წვდომის მენიუ

სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” მაუწყებლობის №№B35, B36 და B37 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის 26 დეკემბრის №652/6 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 794 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2013

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ” (კომისიაში რეგისტრაციის №7/570-12, 30.10.2012 და №7/556-12, 25.10.2012), კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №№B35, B36 და B37 ლიცენზიების  მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია”  ითხოვს  მაუწყებლობის №№B35,  B36 და B37 ლიცენზიების  ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც; როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოდიფიცირება ხელს შეუწყობს მაყურებელთა რაოდენობის გაზრდას, ასევე  სარეკლამო მომსახურების გაწევის გზით კომპანიას გაუჩნდება დამატებითი შემოსავალი.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია” ფლობს მაუწყებლობის №№B35, B36 და B37 ლიცენზიებს კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) №B35

ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ტელემაუწყებლობა მე-12 სატელევიზიო არხზე 50 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ბოლნისი;

ბ) №B36

ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ტელემაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. რუსთავი;

გ) №B37

ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ტელემაუწყებლობა 43-ე სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. მარნეული;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის №728/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს ”ქვემო ქართლის  ტელე-რადიო კომპანიის”  მაუწყებლობის  №№B35,  B36 და B37 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის 26 დეკემბრის №652/6  და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 17 დეკემბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

    ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” მაუწყებლობის №№B35, B36 და B37 ლიცენზიების   მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიების ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა  სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” მაუწყებლობის №№B35, B36 და B37 ლიცენზიების  მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, ლიცენზიის სახე - საეთერო ტელემაუწყებლობა  აღარ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. ასევე აღსანიშნავია, რომ სს ”ქვემო ქართლის  ტელე-რადიო კომპანიის” მაუწყებლობის №№B35, B36 და B37 ლიცენზიების სალიცენზიო ვალდებულებები, გათვალისწილებულია კომისიის 2003 წლის 26 დეკემბრის №652/6 გადაწყვეტილებით, ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, რაც წინააღმდეგობაში მოდის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ასევე მიზანშეწონილია ცვლილებების განხორციელება სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” მაუწყებლობის №№B35, B36 და B37 ლიცენზიებით განსაზღვრულ სალიცენზიო ვალდებულებებში და აღნიშნული სალიცენზიო ვალდებულებების, ასევე ლიცენზიების სახეების შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.

   საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2012 წლის 17 დეკემბრის 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა სს ”ქვემო ქართლის  ტელე-რადიო კომპანიის” გენერალური დირექტორი ხათუნა მამარდაშვილი, რომელმაც სხდომაზე დააზუსტა, რომ სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” სამივე ლიცენზიით განსაზღვრული მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში იქნება 19 საათი. გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” მაუწყებლობის №№B35, B36 და B37 ლიცენზიების  მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის 26 დეკემბრის №652/6  და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

     ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” მაუწყებლობის №№B35, B36 და B37 ლიცენზიები, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”19. სს “ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის”

ა) ლიცენზია № 474 (მოქმედების ვადა 17.04.2013 წ.)  კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს №B35;

ა.ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ა.ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ა.გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ა.გ.ა) ტელემაუწყებლობა მე-12 სატელევიზიო არხზე 50 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ბოლნისი;

ა.გ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით;

ა.დ) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 19 საათი.”

ბ) ლიცენზია № 475 (მოქმედების ვადა 17.04.2013 წ.)  კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს №B36;

ბ.ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ.ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ბ.გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ბ.გ.ა) ტელემაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. რუსთავი;

ბ.გ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით;

ბ.დ) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 19 საათი.”

გ) ლიცენზია № 476 (მოქმედების ვადა 17.04.2013 წ.)  კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს №B37;

გ.ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

გ.ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ.გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გ.გ.ა) ტელემაუწყებლობა 43-ე სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. მარნეული;

გ.გ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით;

გ.დ) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 19 საათი.”

2. შევიდეს ცვლილება კომისიის 2003 წლის 26 დეკემბრის №652/6  გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია” ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ო) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;

პ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;

ჟ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;”

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                    კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები