წვდომის მენიუ

შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 819 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2013

მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/525-12, 03.10.2012წ.) მიმართა შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”-მ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანიას სურს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიად, რათა განახორციელოს მაუწყებლობა, სადაც წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ტელე-გასართობი პროგრამები, ყველა შესაძლო ჟანრითა და სახით: მსოფლიო კინო გაქირავების ლიდერი ფილმები, სუკეთესო დოკუმენტური ფილმები, მუსიკალური კლიპები, საბავშვო, სპორტული, შემეცნებითი, გასართობი, მუსიკალური გადაცემები, გეიმ-შოუ, რეალითი-შოუ, პოპულარული ამერიკული და ევროპული სერიალები, ანუ მაუწყებლობა ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემების გარდა. 

კომისიამ წერილობით (№01/2525-12 29.10.2012წ.) მიმართა შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს და მოსთხოვა სპეციალიზებული მაუწყებლობის ფარგლებში ერთი თემატიკის დაზუსტება. 2012 წლის 7 ნოემბერს შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”-მ კომისიაში წარმოდგენილი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/6389-12) კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის თემატიკად განსაზღვრა გასართობი ტელემაუწყებლობა.

კომისია აღნიშნავს, რომ კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზია გაცემულ იქნა კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 გადაწყვეტილებით ფიზიკურ პირ ვლადიმერ შენგელაიაზე. კომისიის 2012 წლის 6 ივლისის №468/5 გადაწყვეტილებით მიეცა თანხმობა ვლადიმერ შენგელაის, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის შპს „ვტვ“–სთვის გადაცემაზე;  2012 წლის 23 ივლისს შპს ”ვტვ”-მ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”(2012 წლის 23 ივლისს მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; განაცხადის ნომერი - 514416; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - B12090997).   

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი” კომისიის 2012 წლის 6 ივლისის №468/5 გადაწყვეტილების და ვლადიმერ შენგელაიასა და შპს ”ვტვ”-ს შორის 2012 წლის 16 ივლისს გაფორმებული ლიცენზიის გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

 ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 27 აპრილამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით – საქართველოს ტერიტორიაზე;

 ე) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2012 წლის 22 ნოემბრის №743/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვის” კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 24 დეკემბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

    საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2012 წლის 24 დეკემბრის 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22 გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების თანახმად კერძო სპეციალიზებულ მაუწყებლობას უპირატესობა ენიჭება კერძო საერთო მაუწყებლობასთან მიმართებით;  კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებებიც გაწერილია საერთო მაუწყებლობისთვის, შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია ცვლილებების განხორციელება შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვის” კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიით განსაზღვრულ სალიცენზიო ვალდებულებებში და აღნიშნული სალიცენზიო ვალდებულებების შესაბამისობაში მოყვანა ლიცენზიის სახეობასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით

კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის  მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

  კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 გადაწყვეტილებაში და

ა) ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა.”

ბ)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”5. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან 4 თვის ვადაში;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პ) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;

ჟ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

რ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;

ს) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.”

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”-სთვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                                    კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები