შპს ,,ფასტ ნეტისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
2012 წლის 14 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის (რ.სხირტლაძე) 2012 წლის 13 დეკემბრის №10/1439-12 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით, საიდანაც ირკვევა, რომ:
1. 2011 წლის 30 მარტს, კომისიამ წერილობით (№02/565-11.; 30.03.11.) მიმართა შპს ,,ფასტ ნეტს”, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში წარმოედგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და განუმარტა, რომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. აღნიშნული წერილი შპს ,,ფასტ ნეტს” ჩაბარდა 2011 წლის 4 აპრილს;
2. 2011 წლის 6 ოქტომბერს და 2012 წლის 2 ნოემბერს, შპს ,,ფასტ ნეტს”, მის მიერ მითითებულ იურიდიულ მისამართზე, რომელიც დაცულია კომისიის უწყებრივ რეესტრში, არ ჩაბარდა კომისიის მიერ დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილები (№02/2264; და №05/2554-12). ჩაუბარებლობის მიზეზად პირველ შემთხვევაში მითითებულია: შენახვის ვადის გასვლა, ხოლო მეორე შემთხვევაში - ადრესატი არ მდებარეობს ამ მისამართზე;
3. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, შპს ,,ფასტ ნეტის” დირექტორი ზ.ჭანტურია, ტელეფონით (ტელ. ნომერი: 579405045; 492024) ორჯერ გაფრთხილდა (19.10.12. და 22.10.12) სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოდგენისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კომპანიისათვის შესაძლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
4. მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა და მისი უმოქმედობის მავნე შედეგის დადგომის შესაძლებლობისა (კომისიას უზღუდავს კომისიის მიერ მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას), 2011 წლის აპრილიდან დღემდე, შპს ,,ფასტ ნეტს” არ შეუვსია და კომისიაში არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილება და დამტკიცდა ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ამავე გადაწყვეტილებით, ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 18 დეკემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ფასტ ნეტისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო; კერძოდ, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ვალდებულების, ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 25 დეკემბერს, რის თაობაზეც შპს ,,ფასტ ნეტს” ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებასთან ერთად მას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები, კერძოდ, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის (რ.სხირტლაძე) 2012 წლის 13 დეკემბრის №10/1439-12 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტებით. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 25 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ფასტ ნეტის” დირექტორი ზაზა ჭანტურია, რომელმაც დაადასტურა შპს ,,ფასტ ნეტის” მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოუდგენლობა, რაც განპირობებული იყო შპს ,,ფასტ ნეტის” მიერ მესტიაში გარკვეული სამუშაოების შესრულებასთან და აღნიშნა, რომ შპს ,,ფასტ ნეტი” მზადაა შეავსოს და კომისიაში წარმოადგინოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის (რ.სხირტლაძე) 2012 წლის 13 დეკემბრის №10/1439-12 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის 2011 წლის 30 მარტის №02/565-11 წერილი, რომელიც გაეგზავნა შპს ,,ფასტ ნეტს”;
3. კომისიის 2011 წლის 30 მარტის №02/565-11 წერილის შპს ,,ფასტ ნეტისთვის” ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი (№372; 4.04.11);
4. კომისიის 2011 წლის 6 ოქტომბრის №02/2264-11 წერილი, რომელიც გაეგზავნა შპს ,,ფასტ ნეტს”;
5. კომისიის 2011 წლის 6 ოქტომბრის №02/2264-11 წერილის შპს ,,ფასტ ნეტისთვის” ჩაუბარებლობის დამადასტურებელი ცნობა;
6. კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის №05/2554-12 წერილი, რომელიც გაეგზავნა შპს ,,ფასტ ნეტს”;
7. კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის №05/2554-12 წერილის შპს ,,ფასტ ნეტისთვის” ჩაუბარებლობის დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი (№3499);
8. კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილება, კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ;
9. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
|
1. შპს ,,ფასტ ნეტი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 7.04.2009, ავტორიზებული საქმიანობის სახე - ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები); |
2. კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილება და დამტკიცდა ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ამავე გადაწყვეტილებით, ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
3. 2011 წლის 30 მარტს, კომისიამ წერილობით (№02/565-11.; 30.03.11.) მიმართა შპს ,,ფასტ ნეტს”, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში წარმოედგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და განუმარტა, რომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. აღნიშნული წერილი შპს ,,ფასტ ნეტს” ჩაბარდა 2011 წლის 4 აპრილს;
4. 2011 წლის 6 ოქტომბერს, კომისიამ წერილობით (№02/2264-11.; 6.10.11) მიმართა შპს ,,ფასტ ნეტს”, მის მიერ მითითებულ იურიდიულ მისამართზე, რომელიც დაცულია კომისიის უწყებრივ რეესტრში, კომისიაში წარმოედგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და გააფრთხილა, რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენდა სამართალდარღვევას, რაც გახდებოდა კომპანიისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. აღნიშნული წერილი შპს ,,ფასტ ნეტს” არ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ წერილის მიტანის დროს (ორჯერ) ადრესატი არ იმყოფებოდა ამ მისამართზე;
5. 2012 წლის 2 ნოემბერს, კომისიამ წერილობით (№05/2554-12.; 02.11.12) მიმართა შპს ,,ფასტ ნეტს”, მის მიერ მითითებულ იურიდიულ მისამართზე, რომელიც დაცულია კომისიის უწყებრივ რეესტრში, კომისიაში წარმოედგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და გააფრთხილა, რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენდა სამართალდარღვევას, რაც გახდებოდა კომპანიისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. აღნიშნული წერილი შპს ,,ფასტ ნეტს” არ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი არ მდებარეობდა ამ მისამართზე;
6. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, შპს ,,ფასტ ნეტის” დირექტორი ზ.ჭანტურია, ტელეფონით (ტელ. ნომერი: 579405045; 492024) ორჯერ გაფრთხილდა (19.10.12. და 22.10.12) სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოდგენისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კომპანიისათვის შესაძლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
7. მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, 2012 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით, შპს ,,ფასტ ნეტს” არ შეუვსია და კომისიაში არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს ,,ფასტ ნეტის” მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,ფასტ ნეტის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ფასტ ნეტს” უნდა დაევალოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ფასტ ნეტს” დაეკისროს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. შპს ,,ფასტ ნეტს” დაევალოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ფასტ ნეტისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ.სხირტლაძე);
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ფასტ ნეტისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
