ქ. ახმეტაში კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2013
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების 41-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. ახმეტაში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2013 წლის 21 იანვრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 24 იანვრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2013 წლის 21 თებერვლის 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 25 თებერვლის 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 2,227.50 (ორი ათას ორასოცდაშვიდი და 50) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში. კომისიის 2013 წლის 19 თებერვლის №97/19 და 2013 წლის 22 თებერვლის N98/19 გადაწყვეტილებებით ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 22 თებერვალი, 16:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს “ფოლკ რადიომ” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/04-13, 21.01.2013).
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 24 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს; კერძოდ: სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელ საბუთში არასწორად იყო მითითებული საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო კოდი, წარმოდგენილი იყო შესაბამისობის დეკლარაციის ძველი ფორმა, საკონკურსო განაცხადში არასწორად იყო მითითებული ლიცენზიის სახეობა, ასევე არ იყო ცალკე დოკუმენტად წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ (ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე წარმოდგენილია ერთად), როგორც ამას ითვალისწინებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
კომისიის 2013 წლის 24 იანვრის №43/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”ფოლკ რადიოს” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2013 წლის 1 თებერვლამდე. შპს ”ფოლკ რადიოს” მიერ 2013 წლის 25 იანვარს (წერილი №6/522-13) წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ზეპირი მოსმენა ქ. ახმეტაში კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2013 წლის 22 თებერვალს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”ფოლკ რადიოს” უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით მაღლაფერიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
ზეპირ მოსმენაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს ”ფოლკ რადიოს” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე.
წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, „სამაუწყებლო კონცეფციის შეფასება განხორციელდა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 თავით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნებისა და ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2011 წლის 18 აპრილის N190/22 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობისათვის დადგენილი პრიორიტეტების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობისათვის პრიორიტეტად ყველა სამაუწყებლო ზონასა და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დადგენილია მუსიკალური თემატიკის პროგრამები.
სამაუწყებლო კონცეფციის შეფასებისას გამოკვლეულ იქნა, ლიცენზიის მაძიებლის მიერ შეთავაზებული თემატიკა.
შპს ”ფოლკ რადიოს” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
– მუსიკალურ-გასართობი გადაცემები;
შპს ”ფოლკ რადიოს” სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიზანია მაუწყებლობის განხორციელების შედეგად, კახეთის რეგიონის მოსახლეობას საშუალება მისცეს 24 საათის განმავლობაში უსმინოს მრავალფეროვან პროგრამას, ეზიაროს ქართულ ხალხურ შემოქმედებას, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა დისკუსიაში, ვიქტორინებსა და კონკურსებში.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2013 წლის 25 თებერვალს. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”ფოლკ რადიოს” უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით მაღლაფერიძე.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ფოლკ რადიოს” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დავით მაღლაფერიძემ სალიცენზიო გადასახდელის - 2,227.50 (ორი ათას ორასოცდაშვიდი და 50) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის,კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ქ. ახმეტაში კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ფოლკ რადიო“;
2. უზრუნველყოს შპს ”ფოლკ რადიომ” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 445.50 (ოთხასორმოცდახუთი და 50) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 1559.25 (ერთი ათას ხუთასორმოცდაცხრამეტი და 25) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს კონკურსის მონაწილესათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ფოლკ რადიოსთვის” ჩაბარების დღიდან.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
