წვდომის მენიუ

შპს ”ტელეკომპანია გურჯაანის” მაუწყებლობის №B42 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2004 წლის 30 ივლისის №373/6 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 788 / 23

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ტელეკომპანია გურჯაანმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/621-12, 29.11.2012), კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B42 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”ტელეკომპანია გურჯაანი”  ითხოვს  მაუწყებლობის №B42 ლიცენზიის  ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოდიფიცირება მნიშვნელოვნად გაზრდის ტელეკომპანიის სარეკლამო შემოსავლებს და უზრუნველყოფს ტელეპროდუქციის ხარისხობრივ გაუმჯობესებას.

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია გურჯაანი” ფლობს მაუწყებლობის №B42 ლიცენზიას კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

სატელევიზიო მაუწყებლობა მე-11 სატელევიზიო არხზე, 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ანტენის სიმაღლე 40 მეტრი, ქ. გურჯაანი;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2014 წლის 20 ივლისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს ”ტელეკომპანია გურჯაანის” მაუწყებლობის №B42 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს ”ტელეკომპანია გურჯაანის” მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიების ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა  შპს ”ტელეკომპანია გურჯაანის” მაუწყებლობის №B42 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, ლიცენზიის სახე - საეთერო ტელემაუწყებლობა  აღარ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს ”ტელეკომპანია გურჯაანის” მაუწყებლობის №B42 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებები, გათვალისწინებულია კომისიის 2004 წლის 30 ივლისის №373/6 გადაწყვეტილებით, ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, რაც წინააღმდეგობაში მოდის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ ასევე მიზანშეწონილია ცვლილებების განხორციელება შპს ”ტელეკომპანია გურჯაანის” მაუწყებლობის №B42 ლიცენზიით განსაზღვრულ სალიცენზიო ვალდებულებებში და აღნიშნული სალიცენზიო ვალდებულებების, ასევე ლიცენზიის სახის შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელეკომპანია გურჯაანის” მაუწყებლობის №B42 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2004 წლის 30 ივლისის №373/6 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 16 იანვარს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს ”ტელეკომპანია გურჯაანისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                       კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები