წვდომის მენიუ

შპს „Style TV სტაილ ტვ“–სთვის კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 92 / 1

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2012

მიღების თარიღი იანვარი 27, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (01/12/2011, №7/858-11) მიმართა შპს „Style TV სტაილ ტვ“-მ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე. კერძოდ, შპს „Style TV სტაილ ტვ“ ითხოვს საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – ქ. თბილისი, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 18 საათი.

კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის  №813/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „Style TV სტაილ ტვ“–სთვის საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით. ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2012 წლის 23 იანვარს 16.00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე შპს „Style TV სტაილ ტვ“–ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, შპს „Style TV სტაილ ტვ“–ს მიერ კომისიაში წარმოდგენილია:

1.                  ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;

2.                  სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

3.                  სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

4.                  შესაბამისობის დეკლარაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლილ იქნა შპს „Style TV სტაილ ტვ“–ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე, 371–ე და მე–60 მუხლების მოთხოვნებთან და დადგინდა, რომ კომისიაში წარმოდგენილი სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად, შპს „Style TV სტაილ ტვ“–ს დამფუძნებელი არის ფიზიკური პირი ვახტანგ კუპრავა (100%). კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით არ დგინდება ვახტანგ კუპრავას ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით შპს „Style TV სტაილ ტვ“ ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციული ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირს; პოლიტიკური პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლის, შპს „Style TV სტაილ ტვ“–ს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა - 2012 წლის 1 მარტი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 19 დეკემბრის №10/1356–11 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000.00 (ორი ათასი) ლარი, შპს „Style TV სტაილ ტვ“–ს მიერ ნამდვილად იქნა გადახდილი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2012 წლის 23 იანვარს. გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს „Style TV სტაილ ტვ“–სთვის საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „Style TV სტაილ ტვ“–სთვის საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე, 38-ე და 41–ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „Style TV სტაილ ტვ“–ს კერძო  მაუწყებლობის №B120 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 27 იანვარი;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელის  გამოყენებით, ქ. თბილისში;

2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობად განისაზღვროს 18 საათი;

3. შპს „Style TV სტაილ ტვ“ ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს არაუგვიანეს 2012 წლის 1 მარტისა;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაშია ასახული;

თ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

მ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ნ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

პ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

ჟ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

რ) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;

ს) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;

ტ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „Style TV სტაილ ტვ“–სთვის გაგზავნა (მ. ნინუა);

ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „Style TV სტაილ ტვ“–სთვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე–3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე)

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები