საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2013
მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირებს, აგრეთვე, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ პირებს, დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა.
სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარდგენის პროცესში გამოიკვეთა, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე გაჩნდა მომსახურების ახალი სახეობები, რომელთა ანალიზის მიზნითაც აუცილებელია მომსახურების ამ სახეობების შესაბამისი სპეციფიკის ამსახველი ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების სისტემა ასევე საშუალებას იძლევა მონაცემების ნაწილი, რასაც ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირები კომისიაში წარმოადგენდნენ წერილობითი ფორმით, კომისიისათვის მოწოდებულ იქნას ელექტრონული სახით (მაგალითად, აბონენტების საჩივრების სტატისტიკა). მონაცემების ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ შესაძლებელია რიგი ანგარიშგების ფორმების ოპტიმიზაციაც.
სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარდგენის პროცესში დადგინდა, რომ მათ შევსებაზე ვალდებული ავტორიზებული ან/და ლიცენზიის მფლობელი პირების ნაწილი სისტემატურად მიმართავს კომისიას გასული პერიოდის მონაცემებში ცვლილებების შეტანის თხოვნით. აღნიშნული საკითხის მოწესრიგების მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განისაზღვროს, თუ რა პროცედურებით უნდა იხელმძღვანელონ ავტორიზებულმა ან/და ლიცენზიის მფლობელმა პირებმა გასული პერიოდის მონაცემებში ცვლილების შესატანად.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2012 წლის 22 მაისს განხორცილებული ცვლილება-დამატებების შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირების რეჟიმთან ერთად გათვალისწინებულ იქნა ავტორიზაციის რეჟიმი და შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმა განმარტა მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირის ცნებაც. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ პირებზე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება-დამატებების გათვალისწინებით, კომისიას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა იმგვარად, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება გავრცელდეს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირებზეც, ანუ ყველა მაუწყებელზე თანაბრად.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საჯარო და ღიაა, თუ ის ავტორიზებული ან/და ლიცენზიის მფლობელი პირების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა ან/და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, კომისიის მიერ არ არის ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი რედაქციის ცვლილებები:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ელექტრონული კომუნიკაციების ან/და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირებს დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, შესაბამის ფორმებში მითითებული პერიოდულობით“.
ბ) მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ელექტრონული კომუნიკაციების ან/და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გავლისას ან/და ლიცენზიის გაცემისას, ახალ ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირებს გადასცენ წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი, ხოლო თუ ამ გადაწყვეტილებაში შევა ცვლილებები ან დამატებები, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების ასლები“.
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ამ გადაწყვეტილების დანართი #1-ით განსაზღვრულ ფორმები ატვირთულ იქნას, ელექტრონული ფორმატით, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან, არაუგვიანეს 25 კალენდარული დღისა“ .
დ) დანართ #1-ს ფორმა N1, N2, N3, N4, N5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი N1), ხოლო ფორმა N6 და ფორმა N9 გაუქმდეს;
2. კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 91 პუნქტი:
„91. ელექტრონული კომუნიკაციების ან/და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულმა/ლიცენზიის მფლობელმა პირმა, მის მიერ შევსებულ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში ცვლილების ან/და დამატებების შეტანის მიზნით, უნდა გააკეთოს ელექტრონული განაცხადი კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის ელექტრონულ სისტემაში (http://stats.gncc.ge); განაცხადში მითითებული უნდა იყოს შესასწორებელი პერიოდის, ფორმის, მონაცემების დასახელება და იმის განმარტება, თუ რა მიზეზით ხდება ცვლილება ან/და დამატება. ცვლილების/დამატების განხორციელება უნდა მოხდეს განაცხადის დაფიქსირებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.“
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან;
4. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების:
ა) გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge);
ბ) ელექტრონული კომუნიკაციების ან/და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის დაგზავნა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
