წვდომის მენიუ

ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 736 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2012

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2012 წლის 12 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (ი.მახარაძე, მ.აროშიძე) 2012 წლის  7 ნოემბრის №10/1159 სამსახურებრივი ბარათი  და  2012  წლის 1 ნოემბრის №66 შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ 2012 წლის 1 ნოემბერს, ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძე ახორციელებდა სამაუწყებლო არხების: ,,იმერვიზია”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი”, ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,მეცხრე არხი”, ,,აჭარა”, ,,Карусель”, ,,СТС”, ,,НТВ +”, ,,НТВ+ Онлаин”,  ,,НТВ+ Футбол”,  ,,ТВ3”, ,,Rei Music”, ,,National Geographic”, ,,Discovery Channel” საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემას (ტრანზიტს). 2012 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ინდივიდუალურ მეწარმე ნუგზარ სხირტლაძეს კომისიაში არ წარმოუდგენია აღნიშნული სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.). 

კომისია აღნიშნავს, როდესაც პირი მაუწყებლობის ტრანზიტზე გადის ავტორიზაციას,  კომისიაში დაცული უწყებრივი რეესტრის ამონაწერთან ერთად მას გადაეცემა კომისიის 2011 წლის 27 მაისის №04/1082-11 წერილის ასლი, რომლითაც მას განემარტება, რომ ავტორიზებული საქმიანობის პრაქტიკულად დაწყებამდე, მან კომისიაში უნდა წარმოადგინოს მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული სამომხმარებლო პაკეტებსა და საკაბელო ქსელებში განთავსებული ადგილობრივი ან უცხოური სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები ან საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელის სანებართვო წერილი). აღნიშნული წერილი ინდივიდუალურ მეწარმე ზურაბ სხირტლაძეს ჩაბარდა ავტორიზაციის გავლისას, 2011 წლის 8 ივნისს, რასაც ის ადასტურებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერზე ხელმოწერით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2012 წლის 27 თებერვალს წერილობით (N04/462-12) მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი უნდა განხორციელდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მოპოვებული უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ/დისტრიბუტორ/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ / დისტრიბუტორ / წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის / დისტრიბუციის / წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე. აღნიშნული წერილი ინდივიდუალურ მეწარმე ზურაბ სხირტლაძეს ჩაბარდა 2012 წლის 29 თებერვალს, რაც დასტურდება შპს ,,სმარტექსის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით (№556)  საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის 15 ნოემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის  22 ნოემბერს,  რის თაობაზეც ინდივიდუალურ მეწარმე ზურაბ სხირტლაძეს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებასთან ერთად მას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები, კერძოდ, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (10/1159-12; 7.11.12) და 2012 წლის 1 ნოემბრის შემოწმების აქტი №66. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ  2012 წლის  20 ნოემბერს  ინდივიდუალურ მეწარმეს ზურაბ სხირტლაძეს  დაზღვეული საფოსტო გზავნილით ჩაბარდა შეტყობინება (საფოსტო ქვითარი №3727), მისი წარმომადგენელი 2012 წლის 22 ნოემბრის კომისიის სხდომაზე  არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, ვინაიდან მის მიერ სრულად არის შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 7 ნოემბრის №10/1159-12  სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012  წლის  1 ნოემბრის შემოწმების აქტი №66;

3. კომისიის 2011 წლის 27 მაისის №04/1082-11 წერილი;

4. ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძის ხელმოწერა ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის ამონაწერზე კომისიის 2011 წლის 27 მაისის №04/1082-11 წერილის მისთვის გადაცემის თაობაზე;

5. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილი და ამ წერილის ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძესთვის 2012 წლის 29 თებერვალს ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი №556;

6. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

7. კომისიის მიერ ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძისთვის 2012 წლის 15 ნოემბერს გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი №3727.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძე არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 08.06.11., ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);

2.  2012 წლის 1 ნოემბერს, 12:10 საათზე, ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძის სათაო ოფისში (მის: ქ. ჭიათურა, ნინოშვილის ქ. №18), კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსულებლის ი.მახარაძესა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის მ.აროშიძის მიერ, ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძისა და ლიდა წერეთელის მონაწილეობით, განხორციელდა ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №66.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ი.მახარაძე, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი მ.აროშიძე, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე პირები: ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძე და მოწმე ლიდა წერეთელი;

3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძე  საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,იმერვიზია”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი”, ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,მეცხრე არხი”, ,,აჭარა”, ,,Карусель”, ,,СТС”, ,,НТВ +”, ,,НТВ+ Онлаин”,  ,,НТВ+ Футбол”,  ,,ТВ3”, ,,Rei Music”, ,,National Geographic”, ,,Discovery Channel”;

4. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც 2012 წლის 1 ნოემბრის №66 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად; 

5. ინდივიდუალურ მეწარმე ზურაბ სხირტლაძეს კომისიაში ავტორიზაციის გავლისის გადაეცა კომისიის 2011 წლის 27 მაისის №04/1082-11 წერილი, რომლითაც მას ეთხოვა ავტორიზებული საქმიანობის პრაქტიკულად დაწყებამდე, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული სამომხმარებლო პაკეტებსა და საკაბელო ქსელებში განთავსებული ადგილობრივი ან უცხოური სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან საავტორო და მომიჯნვაე უფლების მფლობელის სანებართვო წერილი) კომისიაში წარმოდგენა;

6. ინდივიდუალურ მეწარმე ზურაბ სხირტლაძეს კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით განემარტა, რომ ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი უნდა განხორციელდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მოპოვებული უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ/დისტრიბუტორ/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ / დისტრიბუტორ / წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის / დისტრიბუციის / წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე. აღნიშნული წერილი ინდივიდუალურ მეწარმე ზურაბ სხირტლაძეს ჩაბარდა 2012 წლის 29 თებერვალს, რაც დასტურდება შპს ,,სმარტექსის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით (№556)  საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ;

7. 2012 წლის 16 ნოემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მთელი რიგი არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის  22 ნოემბერს,  რის თაობაზეც ინდივიდუალურ მეწარმე ზურაბ სხირტლაძეს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებასთან ერთად მას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები, კერძოდ, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (10/1159-12; 7.11.12) და 2012 წლის 1 ნოემბრის შემოწმების აქტი №66. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

8. კომისიის მიერ ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძისთვის 2012 წლის 15 ნოემბერს გაგზავნილი შეტყობინება, თანდართულ მასალებთან ერთად, ინდ.მეწარმე ზურაბ სხირტლაძეს ჩაბარდა 2012 წლის 20 ნოემბერს  (ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი №3727). შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძისთვის ცნობილი იყო, მის მიერ მთელი რიგი არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, თუმცა კომისიის სხდომაზე ინდივიდუალურ მეწარმე ზურაბ სხირტლაძეს არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია მის მიერ გადაცემული არხების რეტრანსლირების უფლების თაობაზე;

9.    2012 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით, ინდივიდუალურ მეწარმე ზურაბ სხირტლაძეს კომისიაში არ წარმოუდგენია მის მიერ გადაცემულ არც ერთ სატელევიზიო არხზე რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები);

10. ინდივიდუალურ მეწარმე ზურაბ სხირტლაძის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი.

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით დართონ თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ბერნის კონვენციისა და ისმო-ს ხელშეკრულების  აღნიშნულ დანაწესთან სრულ თანხმობაშია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,იმერვიზია”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი”, ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,მეცხრე არხი”, ,,აჭარა”, ,,Карусель”, ,,СТС”, ,,НТВ +”, ,,НТВ+ Онлаин”,  ,,НТВ+ Футбол”,  ,,ТВ3”, ,,Rei Music”, ,,National Geographic”, ,,Discovery Channel”  შესაბამისი ხელშეკრულებისა ან/და სანებართვო წერილის  გარეშე, უცველელი სახით გადაცემით ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძის მიერ დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს  ჯარიმა. ვინაიდან, ინდ.მეწარმე ზურაბ სხირტლაძის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ინდივიდუალურ მეწარმე ზურაბ სხირტლაძეს უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო არხების: ,,იმერვიზია”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი”, ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,მეცხრე არხი”, ,,აჭარა”, ,,Карусель”, ,,СТС”, ,,НТВ +”, ,,НТВ+ Онлаин”,  ,,НТВ+ Футбол”,  ,,ТВ3”, ,,Rei Music”, ,,National Geographic”, ,,Discovery Channel”-ის არამართლზომიერი გადაცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძეს მიეცეს გაფრთხილება ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

2. ინდივიდუალურმა მეწარმემ ზურაბ სხირტლაძემ  უზრუნველყოს  სამაუწყებლო არხების: ,,იმერვიზია”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი”, ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,მეცხრე არხი”, ,,აჭარა”, ,,Карусель”, ,,СТС”, ,,НТВ +”, ,,НТВ+ Онлаин”,  ,,НТВ+ Футбол”,  ,,ТВ3”, ,,Rei Music”, ,,National Geographic”, ,,Discovery Channel” -ის  არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ.მეწარმე ზურაბ სხირტლაძესთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) ერთი თვის ვადაში წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ სხირტლაძესთვის  ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3  პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             კარლო კვიტაიშვილი        

კომისიის წევრი                                                                                       სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                       ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                       აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები