წვდომის მენიუ

შპს ”ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N67 და № N68 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 07 ივლისის №300/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 73 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2012

მიღების თარიღი იანვარი 20, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (№7/917-11, 13.12.2011წ.; №7/933-11, 16.12.2011წ.; №7/935-11, 19.12.2011წ.; №7/967-11, 27.12.2011წ.; №7/968-11, 27.12.2011წ. და №6/77-12, 12.01.2012წ.) მომართა შპს ”ახალმა ქსელებმა”, კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N67 და № N68  ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ,             შპს ”ახალი ქსელები” თმობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილს და იტოვებს:

ა) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N67 ლიცენზიიდან - 2016 სააბონენტო ნომერს;

ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N68 ლიცენზიიდან - 3200 სააბონენტო ნომერს;

შპს ”ახალი ქსელების” ზემოაღნიშნულ განცხადებას (№6/77-12, 12.01.2012წ.) თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებელზე დატანილი ნუმერაციის რესურსის განშლები, ლიცენზიების ნომრებისა და შპს ”ახალი ქსელების” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.

კომისიის 2006 წლის 7 ივლისის  № 300/1 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”ახალი ქსელები” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N67 და № N68 ლიცენზიებს, რომელიც მოდიფიცირდა კომისიის 2011 წლის 15 მარტის №124/2 გადაწყვეტილებით და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები:

”გ) ლიცენზიის № N67

გ.ა.) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 4XXXX ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან -24XXXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად;

გ.ბ.) გეოგრაფიული ზონა: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი;

გ.გ.) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 07.07.2016 წ- მდე;

 გ.დ.) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

გ.ე.) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან”.

”დ)  ლიცენზიის № N68

დ.ა.) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 40XXX-44XXX ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 240XXX-244XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად;

 დ.ბ.) გეოგრაფიული ზონა: ქ. ფოთი

 დ.გ.) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 07.07.2016 წ- მდე;

დ.დ.) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ.ე.) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან”.

 

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

 

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N67 და № N68  ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 07 ივლისის №300/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 17 თებერვალს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ახალი ქსელებისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ”ახალი ქსელებისთვის”  ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები