ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ შპს ავია კომპანია ”დარიას” განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2012
მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ავიაკომპანია ”დარიამ” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/559-12, 29.10.12) და მოითხოვა მისთვის კომისიის 2011 წლის 2 დეკემბრის N704/15 გადაწყვეტილებით მინიჭებული ნუმერაციის რესურსის - 902 006 005 მინიჭების ვადის გაგრძელება ან უვადოდ სარგებლობაში გადაცემა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ავიაკომპანია ”დარიას” კომისიის 2011 წლის 2 დეკემბრის №704/15 გადაწყვეტილებით დამატებითი ფასიანი მომსახურებისთვის, არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი 902 006 005 ერთი წლის ვადით - 2012 წლის 2 დეკემბრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში 2011 წლის 20 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების (საქართველოს კანონი №5546-რს) შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 1 თებერვლიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით.
2. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ასევე უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.
3. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნუმერაციის რესურსი არაავტორიზებულ პირებს ნებართვის გარეშე ენიჭებათ შემდეგ შემთხვევებში:
ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ - უვადოდ;
ბ) საზოგადოებრივი (ევრონომერი) სამსახურებითვის (რომლის სრული ფორმატი 6 ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე) - შესაბამისი საქმიანობის ვადით;
გ) საინფორმაციო-საცნობარო (ევრონომერი) სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 5 ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე) - შესაბამისი საქმიანობის ვადით;
დ) საფოსტო კავშირით მომსახურების განმახორციელებლ პირებს საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის (რომლის სრული ფორმატი 5 ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე) - შესაბამისი საქმიანობის ვადით;
ე) რკინიგზის სადგურების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტებს საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 4 ციფრიანი) - შესაბამისი საქმიანობის ვადით.
4. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ დანართი N2-ისა და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსი ფორმატით 902 XXX XXX გათვალისწინებულია ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის და ექვემდებარება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ავიაკომპანია ”დარია” არ წარმოადგენს კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელზედაც აღნიშნული დებულების შესაბამისად, შესაძლებელია ნუმერაციის რესურსის მინიჭება; ამავე დროს, კომპანია არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა ნუმერაციის რესურსის ნებართვის გაცემა ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას შპს ავიაკომპანია ”დარიას” მის მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსის მინიჭებაზე და არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ავიაკომპანია ”დარიას” 2012 წლის 29 ოქტომბრის №7/559-12 განცხადება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს ავიაკომპანია ”დარიას” ნუმერაციის რესურსის მინიჭებაზე და მინიჭების თაობაზე 2012 წლის 29 ოქტომბრის №7/559-12 განცხადების დაკმაყოფილებაზე;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ავიაკომპანია ”დარიასთვის” ჩაბარებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
