წვდომის მენიუ

შპს “INTERMEDIARY”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 815 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2013

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2012 წლის 07 დეკემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის N10/1295-12 სამსახურებრივი ბარათი და შპს „INTERMEDIARY“-ის წერილი (N6/6980-12 04.12.2012), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ კომპანიის 100% წილის მფლობელი გახდა ფიზიკური პირი ირაკლი ბაკურაძე. წერილს თან ერთვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენაც ხდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.                                                                                         

 გამომდინარე იქიდან, რომ შპს „INTERMEDIARY“-ის   წილის შეძენა განხორციელდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე კომისიაში „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 12 დეკემბერს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან,  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს შპს „INTERMEDIARY“-ის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის შეუსრულებლობასთან დაკავშრებით სანქცირების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 21 დეკემბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „INTERMEDIARY“-ს  ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცემის და გამოთხოვის უფლება. შეტყობინება  შპს „INTERMEDIARY“-ს   ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა და მიღების დასტური წარმოდგენილია კომისიაში.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 21 დეკემბერს სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „INTERMEDIARY“-ის  100% წილის მფლობელი ირაკლი ბაკურაძე, თუმცა შეტყობინება გაგზავნილია კომპანიის იმ იურიდიულ მისამართზე, რომელიც რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. საფოსტო გზავნილი (N4282)  2012 წლის 13 დეკემბერს ჩაიბარა ფიზიკურმა პირმა დავით ზაალიშვილმა, რაც მისი ხელისმოწერით დასტურდება. კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „INTERMEDIARY“-ის    წარმომადგენლის დაუსწრებლად. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  სხდომას ესწრებოდა შპს „INTERMEDIARY“-ის  ყოფილი მფლობელი დავით ზაალიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე მან მოახდინა თავისი ახლად შეძენილი სტატუსის გამო,  რადგან მას, როგორც საჯარო მოხელეს სხვა კანონმდებლობიდან გამომდინარე ეკრძალებოდა ნებისმიერი  სამეწარმეო საქმიანობა, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და  შემოქმედებითი  საქმიანობისა.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშწყობის დეპარტამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N10/1295-12 სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღინიშნულია, რომ  შპს „INTERMEDIARY“-ის  100% წილის მფლობელი  გახდა ფიზიკური პირი ირაკლი ბაკურაძე, ნაცვლად ფიზიკური პირ  დავით ზაალიშვილისა;

2.       შპს  „INTERMEDIARY“-ის  2012 წლის 4 დეკემბრის  N6/6980-12 წერილი;

3.       შპს „INTERMEDIARY“-ის  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის ნომერი: 552811, ამონაწერის მომზადების თარიღი: 28/11/2012);

4.       ფიზიკურ პირ დ. ზაალიშვილის ახსნა-განმარტება მიცემული 2012 წლის 21  დეკემბრის კომისიის სხდომაზე;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       შპს  „INTERMEDIARY“-ი  წარმოადგენს ავტორიზებულ პირს 2011 წლის 15 ივნისიდან;

2.       შპს „INTERMEDIARY“-ი, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.       შპს „INTERMEDIARY“-ს  არ მიუმართავს კომისიისათვის თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ, შესაბამისად არ მიუღია კომისიისაგან თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;

4.       შპს „INTERMEDIARY“-ის  დამფუძნებელმა და 100% მფლობელმა ფიზიკურმა პირმა დავით ზაალიშვილმა 2012 წლის 28 ნოემბერს თავისი წილი სრულად გადასცა ფიზიკურ პირ ირაკლი ბაკურაძეს;

5.       შპს „INTERMEDIARY“-ს  უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „INTERMEDIARY“-ის  მიერ, კომისიის წინსაწარი თანხმობის გარეშე, წილის გასხვისებით დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „INTERMEDIARY“-ის  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „INTERMEDIARY“-ს მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო და ამავე დროს, დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;

    ამასთან, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს „INTERMEDIARY“-ის   მიერ წარმოდგენილი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე,  99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მხულის  და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     მიეცეს გაფთხილება შპს „INTERMEDIARY“-ს   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2.     შპს „INTERMEDIARY“-ს   დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შეტყობინების წარმოდგენა კომისიაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; კერძოდ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: წილის შეძენის ფორმა; შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25% ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში - მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

3.     დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „INTERMEDIARY“-ისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6 ) შპს „INTERMEDIARY“- ისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.     გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „INTERMEDIARY“-ისათვის ჩაბარების დღიდან;

6.     დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „INTERMEDIARY“-ის  სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე და შპს „INTERMEDIARY“-ის მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე);

8.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

9.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელი                                    კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                    ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                    ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                     ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები