუს ონლაინს“ არ აქვს გავლილი ავტორიზაცია გამოძახებით აუდიო-ვიზუალურ მომსახურებაზე (video on demand);

5.       საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არა აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე  მუხლით.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.       „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) პუნქტის თანახმად,  ავტორიზაცია არის კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების  განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით;

2.       ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;

3.       ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ხორციელდება მომხმარებლებისათვის, გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურების მიწოდება, რაც წარმოადგენს ავტორიზებად საქმიანობას ,,ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N408/21 გადაწყვეტილების შესაბამისად და რაზედაც შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ავტორიზაცია არ აქვს გავლილი, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით; ამავე დროს, მას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს ავტორიზაციის გარეშე გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურების გაწევა მომხმარებლებისათვის.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის, 1441 მუხლის პირველი ნაწილის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15, მე-18 პუნქტების, 38-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.       შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;

2.       უზრუნველყოს შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

           - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

           - ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

           - სახაზინო კოდი -  300693251;

3.        დაევალოს შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;

4.       შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ავტორიზაციის გარეშე გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურების გაწევა მომხმარებლებისათვის;

5.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ,,კავკასუს ონლაინისათვის“;

6.       დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე კომისიის უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

7.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) 10 დღის ვადაში;

8.       გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის გადაწყვეტილების შპს ,,კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარებისთანავე;

9.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

10.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს      (ი. მახარაძე);

11.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

12.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                      ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                     ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები