შპს „ტელეკომპანია საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; ამავე კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2012 წლის 19 ნოემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N10/1208-12), სადაც აღნიშნულია, რომ 2012 წლის 16 ნოემბერს კომისიას განცხადებით (N6/6587-12) მომართა შპს „ტელეკომპანია საქართველომ“ და აცნობა კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე; კერძოდ, 2012 წლის 31 ოქტომბერს კომპანიის დამფუძნებელმა იაგო ჩოჩელმა თავისი კუთვნილი 100%-იანი წილიდან 51% გაასხვისა გიორგი ყარამანიშვილზე, ხოლო 49% ლევან ყარამანიშვილზე. ამავე დროს, შპს „ტელეკომპანია საქართველომ“ კომისიას 2012 წლის 16 ნოემბერს მომართა განცხადებით (N7/599-12) ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (26.11.2012 N10/1229-12; 26.11.2012 10/1237-12) სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ მიერ, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2012 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით კომისიაში შესაბამისობის დეკლარაცია წარმოდგენილი არ არის და არც კომპანიის ვებ გვერდზეა ატვირთული.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტების ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 26 ნოემბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, სანქცირების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 30 ნოემბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (26.10.2012 N03/2737-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 30 ნოემბრის კომისიის სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო, შესაბამისად, საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 4 დეკემბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ეცნობა განმეორებითი შეტყობინებით (03.12.2012 N03/2803-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2012 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ წარმომადგენელი ვლადიმერ ამანათიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია დამფუძნებლების ცვლილებების თაობაზე, მაგრამ კომისიაში შესაბამისობის დეკლარაცია არ წარმოუდგენია; რაც შეეხება შესაბამისობის დეკლარაციის განთავსებას კომპანიის ვებ გვერდზე, კომპანიის ვებ გვერდი დროებით გათიშულია და სწორედ ამის გამო ვერ განხორციელდა შესაბამისობის დეკლარაციის ვებ გვერდზე ატვირთვა; ამავე დროს, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია აღარ აპირებს მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის განხორციელებას და სწორედ ამ მიზნით კომისიაში წარმოდგენილი აქვს განცხადება მაუწყებლობაზე ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (19.11.2012 N10/1208-12; 29.11.2012 N10/1262-12);
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (26.11.2012 N10/1229-12; 26.11.2012 N10/1237-12; 28.11.2012 N10/1254-12);
3. შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ წერილები (სამეწარმეო რეესტრში ცვლილების განხორციელებისა და ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე 16.11.2012 N6/6587-12; 16.11.2012 N7/599-12);
4. შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (31/10/2012 15:19:50 განაცხადის N544404; განაცხადის რეგისტრაციის NB12119404; 13/11/2012 15:58:34 განაცხადის N548576; განაცხადის რეგისტრაციის NB12123415; 22/11/2012 14:53:10 განაცხადის N551243; განაცხადის რეგისტრაციის NB12125994 );
5. შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
6. კომისიის მიერ შპს „ტელეკომპანია საქართველოსთვის“ გაგზავნილი შეტყობინებები 26.11.2012 -N03/2737-12; 03.12.2012 N03/2803-12;
7. კომისიის სხდომაზე შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ტელეკომპანია საქართველო“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიაში გავლილი აქვს ავტორიზაცია საერთო ტელემაუწყებლობის განხორციელებაზე (ავტორიზაციის NBR-316);
2. შპს „ტელეკომპანია საქართველო“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;
3. 2012 წლის 31 ოქტომბერს განხორციელდა ცვლილებები შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციში, კერძოდ კომპანიის დამფუძნებელმა იაგო ჩოჩელმა, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 100%-იანი წილიდან 51% დათმო გიორგი ყარამანაშვილის, ხოლო 49% ლევან ყარამანაშვილის სასარგებლოდ (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 31/10/2012 15:19:50 განაცხადის N544404; განაცხადის რეგისტრაციის NB12119404);
აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ცვლილებების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში არ წარმოუდგენია კომისიაში შესაბამისობის დეკლარაცია და არც საკუთარ ვებ გვერდზე გამოუქვეყნებია;
4. 2012 წლის 13 ნოემბერს განხორციელდა ცვლილება შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, კერძოდ შეიცვალა კომპანიის დირექტორი და თამარ სტეფანიშვილის მაგივრად შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ დირექტორად დაინიშნა დავით მაღლაკელიძე (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 13/11/2012 15:58:34 განაცხადის N548576; განაცხადის რეგისტრაციის NB12123415);
აღნიშნული ცვლილების თაობაზე შპს „ტელეკომპანია საქართველომ“ კომისიას აცნობა 2012 წლის 16 ნოემბერს, წერილით N6/6587-12; წერილში ასევე აღნიშნულია შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2012 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების თაობაზე. შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია, კომპანიის დირექტორის ცვლილების თაობაზე, მაგრამ აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ცვლილებების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში არ წარმოუდგენია კომისიაში შესაბამისობის დეკლარაცია და არც საკუთარ ვებ გვერდზე გამოუქვეყნებია იგი;
5. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაფიქსირებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები და დადგინდა, რომ 2012 წლის 22 ნოემბერს კვლავ განხორციელდა ცვლილება შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, კერძოდ, შეიცვალა კომპანიის დამფუძნებლების წილობრივი მონაცემები და ამჟამად შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 100% იანი წილიდან გიორგი ყარამანიშვილი ფლობს 40%, ხოლო ლევან ყარამანიშვილი 60% (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 22/11/2012 14:53:10 განაცხადის N551243; განაცხადის რეგისტრაციის NB12125994);
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტების სამსახურებრივი ბარათების (29.11.2012 N10/1262-12; 28.12.2012 N10/1254-12) შესაბამისად, 2012 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი არც ინფორმაცია და არც შესაბამისობის დეკლარაცია 2012 წლის 22 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.
6. 2012 წლის 16 ნოემბერს კომისიას განცხადებით N7/599-12 მომართა შპს „ტელეკომპანია საქართველომ“ და მოითხოვა კომპანიის ავტორიზაციის გაუქმება.
7. შპს „ტელეკომპანია საქართველოს “ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არც ერთი სანქცია;
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ მიერ, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2012 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების (დამფუძნებელი პარტნიორების შეცვლა) თაობაზე ინფორმაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2012 წლის 16 ნოემბერის N6/6527-12 წერილით; ამავე წერილით კომპანიამ კომისიას აცნობა სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2012 წლის 13 ნოემბერს განხორციელებული ცვლილების (დირექტორის შეცვლის) თაობაზე, თუმცა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შესაბამისობის დეკლარაცია, ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით და არც საკუთარ ვებ გვერდზე გამოუქვეყნებია იგი. რაც შეეხება კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმეტაციაში 2012 წლის 22 ნოემბერს განხორციელებულ ცვლილებებს, შპს „ტელეკომპანია საქართველო“ ვალდებულია აღნიშნული ცვლილების თაობაზე კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია ცვლილების განხორციელებიდან (2012 წლის 22 ნოემბრიდან) 10 დღის ვადაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და 62-ე მუხლის პირველი პუნქტი.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო; ამავე დროს, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს კომისიაში შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და თანამდებობის პირების ცვლილებების გათვალისწინებით და ამავე დროს, დაუყოვნებლივ ატვირთოს აღნიშნული შესაბამისობის დეკლარაცია კომპანიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.
კომისია დამატებით განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე ავტორიზაციის გაუქმებისას, ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, ამავე დროს, შესაბამისობის დეკლარაცია არ არის გამოქვეყნებული კომპანიის ვებ გვერდზე ინტერნეტში, კომისია ვერ გააუქმებს შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ავტორიზაციას, მანამ, სანამ კომპანიის მიერ კომისიის წინაშე არ იქნება შესრულებული ყველა კანონისმიერი ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-13 პუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კერჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ დაუყოვნებლივ წარმოადგინოს კომისიაში შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და თანამდებობის პირების ცვლილებების გათვალისწინებით და ამავე დროს, დაუყოვნებლივ ატვირთოს აღნიშნული შესაბამისობის დეკლარაცია კომპანიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ტელეკომპანია საქართველოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეკომპანია საქართველოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა)
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
ი.მოსეშვილი
