წვდომის მენიუ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 739 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2012

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია") განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №3/76-12, 21.11.12) მომართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 2012 წლის 26 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი ევროკავშირის უმაღლესი კომისარის, ქალბატონი ქეთრინ ეშტონის,  ვიზიტთან დაკავშირებით რადიოკავშირისთვის სიხშირის მინიჭების თაობაზე.  

კომისია აღნიშნავს, რომ  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს კომისია ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით გამოყენებისათვის. ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ  26 ნოემბერს, საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი კომისარის ვიზიტთან  დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს ნებართვა ერთი  დღის ვადით.

კომისიის მიერ ნებართვით გაცემული სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის  და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ  უნდა  გადაეცეს  სხვა პირს.

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლები, გარდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსი ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განთავისუფლებულია სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.                   მიეცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა   F374  და მიენიჭოს სიხშირე  დანართში  (თან ერთვის)  მითითებული  პარამეტრის   მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე, ერთი დღის ვადით 26 ნოემბერს, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. აღირიცხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;   

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის  ჩაბარებისთანავე;

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                                                       კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012  წლის  22  ნოემბრის   №              გადაწყვეტილების

                                                                                                                                                                                დანართი  

სამუშაო სიხშირეები

   

     413.925  მჰც

               

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები