წვდომის მენიუ

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის განხილვის შესახებ

ნომერი: 729 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2012

მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2012

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (17.10.2012 N6/5997-12) მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (შემდგომში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“) ააიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (შემდგომში „საზოგადოებრივი მაუწყებელი“) მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე.

კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 28 სექტემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოითხოვა 2012 წლის 29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი სოციალური რეკლამის სატელევიზიო ბადეში განთავსება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩაბარდა 2012 წლის 5 ოქტომბერს, შესაბამისად, მისი გაშვების ვალდებულება ამ დროიდან წარმოიშვა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული 2012 წლის 8 ოქტომბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აცნობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომ მათ მიერ მიწოდებული ვიდეო რგოლი არ წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას, ვინაიდან არ აკმაყოფილებდა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ7“ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და შესაბამისად, უარი უთხრა სარეკლამო რგოლის ეთერში განთავსებაზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიიჩნია, რომ საზოგადეობრივ მაუწყებელს არ ჰქონდა უფლება შეეფასებინა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი რეკლამის შინაარსი და შესაბამისად, მას არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის წარდგენილი სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კომისიისგან ითხოვს შესაბამისი ზომების მიღებას, კერძოდ,

მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი:

1. კომისიამ განუმარტოს საზოგადოებრივ მაუწყებელს სოციალური რეკლამის განთავსების წესი;

2. კომისიამ დაავალოს საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  სოციალური რეკლამის გაშვება;

3. კომისიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო დააკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ 2012 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე იმსჯელა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე, და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, 70-ე მუხლის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 და 21-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება N681/23 რომლის შესაბამისადაც, წარმოებაში იქნა მიღებული ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი (17.10.2012 N6/5997-12) საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ და დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით. კომისიის 2012 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ნათია კაპანაძემ დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს:

1.    კომისიამ განუმარტოს საზოგადოებრივ მაუწყებელს სოციალური რეკლამის განთავსების წესი;

2. კომისიამ დაავალოს საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  სოციალური რეკლამის გაშვება 1 თვის განმავლობაში;

3. კომისიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო დააკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა.

                კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის მიზნით, ზეპირი მოსმენა კომისიაში გაიმართა 2012 წლის 14 ნოემბერს 16:00 საათზე; ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ნათია კაპანაძე და მარიამ გოგოსაშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი დიმიტრი ბერძენიშვილი.               

კომისია აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, მხარი დაუჭირა საჩივარში ჩამოყალიბებულ პოზიციას; კერძოდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარში აღნიშნულია, რომ:

2012 წლის 28 სექტემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოითხოვა 2012 წლის 29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი სოციალური რეკლამის სატელევიზიო ბადეში განთავსება. საჩივარში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩაბარდა 2012 წლის 5 ოქტომბერს, შესაბამისად მისი გაშვების ვალდებულება ამ დროიდან წარმოიშვა. როგორც საჩივარშია აღნიშნული, 2012 წლის 8 ოქტომბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აცნობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომ მათ მიერ მიწოდებული ვიდეო რგოლი არ წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას, ვინაიდან არ აკმაყოფილებდა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ7“ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და შესაბამისად, უარი უთხრა სარეკლამო რგოლის ეთერში განთავსებაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განუმარტა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ის ვალდებული იყო გაეშვა სოციალური რეკლამა იმგვარად, რომ არ გამოეკვლია და არ ჩარეულიყო რგოლის შინაარსში, ვინაიდან ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 1 საათში არანაკლებ 60 წამისა.  ამავე კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ,,მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე.“

                საჩივარში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეახსენა საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 21 ოქტომბრის N551/12 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ განცხადების განხილვისა და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, სადაც მითითებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელის პოზიცია, კერძოდ, რომ  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხს არ აგებს სოციალური რეკლამის შინაარსზე. სოციალური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება რეკლამის დამკვეთს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელს მიაჩნდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ რეკლამის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ, საფუძველს მოკლებულია.

                როგორც საჩივარშია აღნიშნული, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ თუ პირველ შემთხვევაში (საუბარია 2011 წლის 18 სექტემბრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით გაშვებულ სოციალურ რეკლამაზე) საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შინაარსში ჩაურევლად მოხდა სოციალური რეკლამის გაშვება, რომლის შინაარსზეც საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხისმგებელი არ იყო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  მიერ წარმოდგენილ სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გამოიყენოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება დისკრიმინაციული მიდგომა სხვადასხვა სუბიექტებისათვის, რაც თავისთავად წარმოადგენს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა კიდევ ერთ დარღვევას.

როგორც საჩივარშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებელს არ ევალება სოციალური რეკლამის შინაარსში შესვლა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განუმარტა საზოგადოებრივ მაუწყებელს,  თუ რატომ წარმოადგენდა მათ მიერ მიწოდებული ვიდეო რგოლი სოციალურ რეკლამას, კერძოდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს, რომ სარეკლამო რგოლი:

1. მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ: ის ემსახურება სამოქალაქო საზოგადოების განათლებისა და ცოდნის ამაღლებას, რაც გამოიხატება ინფორმაციის მიწოდებაში იმის თაობაზე, რომ წამების აკრძალვა აბსოლიტური უფლებაა, სახელმწიფო ვალდებულია გამოიძიოს, გამოძიება უნდა იყოს სწრაფი და ეფექტური; ამასთანავე ინფორმირებას იმის თაობაზე, რომ საზოგადოება მოითხოვს რომ გამოძიებულ იქნეს გარკვეული შემთხვევები და გამოძიების შედეგების შესაბამისად დადგეს ან არ დადგეს კონკრეტულ პირთა სისხლისსამართლებრივი თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების განათლებისა და ცოდნის ამაღლება უდავოდ საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობასა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევას ემსხურება.

2. აღნიშნული რეკლამა არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა: ის არ აკმაყოფილებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ნ“ და ,,ჰ14“ პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

3. რეკლამა არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას: სოციალური რგოლი მიმართულია მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებისკენ, რომ წამების აკრძალვა აბსოლიტური უფლებაა.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მათ მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელში წარდგენილი რეკლამა სოციალურია.

საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებებთან დაკავშირებით, მათ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ეცნობათ, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მართალია, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში არ ამოწმებს წარმოდგენილი სარეკლამო რგოლის შინაარსს და უპირობოდ ანთავსებს მას ეთერში. საზოგადოებრივი მაუწყებლის განმარტებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  მიერ წარდგენილ ვიდეო რგოლში წამების აკრძალვასა და სახელმწიფოს მხრიდან ფაქტების გამოძიებაზე ზოგადი მითითებების გარდა, პირდაპირ აღნიშნულია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის შესახებ და მითითებულია, რომ საზოგადოება და ასობით პატიმარი მოითხოვს მათ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას; შესაბამისად, ჩამოთვლილია ამ პირთა ვინაობა და ნაჩვენებია მათი ფოტოსურათები. ამდენად, საზოგადოებრივი მაუწყებლის უარი წარმოდგენილი ვიდეო რგოლის ეთერში გაშვებაზე განპირობებული იყო არა მხოლოდ იმით, რომ რგოლის შინაარსი არ აკმაყოფილებდა ,,მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, არამედ იმითაც, რომ არ დარღვეულიყო ხსენებულ პირთა მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი შესაბამისი სტანდარტები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კონტექსტიდან იღებს კონკრეტულ ფრაზებს და განმარტავს ისე, რომ უდავოდ იჭრება რეკლამის შინაარსში.

საჩივარში აღნიშნულია, რომ ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

„1. სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

2. სოციალურ რეკლამაში არ უნდა იყოს მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს.“

                აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მაუწყებელმა უნდა შეამოწმოს წარდგენილი სოციალური რეკლამა ხომ არ არის კომერციული ან წინასაარჩევნო, აგრეთვე ხომ არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. მაუწყებელმა უნდა შეამოწმოს, რომ სარეკლამო რგოლში არ იყოს მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს. იმ შემთხვევაში თუ სოციალურ რეკლამაში არ არის აღნიშნული ნიშნები, მაუწყებელი ვალდებულია გაუშვას ის. მას არ აქვს უფლება შევიდეს შინაარსში და იკვლიოს შეესაბამება თუ არა ეს რეკლამა ,,მაუწყებლობის შესახებ“ და ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების მიერ განმარტებული სოციალური რეკლამის შინაარს. 

კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მითითებას აკეთებს ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ,,სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;

ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია;

გ) უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ორგანოებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.“

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ რეკლამის შინაარსში შეჭრის უფლება არა მხოლოდ მაუწყებელს, არამედ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც არ გააჩნია. ის მხოლოდ რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების,  აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კონტექსტიდან ამოღებული ფრაზით ადგენს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მათ მიერ წარმოდგენილ რეკლამაში აშკარად ჩანს, რომ საზოგადოება ითხოვს მოხდეს გამოძიება და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება კონკრეტული პირების ბრალეულობის დადგენა, მოხდეს მათი დასჯა. ამდენად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ შეუძლებელია დარღვეულ იქნას უდანაშუალობის პრეზუმცია მათ მიერ მომზადებული ვიდეო რგოლით.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მათ მიერ მომზადებული რგოლი წარმოადგენს ფაქტის დაფიქსირებას, რომ გამოძიება, ეს არის საზოგადოების სურვილი. საზოგადოებრივი აქტივობა ჩანს კიდეც სოციალური რეკლამის დასაწყისა და ბოლოს.  ამ ასპექტიდან გამომდინარე, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, კიდევ ერთხელ იკვეთება წარმოდგენილი რგოლის მიზანი -  სამოქალაქო საზოგადოების განათლება და ცოდნის ამაღლება. სარეკლამო რგოლში მითითებულია, რომ  საჭიროა თითეული ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს სრულყოფილი და ობიექტური  გამოძიება. ამასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ რგოლში არ არის დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფცია, ვიანიდან სარეკლამო რგოლში საუბარია მხოლოდ თანამდებობის პირების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რადგან მათ ეკისრებათ კიდეც ვალდებულება გააკონტროლონ მათსავე უწყებაში საქართველოს კანონმდებლობის შესრულება. აღნიშნული მოსაზრების დამადასტურებლად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;

გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;

ამდენად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ სოციალური რგოლის მიზანია, რომ მარტივ, გასაგებ ენაზე მისცეს განათლება საზოგადოებას ისეთ სამართლებრივ საკითხზე, როგორიცაა წამების აკრძალვა და  მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლოგო სარეკლამო რგოლის დასასრულს მოყვანილია იმის დასადასტურებლად, რომ  სოციალურ რგოლში გაკეთებული განმარტებები სამართლებრივია, მომზადებულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ და წარმოადგენს კანონის ნორმათა ერთგვარ, მარტივ ინტერპრეტაციას.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ სადაო სარეკლამო რგოლი, ეთერში განთავსების მიზნით მათ ასევე წარადგინეს სხვა მაუწყებლებთან, რომლებმაც უპირობოდ გაუშვეს იგი სამაუწყებლო ეთერში, შესაბამისად, ეს რგოლი ერთი თვის მანძილზე გადიოდა სხვადასხვა მაუწყებლების ეთერით და  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის ამ სარეკლამო რგოლში აღნიშნულ არც ერთ პირს არ მიუმართავს მისი უფლების დარღვევის თაობაზე პრეტენზიებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ დარღვეულ იქნა ,,მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

კომისიის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საზოგადეობრივი მაუწყებელი თავის საქმიანობას ახორციელებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ საფუძველზე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს იმ შინაარსობრივ ვალდებულებებს, რისი დაცვაც აუცილებელი და სავალდებულოა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ  კოდექსის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, მაუწყებლობის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებები, მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი,  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ სხვა საკანონმდებლო აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კოდექსის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად ისე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად ხელშეუხებელი იყოს. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-3 მუხლი განსაზღვრავს იმ პრინციპებს, რომელიც დაცული უნდა იქნას მაუწყებლის მიერ, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ კოდექსის მიზანია,  ყველა სახის მაუწყებელი განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებელი თანაბარი პასუხისმგებლობით მოეკიდოს პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვასა და საზოგადოების წინაშე  ანგარიშვალდებულებას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ზნეობისა და ადამიანური ღირებულებების დასაცავად, საზოგადოებრივი თანხმობისა და ტოლერანტობის განსამტკიცებლად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის უარი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ეთერში, სოციალური რეკლამის სახით გაშვებასთან დაკავშირებით განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ აღნიშნულ რგოლში, სადაც საუბარია კონკრეტული საჯარო მოხელეებისა თუ პოლიტიკური თანამდებობის პირების პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პასუხიმგებლობაზე, ნაჩვენებია მათი სურათები და დასახელებულია სახელები და გვარები,  არღვევს ამ პირთა უდანაშაულობის პრეზუმფციას. საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტსა და  „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის შინაარსზე, ეს არ გულისხმობს იმას, რომ მაუწებელმა უპირობოდ უნდა გაუშვას მისთვის წარდგენილი სარეკლამო რგოლი, და არ უნდა შეამოწმოს სარეკლამო რგოლის შინაარსი, კერძოდ, შეესაბამება თუ არა ეს რგოლი  სოციალური რეკლამისთვის კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვინაიდან მათი შეფასებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი რგოლი არღვევდა საქართველო კონსტიტუციით გათვალისწინებულ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს, მათ უარი განაცხადეს აღნიშნული რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში გაშვებაზე. დავით ბერძენიშვულმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაკორექტირდებოდა მათ მიერ წარდგენილი ვოდეო რგოლი და ამოღებულ იქნებოდა კონკრეტული საჯარო მოხელეების, თუ პოლიტიკური თანამდებობის პირების ფოტოსურათები, ასევე არ გაკეთდებოდა მითითება მათ სახელებსა და გვარებზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნულ ვოდეო რგოლს განათავსებდა სამაუწყებლო ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით, ვინაიდან სხვა სახის პრეტენზიები ამ ვიდეო რგოლთან მიმართებაში  საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს და მიაჩნია, რომ წამების აკრძალვის აბსოლუტური უფლების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება შესაძლებელია ემსახურებოდეს საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობის მიზანს.

                კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. 2012 წლის 28 სექტემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით (გ-01/177-12) მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოითხოვა 2012 წლის 29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი სოციალური რეკლამის სატელევიზიო ბადეში განთავსება; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩაბარდა 2012 წლის 5 ოქტომბერს.

2. 2012 წლის 8 ოქტომბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წერილობით (N3578/01) აცნობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომ მათ მიერ მიწოდებული ვიდეო რგოლი არ წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას, ვინაიდან არ აკმაყოფილებდა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და შესაბამისად, უარი უთხრა სარეკლამო რგოლის ეთერში განთავსებაზე.

3. 2012 წლის 8 ოქტომბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წერილით (გ-01/181-12), ერთი მხრივ,  განუმარტა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ამ უკანასკნელს არ ჰქონდა სარეკლამო რგოლის შინაარსში ჩარევის უფლება და, მეორე მხრივ, განუმარტა ის სამართლებრივი გარემოებები, რის საფუძველზედაც მათ მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლი წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას;

4. 2012 წლის 11 ოქტომბერს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წერილობით (N3636/01) აცნობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, თუ რატომ არ წარმოადგენდა მათ მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლი სოციალურ რეკლამას და კვლავ უარი განაცხადა აღნიშნული რგოლის სოციალურ რეკლამის სტატუსით ეთერში განთავსებაზე;

5. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი სანქცია.

დავის განხილვისას გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმები:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი განმარტებულია როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თავისი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული სამაუწყებლო პროდუქციის გადაცემას, რომელიც სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს ერთდროულად ხელმისაწვდომია მაყურებლისთვის/მსმენელისთვის;

2. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

3. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:

„1. სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

2. სოციალურ რეკლამაში არ უნდა იყოს მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები),აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს.“

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკლამა განმარტებულია, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.

6. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

7. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;

ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია;

8. „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულნი არიან ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ  1 საათში არანაკლებ 60 წამისა.           

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.                       

12. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს რეკლამის დამკვეთს, მწარმოებელსა და გამავრცელებელს; კერძოდ, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისათვის; ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,  რეკლამის მწარმოებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარეკლამო ინფორმაციას მზა სახეს აძლევს განთავსებისა და გავრცელებისათვის, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის გამავრცელებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განათავსებს და/ან ავრცელებს რეკლამას ქონების (მათ შორის, რადიო და ტელემაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის არხების, საეთერო დროის და სხვა საშუალებების) გამოყენებით.

13. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ცალ-ცალკე ადგენს პასუხისმგებლობის ფარგლებს რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლისა და გამავრცელებლისთვის, კერძოდ: რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეკლამის დამკვეთი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის შინაარსზე, თუ არ დამტკიცდა, რომ ეს დარღვევა მოხდა რეკლამის მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიზეზით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის მწარმოებელი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გაფორმებას, წარმოებას ან მომზადებას, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის გამავრცელებელი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გავრცელების დროს, ადგილს ან საშუალებებს.

კომისია, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებულ პირთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებების შესწავლისა და მათი მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეფასების შედეგად აღნიშნავს შემდეგს:

ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების არსებით, განუყოფელ  ნაწილს. უდანაშაულობის პრეზუმფცია აღიარებულია ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს პრინციპად, რომელიც არსებითად წარმოადგენს სახელმწიფოს თვითშეზღუდვას პიროვნებასთან მიმართებაში. იგი მოწოდებულია დაიცვას ადამიანი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ზემოქმედებისგან. შესაბამისად, კომისია ვერ იმსჯელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის განმარტებაში აღნიშნული საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით, ვინაიდან, კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი შეიძლება დარღვეულ იქნას მხოლოდ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების და არა კერძო პირების მიერ;

ბ) ვინაიდან კომისიის სპეციალური უფლებამოსილებები შემოიფარგლება მხოლოდ სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვაზე ზედამხედველობითა და კონტროლით,  „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან გამომდინარე, კომისიის რეგულაციური კომპეტენცია ვრცელდება მხოლოდ რეკლამის გამავრცელებელზე, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე;

გ) კომისია მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე და წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს, აღნიშნული არ გულისხმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას უპირობოდ განათავსოს ეთერში მისთვის, ამ შემთხვევაში სოციალური რეკლამის სტატუსით წარდგენილი ვიდეო რგოლი. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შეაფასოს სარეკლამო რგოლი აკმაყოფილებს თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტითა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონები ითვალისწინებს სამი სახის - კომერციული, წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის არსებობას, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა:

ა) უნდა იხელმძღვანელოს „მაწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული კომერციული და წინასაარჩევნო რეკლამის განმარტებებით და გამორიცხვის მეთოდის გამოყენებით უნდა იმსჯელოს მასთან წარდგენილი სარეკლამო რგოლი ხომ არ წარმოადგენს კომერციულ, ან წინასაარჩევნო რეკლამას;

ბ) სარეკლამო რგოლის შეფასებისას უნდა იმსჯელოს მიმართულია თუ არა მასთან წარდგენილი სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ და ხომ არ შეიცავს აღნიშნული სარეკლამო რგოლი კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

გ) უნდა გადაამოწმოს სარეკლამო რგოლში ხომ არ არის მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს.  

                თუ აღნიშნულის შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წარდგენილი სარეკლამო რგოლი არ წარმოადგენს კომერციულ ან წინასაარჩევნო რეკლამას, აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7  პუნქტითა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შინაარსობრივად მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია რეკლამის შინაარსის შეფასების გარეშე, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 1 საათში არანაკლებ 60 წამისა.

შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის შეფასება უნდა მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი კუთხით, კერძოდ სარეკლამო რგოლი აკმაყოფილებს თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით სოციალური რეკლამისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამის შინაარსში ჩარევა კი დაუშვებელია.

კომისია დამატებით მიუთითებს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელის მიერ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გაკეთებულ ახსნა-განმარტებაზე, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა აღნიშნა რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის  მიერ შემოწმებულ იქნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან და დადგინდა, რომ სარეკლამო რგოლი აკმაყოფილებდა სოციალური რეკლამისთვის დადგენილ კრიტეტიუმებს და ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემობა, რის გამოც ამ უკანასკნელმა უარი უთხრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ეთერში გაშვებაზე, იყო მათი შეფასებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. მოცემულ დავაში, კომისიის აზრით, გამოიკვეთა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე უარი ეფუძნება სწორედ სარეკლამო რგოლის შინაარსობრივ შეფასებას, რაც არ გამომდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმიდან, რომლის შესაბამისადაც მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს; შესაბამისად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის უარი დაუსაბუთებელია.

                კომისია დამატებით მიუთითებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ განცხადების განხილვისა და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ კომისიის 2011 წლის 21 ოქტომბრის N551/12 გადაწყვეტილებაზე, სადაც დაფიქსირებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელის განმარტება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ შეაფასებდა მასთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, სოციალური რეკლამის სტატუსით წარდგენილი ვიდეო რგოლის შინაარსს, ვინაიდან “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხს არ აგებს სოციალური რეკლამის შინაარსზე და სოციალური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება რეკლამის დამკვეთს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. კომისიის 2011 წლის 21 ოქტომბრის N551/12 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დავაში ასევე იკვეთება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა და დისკრიმინაციული მიდგომა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი და

1. საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა განემარტოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ეთერში განთავსების მიზნით წარდგენილ იქნება ვიდეო რგოლი სოციალური რეკლამის სტატუსით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია სამართლებრივი კუთხით შეისწავლოს აღნიშნული ვიდეო რგოლი აკმაყოფილებს თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტითა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, კერძოდ, სარეკლამო რგოლი ხომ არ წარმოადგენს კომერციულ, ან წინასაარჩევნო რეკლამას, მიმართულია თუ არა იგი საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ და ხომ არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას, სარეკლამო რგოლში ხომ არ არის მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს. თუ აღნიშნულის შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მაუწყებლისთვის წარდგენილი სარეკლამო რგოლი არ წარმოადგენს კომერციულ ან წინასაარჩევნო რეკლამას, აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7  პუნქტითა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შინაარსობრივად მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განათავსოს სოციალური რეკლამა არადისკრიმინაციულად, რეკლამის შინაარსის შეფასების გარეშე.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება.

3. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაინტერესებული პირის კანონიერი უფლების აღდგენისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებელს უნდა დაეკისროს ვალდებულება, უზრუნველყოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2012 წლის 28 სექტემბერს (წერილი Nგ-01/177-12) სოციალური რეკლამის სტატუსით წარდგენილი ვიდეო რგოლის შესწავლა წინამდემარე გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაკეთებული განმარტებების გათვალისწინებით და ერთი თვის განმავლობაში, სოციალური რეკლამის სტატუსის მქონე ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ეთერში განთავსება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით;

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 მე-4 და მე-6 პუნქტების, 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, მე-171 და 21-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაკმაყოფილდეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი (17.10.2012 N6/5997-12);

2. განემარტოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ეთერში განთავსების მიზნით წარდგენილ იქნება ვიდეო რგოლი სოციალური რეკლამის სტატუსით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია სამართლებრივი კუთხით შეისწავლოს აღნიშნული ვიდეო რგოლი აკმაყოფილებს თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტითა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, კერძოდ, სარეკლამო რგოლი ხომ არ წარმოადგენს კომერციულ, ან წინასაარჩევნო რეკლამას, მიმართულია თუ არა იგი საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ და ხომ არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას, სარეკლამო რგოლში ხომ არ არის მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს. თუ აღნიშნულის შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მაუწყებლისთვის წარდგენილი სარეკლამო რგოლი არ წარმოადგენს კომერციულ ან წინასაარჩევნო რეკლამას, აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7  პუნქტითა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შინაარსობრივად მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია იმოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკლამის შინაარსის შეფასების გარეშე.

2. მიეცეს გაფრთხილება საზოგადოებრივი მაუწყებელს  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.

3. უზრუნველყოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2012 წლის 28 სექტემბერს (წერილი Nგ-01/177-12) სოციალური რეკლამის სტატუსით წარდგენილი ვიდეო რგოლის შესწავლა წინამდემარე გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაკეთებული განმარტებების გათვალისწინებით და სარეკლამო რგოლის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტითა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრული კრიტერიუმებით შეფასების საფუძველზე, უზრუნველყოს ერთი თვის განმავლობაში, სოციალური რეკლამის სამაუწყებლო ეთერში განთავსება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების  გაგზავნა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის (ნ.ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) 1 თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ახალგზრდა იურისტთა ასოციაციისთვის ჩაბარებისთანავე;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაკისრებული სანქციის თაობაზე უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე)

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა)

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).    

კომისიის თავმჯდომარის

                მოვალეობის შემსრულებელი                                                    კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრები                                                                                           ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები