შპს ”ივერია ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N107 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 12 ოქტომბრის № 575/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2012
მიღების თარიღი იანვარი 20, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№7/28-12, 12.01.2012წ.) მომართა შპს ”ივერია ქსელმა” კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N107 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”ივერია ქსელი” თმობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილს და იტოვებს - 6116 სააბონენტო ნომერს;
შპს ”ივერია ქსელის” ზემოაღნიშნულ განცხადებას (№7/28-12, 12.01.2012წ.) თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებელზე დატანილი ნუმერაციის რესურსის განშლა, ლიცენზიის ნომრისა და შპს ”ივერია ქსელის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.
კომისიის 2007 წლის 12 ოქტომბრის № 575/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”ივერია ქსელი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N107 ლიცენზიას, რომელიც მოდიფიცირდა კომისიის 2011 წლის 15 მარტის №124/2 გადაწყვეტილებით და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 5XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 25XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;”
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 12 ოქტომბრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ივერია ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N107 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 12 ოქტომბრის № 575/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 17 თებერვალს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ივერია ქსელისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”ივერია ქსელისთვის” ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
