წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია პიკისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 758 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2012

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.

            ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N10/1197-12), სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ტელეკომპანია პიკმა“ 2012 წლის 15 ნოემბრის N6/6533-12 წერილით მომართა კომისიას და აცნობა, რომ დამფუძნებლებმა მამუკა თათოშვილმა კუთვნილი 55%-იანი წილიდან 25%, გიორგი აღდგომელაძემ 15%-დან 10%, თამაზ გუდაძემ 15%-დან 10% და ნიკოლოზ ტაბიძემ 15%-დან 10% დათმეს შპს „შვიესას“ სასარგებლოდ.

   განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (26.11.2012 N10/1229-12) სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ტელეკომპანია პიკმა“ შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში წარმოადგინა 2-ჯერ, 2012 წლის 20 ნოემბერს და 2012 წლის 21 ნოემბერს; რაც შეეხება შესაბამისობის დეკლარაციის გამოქვეყნებას შპს „ტელეკომპანია პიკის“ ვებ გვერდზე, ვებ გვერდზე წვდომა შეზღუდულია. აღნიშნულის თაობაზე, ეცნობა შპს „ტელეკომპანია პიკს“ კომისიის 2012 წლის 16 ნოემბერის N04/2675-12 წერილით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.

 კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტების ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის  26 ნოემბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია პიკის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის დარღვევასთან  დაკავშირებით, სანქცირების თაობაზე.  საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 30 ნოემბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,ტელეკომპანია პიკს” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (26.10.2012 N03/2736-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 30 ნოემბრის კომისიის სხდომა ვერ ჩატარდა ქვორუმის არ არსებობის გამო, შესაბამისად, საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 4 დეკემბერს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „ტელეკომპანია პიკს“ ეცნობა შეტყობინებით (03.12.2012 N03/2802-12) და განმეორებით იქნა მოწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია პიკის“ დირექტორი ალექსანდრე ფარულავა.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე ასევე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (04.12.2012 N10/1289-12) და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი.აბულაძის ახსნა-განმარტება, რომ 2012 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით შპს „ტელეკომპანია პიკს“ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 38,817.35 (ოცდათვრამეტი ათას რვაას ჩვიდმეტი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი.

კომისიის სხდომაზე შპს „ტელეკომპანი პიკის“ დირექტორმა ალექსანდრე ფარულავამ განაცხადა, რომ კომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო დაგვიანებით მოხდა კომისიაში შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენა, რაც შეეხება შესაბამისობის დეკლარაციის ვებ გვერდზე ატვირთვას, დეკლარაცია განთავსებულია შპს „ტელეკომპანია პიკის“ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.pik.tv). ალექსანდრე ფარულავამ ასევე აღნიშნა, რომ შპს „ტელეკომპანი პიკი“ განიცდის გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს და სწორედ ამიტომ ერიცხება კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება კომისიის წინაშე, რაც დააუყოვნებლივ იქნება აღმოფხვრილი.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (19.11.2012 N10/1197-12);

2.    კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (26.11.2012 N10/1229-12);

3. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (04.12.2012 N10/1289-12)

4. შპს „ტელეკომპანია პიკის“ წერილები 20.11.2012 N6/6732-12; 21.11.2012 N6/6820-12 თანდართული შესაბამისობის დეკლარაციებით;

5. შპს „ტელეკომპანია პიკის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

6. შპს „ტელეკომპანია პიკის“ კერძო მაუწყებლობის NB100 ლიცენზია;

7. კომისიის მიერ შპს „ტელეკომპანია პიკისთვის“ გაგზავნილი წერილი 16.11.2012 N04/2675-12;

8. კომისიის მიერ შპს „ტელეკომპანია პიკისთვის“ გაგზავნილი შეტყობინებები 26.11.2012 -N03/2736-12; 04.12.2012 N03/2802-12;

9. კომისიის სხდომაზე შპს „ტელეკომპანია პიკის“ დირექტორის ახსნა-განმარტება;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „ტელეკომპანია პიკი“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB100 ლიცენზიას;

2. შპს „ტელეკომპანია პიკი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;

3. 2012 წლის 30 ოქტომბერს განხორციელდა ცვლილებები შპს „ტელეკომპანია პიკის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციში, კერძოდ დამფუძნებლებმა: მამუკა თათოშვილმა კუთვნილი 55%-იანი წილიდან 25%, გიორგი აღდგომელაძემ 15%-დან 10%, თამაზ გუდაძემ 15%-დან 10% და ნიკოლოზ ტაბიძემ 15%-დან 10% დათმეს შპს „შვიესას“ სასარგებლოდ (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 30/10/2012 11:29:39 განაცხადის N543813; განაცხადის რეგისტრაციის NB12118836). შესაბამისად, 2012 წლის 30 ოქტომბრიდან შპს „ტელეკომპანია პიკის“ დამფუძნებლებს წარმოადგენენ:

ა)მამუკა თათოშვილი - 25%;

ბ)გიორგი აღდგომელაძე - 5%;

გ) თამაზ გუდაძე - 5%;

დ) ნიკოლოზ ტაბიძე - 5%;

ე) შპს „შვიესა - 60%;

    შპს „ტელეკომპანია პიკმა“ ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში წარმოადგინა 2012 წლის 20 ნოემბერს (წერილი N6/6732-12); აღნიშნული დეკლარაცია შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, კერძოდ, ლიცენზიის მფლობელი პირის  ბენეფიციარი მესაკუთრის მფლობელობაში არსებული წილების გრაფაში, შპს „ტელეკომპანია პიკის“ მიერ დამფუძნებლად მითითებული იყო შპს „შვეისა“; აღნიშნული უზუსტობა შპს „ტელეკომპანია პიკმა“ გამოასწორა 2012 წლის 21 ნოემბერს (წერილი N6/6820-12) და კომისიაში წარმოადგინა შესაბამისობის ახალი დეკლარაცია.

4. შპს „ტელეკომპანია პიკის“ ვებ გვერდზე (www.pik.tv) წვდომა შეზღუდული იყო, რის თაობაზედაც კომპანიას ეცნობა კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის N04/2675-12 წერილით; კომისიის 2012 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე, ადგილზე გადამოწმდა შპს „ტელეკომპანია პიკის“ ვებ გვერდზე (www.pik.tv) წვდომისა და შესაბამისობის დეკლარაციის გამოქვეყნების საკითხი და დადგინდა, რომ ტელეკომპანიის ვებ გვერდზე წვდომა შეზღუდული არ არის, ვებ გვერდზე განთავსებულია ტელეკომპანიის სამაუწყებლო ბადე, მაგრამ შესაბამისობის დეკლარაცია განთავსებული არ არის.

5. 2012 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ტელეკომპანია პიკს“ კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 38,817.35 (ოცდათვრამეტი ათას რვაას ჩვიდმეტი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი.

6. შპს „ტელეკომპანია პიკის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არც ერთი სანქცია;

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია პიკის“ მიერ, კომპანიის  სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2012 წლის 30 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თაობაზე შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში არ იქნა წარმოდგენილ აღნიშნული ცვლილებების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში, როგორც ამას ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტი. შპს „ტელეკომპანია პიკმა“ სრულყოფილი შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში წარმოადგინა მხოლოდ 2012 წლის 21 ნოემბერს. ამავე დროს, 2012 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით,  შპს „ტელეკომპანია პიკის“ მიერ შესაბამისობის დეკლარაცია არ არის გამოქვეყნებული შპს „ტელეკომპანი პიკის“ ვებ გვერდზე ინტერნეტში.

  შპს „ტელეკომპანი პიკს“ 4 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ტელეკომპანია პიკს“ კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 38,817.35 (ოცდათვრამეტი ათას რვაას ჩვიდმეტი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია პიკის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი და 62-ე მუხლის პირველი პუნქტი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია პიკს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

   კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველ პუნქტი მაუწყებელს ავალდებულებს, ერთი მხრივ, მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში წარუდგინოს კომისიას შესაბამისობის დეკლარაცია და, მეორე მხრივ, აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე, შპს „ტელეკომპანია პიკს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება სრულყოფილად უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესრულება და შესაბამისობის დეკლარაციის გამოქვეყნება კომპანიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.  ამავე დროს, შპს „ტელეკომპანია პიკს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს რეგულირების საფასურის დავალიანების 38,817.35 (ოცდათვრამეტი ათას რვაას ჩვიდმეტი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კერჭისყრის შედეგად, ერთხმად  

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ტელეკომპანია პიკს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს „ტელეკომპანია პიკს“, მისი წილის მფლობელებისა და თანამდებობის პირების  ცვლილებების გათვალისწინებით შესაბამისობის დეკლარაციის ტელეკომპანიის ვებ გვერდზე ინტერნეტში დაუყოვნებლივ გამოქვეყნება;

3. დაევალოს შპს „ტელეკომპანია პიკს“ რეგულირების საფასურის დავალიანების - 38,817.35 (ოცდათვრამეტი ათას რვაას ჩვიდმეტი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის დაუყოვნებლის ჩარიცხვა კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი’’;

ა/ანგარიში: GE 11 TB 06 000 000 006 093 26;

კოდი: TBC BGE 22;

საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

5.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ტელეკომპანია პიკისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეკომპანია პიკისთვის“ ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

11.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).           

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                    კ.კვიტაიშვილი

                კომისიის წევრები:                                                                                          ს.ბრიტანჩუკი

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები