შპს „გორდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2013
მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
2012 წლის 29 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 28 ნოემბრის N10/1258-12 სამსახურბრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2012 წლის 27 ნოემბრის შპს „გორდას“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N69 თანდართული მასალებით (1 CD, აბონენტის გადახდის ქვითარი, შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობების ასლები), რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2012 წლის 27 ნოემბერს, შპს „გორდა“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „გორდა“, “აფხაზეთის ხმა“, „რუსთავი 2“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ერთსულოვნება“, „აჭარა“, „იმედი“, „ენკი-ბენკი“, „მეცხრე არხი“, „საზოგადოებრივი მაუყწებელი I არხი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „ახალი არხი“, „ტელეარხი 25“, „Охота и Рыбалка“, „Кухня ТВ“, „Боец ТВ“, „Сарафан“, „ Шансон ТВ“, “Eврокино“, “ Усадьба ТВ”, “Мир”, “Мультимания”, ”Комедия ТВ”, “Моя Планета”, “GDS”. შპს „გორდა“ 2012 წლის 27 ნოემბერის მდგომარეობით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერად რეტრანსლირებას: „აფხაზეთის ხმა“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „მეცხრე არხი“, „საზოგადოებრივი მაუყწებელი I არხი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „ახალი არხი“, „ტელეარხი 25“, „Охота и Рыбалка“, „Кухня ТВ“, „Боец ТВ“, „Сарафан“, „Шансон ТВ“, “Eврокино“, “ Усадьба ТВ”, “Мультимания”, “Моя Планета”, “GDS”, ”Комедия ТВ”. კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს, სამართლებრივ დეპარტამენტს გადმოეცა შპს „გორდას“ 2012 წლის 21 დეკემბრის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7436-12) წერილი თანდართული შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ასლით და შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ 2012 წლის 13 დეკემბრის N13/12/2012 წერილი, რომელთა საფუძველზეც ირკვევა, რომ შპს „გორდას“ 2012 წლის 10 დეკემბრიდან აქვს მოპოვებული ნებართვა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების შესახებ: „Охота и Рыбалка“, „Усадьба ТВ”, “Здоровье”, “Психология 21”, “Драйв”, “Вопросы и ответы”, “Домашние животные”, “Ретро”, “RTVi“, „Шансон ТВ“, “Детский Мир”, “ Наше Кино”, “Телеклуб”, “Мир сериала”, „Юмор ТВ”, “Music Box ru”, ხოლო რაც შეეხება “Music box”-ს და სამაუწყებლო არხებს: “საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი”, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „მზე“, „აჭარა“, „კავკასია“, „I სტერეო“, „ივერია“ (საპატრიარქო), იგივე „ერთსულოვნება”, რაც კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 17 დეკემბრის N10/1452-12 სამსახურებრივი ბარათით დასტურდება, მათზე ნებართვა შპს „გორდამ“ 2012 წლის 01 დეკემბერს მოიპოვა. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (28.11.2012 N10/1258-12) საფუძველზე, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 04 დეკემბერს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „გორდას“ სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 14 დეკემბერს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს ,,გორდას“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 14 დეკემბერს, სხდომის დაწყების წინ სამართლებრივ დეპარტამენტს ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან გადმოეცა შპს „გორდას“ შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, რაც დაკმყოფილებულ იქნა კომისიის მიერ. განმეორებითი სხდომა საკითხის განხილვის მიზნით დაინიშნა 2012 წლის 21 დეკემბერს, რომელსაც ესწრებოდა შპს „გორდას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ნიკოლოზ მამუკელაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ ჰქონდათ თითქმის ყველა სატელევიზიო არხთან გაფორმებული ხელშეკრულებები, მაგრამ სტიქიური უბედურების შემდგომ ბევრი რამ იქნა განადგურებული, რის გამოც მხოლოდ ახლა იმყოფებიან მოლაპარაკების სტადიაში და მალე მათ ხელთ ექნებათ ყველა სატელევიზიო არხთან, რომელთა რეტრანსლირებასაც ისინი ახდენენ, გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებები.
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 28 ნოემბრის N10/1258-12 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 27 ნოემბრის შემოწმების აქტი N69;
3. შემოწმების აქტის დანართები (აბონენტის გადახდის ქვითარი, შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობების ასლები);
4. შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
5. კომისიის 2011 წლის 14 მარტის N04/481-11 წერილი და ამ წერილის შპს „გორდასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს „გორდასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
7. შპს „გორდას“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
8. შპს „გორდას“ 2012 წლის 21 დეკემბრის N6/7436-12 წერილი;
9. შპს „გორდას“ და შპს „სი-ენ-ეი ჯორიჯიას” შორის 2012 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება;
10. შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ 2012 წლის 13 დეკემბრის N13/12/2012 წერილი;
11. შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ 2012 წლის 1 დეკემბერს გაცემული სანებართვო წერილი;
12. შპს „გორდას“ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
13. შპს „გორდას“ უფლებამოსილი წარმომადგენლის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „გორდა“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 08.02.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);
2. 2012 წლის 27 ნოემბერს, 14:09 საათზე განხორციელდა შპს „გორდას“ შემოწმება ქ. თელავში, მისამართზე: ერეკლე მეორეს გამზირი N2, შპს „გორდას“ სათაო ოფისში, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდნენ მოწმეები - გივი მამუკელაშვილი (პირადი N20001025203) და მაყვალა ავალიშვილი (პირადი N20001053643). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N69. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ივანე მახარაძე და თამარ ჯოგიაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები - გივი მამუკელაშვილი და მაყვალა ავალიშვილი;
3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „გორდა“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „გორდა“, „აფხაზეთის ხმა“, „რუსთავი 2“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ერთსულოვნება“, „აჭარა“, „იმედი“, „ენკი-ბენკი“, „მეცხრე არხი“, „საზოგადოებრივი მაუყწებელი I არხი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „ახალი არხი“, „ტელეარხი 25“, „Охота и Рыбалка“, „Кухня ТВ“, „Боец ТВ“, „Сарафан“, „Шансон ТВ“, “Eврокино“, “ Усадьба ТВ”, „Мир“, “Мультимания”, ”Комедия ТВ”, “Моя Планета”, “GDS”;
4. 2012 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით, შპს „გორდა“ ახდენდა შედეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად რეტრანსლირებას: „აფხაზეთის ხმა“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „მეცხრე არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „ახალი არხი“, „ტელეარხი 25“, „Охота и Рыбалка“, „Кухня ТВ“, „Боец ТВ“, „ Шансон ТВ“, „Сарафан“, „Усадьба ТВ”, ”Комедия ТВ”, “Eврокино“, “Мультимания”, “Моя Планета”, “GDS”.
5. შემოწმების სისწორე დადასტურდა 2012 წლის 27 ნოემბრის N69 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვაილისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
6. კომისიის 2011 წლის 14 მარტის N04/481-11 და 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 წერილებით, რომლებიც შპს „გორდას“ ჩაბარდა, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, მას დაევალა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან სამომხმარებლო პაკეტში დამატების შეტანამდე, მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში განთავსებული და საკაბელო ქსელით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა;
7. ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის (21.12.2012) შპს „გორდას“ მოპოვებული აქვს მის მიერ არამართლზომიერად გადაცემული შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტული გავრცელების უფლებამოსილება: „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „კავკასია“, „Охота и Рыбалка“, “Усадьба ТВ”, „ Шансон ТВ“;
8. შპს „გორდას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა;
9. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, კომისიის ლიცენზირებულ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების შემოწმების და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე გამოირკვა, რომ შპს „გორდა“ საერთო მაუწყებლობას ახორციელებდა შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე. თავად მაუწყებლობის ფაქტი კი შპს „გორდას“ წამომადგენლის ნიკოლოზ მამუკელაშვილის განცხადებით (მათ შორის წერილობითი ფორმით - იხ. შპს „გორდას“ 20.12.2012 წერილი) დადასტურდა, რის გამოც, ამავე დღეს (21.12.2012) შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000207.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;
5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ„ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფთხილოს;
კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხების: „აფხაზეთის ხმა“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „მეცხრე არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „ახალი არხი“, „ტელეარხი 25“, „Охота и Рыбалка“, „Кухня ТВ“, „Боец ТВ“, „ Шансон ТВ“, „Сарафан“, “ Усадьба ТВ”, ”Комедия ТВ”, “Eврокино“, “Мультимания”, “Моя Планета”, “GDS”, შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „გორდას“ მიერ დარღვეულია „ელექტორონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ასევე, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები, რის გამოც მას უნდა დაეკისროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია გაფრთხილების სახით. კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „გორდას“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „აფხაზეთის ხმა“, „ენკი-ბენკი“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, „ახალი არხი“, „ტელეარხი 25“, „Кухня ТВ“, „Боец ТВ“, „Сарафан“, “Eврокино“, “Мультимания”, ”Комедия ТВ”, “Моя Планета”, “GDS” არამართლზომიერი ტრანზიტი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „გორდას“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „გორდამ“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „აფხაზეთის ხმა“, „ენკი-ბენკი“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, „ახალი არხი“, „ტელეარხი 25“, „Кухня ТВ“, „Боец ТВ“, „Сарафан“, “Eврокино“, “Мультимания”, ”Комедия ТВ”, “Моя Планета”, “GDS” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გორდასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „გორდას“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) შპს „გორდასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გორდასთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტიაშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
