წვდომის მენიუ

შპს „რეალკომსა“ და შპს „ბლექ სი სატს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიის გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 108 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2013

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/640-13, 01.02.2013) მიმართეს შპს „რეალკომმა“ და შპს „ბლექ სი სატმა“ და დასამტკიცებლად წარმოადგინეს შპს „რეალკომის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F60 ლიცენზიის შპს „ბლექ სი სატისთვის“ დროებით გადაპირების თაობაზე დადებული ხელშეკრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რეალკომი“ კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის №93/1 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F60 ლიცენზიას, რომელიც კომისიის 2010 წლის 5 თებერვლის №67/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 10.705-11.181 გჰც   ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 22 თებერვლამდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: 2008 წლის 22 თებერვლიდან 1 (ერთი) წელი;

დ) უზრუნველყოს შპს ”რეალკომ”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო 27–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის შესაბამისად საოპერაციო აქტივი არის არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2012 წლის 12 ოქტომბრის №663/11 გადაწყვეტილებით წინასწარი თანხმობა მიეცა შპს “რეალკომს“ მისი კუთვნილი  საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიის, შპს “ბლექ სი სატის“ მიერ შეძენაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ‘რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რეალკომსა“ და შპს „ბლექ სი სატს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 25 მარტს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე   (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რეალკომისთვის“ და შპს „ბლექ სი სატისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „რეალკომისთვის“ და შპს „ბლექ სი სატისთვის“ ჩაბარებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები