შპს ”მაიფონისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მაიფონმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/580-12, 06/11/2012) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდის ერთ ნომერზე (10XX) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
შპს ”მაიფონი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
1. A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
· ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
· ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
2. B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
· ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
· საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
· საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა, მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდის მოკლე ნომრებზე ნებართვა გაიცემა – 1 კოდზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს - 5000 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;
კომისიამ შეისწავლა შპს ”მაიფონის” მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს ”მაიფონის” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს ”მაიფონის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 5000 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”მაიფონს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N92 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 1-0-2-0 (ერთი--ნული-ორი-ნული) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდი, ავტორიზებული საქმიანობისას საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო ზარების განხორციელების უზრუნველსაყოფად;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
2. ეცნობოს შპს ”მაიფონს”, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”მაიფონისთვის” ჩაბარებისთანავე.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრები: კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
ი.მოსეშვილი
