ქ. ამბროლაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2013
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების 72-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. ამბროლაურში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2013 წლის 21 იანვრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 24 იანვრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2013 წლის 21 თებერვლის 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 25 თებერვლის 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 1,377.00 (ათას სამას სამოცდაჩვიდმეტი) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში. კომისიის 2013 წლის 19 თებერვლის №97/19 და 2013 წლის 22 თებერვლის N98/19 გადაწყვეტილებებით ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 22 თებერვალი, 16:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს ”ქართულმა რადიომ” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/14-13, 21.01.2013).
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 24 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ: შპს ”ქართული რადიოს” საკონკურსო განაცხადზე არ იყო თანდართული ტარიელ კიკაბიძის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, არ იყო წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; აღსანიშნავია, რომ სალიცენზიო გადასახდელის (1,377.00) 10%-ის - 137,70 ლარის ნაცვლად წარმოდგენილი იყო 138.00 ლარის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისიის 2013 წლის 24 იანვრის №43/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”ქართულ რადიოს” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2013 წლის 1 თებერვლამდე. შპს ”ქართული რადიოს” მიერ 2013 წლის 31 იანვარს (წერილი №6/611-13) წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ზეპირი მოსმენა ქ. ამბროლაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2013 წლის 22 თებერვალს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს „ქართული რადიოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
ზეპირ მოსმენაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს ”ქართული რადიოს” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე.
წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, „სამაუწყებლო კონცეფციის შეფასება განხორციელდა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 თავით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნებისა და ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2011 წლის 18 აპრილის N190/22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კერძო საერთო რადიომაუწყებლობისათვის დადგენილი პრიორიტეტების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, კერძო საერთო რადიომაუწყებლობისათვის პრიორიტეტად ყველა სამაუწყებლო ზონასა და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დადგენილია პროგრამული მრავალფეროვნება.
ამასთან, დასკვნაში გათვალისწინებულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”.
სამაუწყებლო კონცეფციის შეფასებისას გამოკვლეულ იქნა, ლიცენზიის მაძიებლის მიერ შეთავაზებული თემატიკისა და, ასევე, ერთი და იგივე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი; ასევე, მომსახურების ზონაში (ქ. ამბროლაურში) აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
შპს ”ქართული რადიოს” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
- ახალი ამბები;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;
- საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემები;
- ახალგაზრდული გადაცემები;
- საბავშვო გადაცემები;
- მუსიკალურ-გასართობი გადაცემები;
- სპორტული გადაცემები.
შპს ”ქართული რადიოს” სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ლიცენზიის მაძიებლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ოპერატიული, სანდო და ობიექტური ინფორმაციით ისეთ თემებზე, როგორიცაა: პოლიტიკა, საზოგადოება, ეკონომიკა, კულტურა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, მუსიკა, სპორტი და სხვა. აღნიშნული თემები გაშუქდება სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო, ანალიტიკური, შემეცნებითი, ახალგაზრდული, საბავშვო, გასართობი, საავტორო გადაცემების, თოქ–შოუების, რუბრიკების და მიმოხილვების სახით.
ლიცენზიის მაძიებლის მიერ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:
საინფორმაციო გამოშვება – შპს ”ქართული რადიოს” სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ კომპანია საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს ყოველდღიურ საინფორმაციო გადაცემას, ამასთანავე აღნიშნულია, რომ 24 საათის განმავლობაში, ყოველ საათში ერთხელ განთავსდება ოპერატიული, ობიექტური და დეტალური ინფორმაცია დედაქალაქში, მცხეთა–მთიანეთის რეგიონში, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ მოვლენებზე. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება განხორციელდება შპს „ქართული რადიოს“ საკუთარი რეგიონალური საკორესპონდენტო ქსელის მეშვეობით.
საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:
· ხატია ქვათაძის საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული საინფორმაციო–ანალიტიკური მიმოხილვა, რომელიც დაეთმობა კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს.
· ნინო ჟიჟილაშვილის საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული თოქ–შოუ, რომელიც საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოვლენების ანალიზს დაეთმობა.
· თეა სიჭინავას საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული თოქ–შოუ, რომელშიც გაიმართება დისკუსია ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ თემებზე.
· თამარ ჩიქოვანის საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული ანალიტიკური თოქ–შოუ, რომელიც შესთავაზებს რადიომსმენელს აქტუალური სოციალური თემების განხილვას.
· „რეგიონი“ – თოქ–შოუ, რომელიც ორიენტირებულია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის თვითმმართველობაში არსებულ პროცესებზე და მოსახლეობის ჩართულობაზე (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში სამჯერ).
შპს ”ქართული რადიოს” სამაუწყებლო კონცეფციით შემოთავაზებული სხვა თემატიკის პროგრამებში, უზრუნველყოფილია თემათა მრავალფეროვნებაც. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს სთავაზობს რადიოპროგრამებს შემდეგ თემებზე:
საგანმანათლებლო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:
· დიანა ტრაპაიძის საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი პროგრამა, მიაწოდებს მსმენელს ინფორმაციას საქართველოს რეგიონების ისტორიის, კულტურის, ხელოვნების და ტრადიციების შესახებ.
· „ბიზნესი“ – საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა, რომელიც განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სიახლეები, რჩევები და კონსულტაციები ბიზნესის დაწყებასა და წარმართვის, მარკეტინგის, მენეჯმენტის, საგადასახადო, საბაჟო და ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებთან (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში ორჯერ).
· „ჯანმრთელობა“ – საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა გააცნობს მსმენელს უახლეს ინფორმაციას სამედიცინო სფეროს სიახლეების, მიღწევების, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ. წამყვანი მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისაუბრებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ პრობლემაზე, მსმენელთა სურვილების, სეზონური ფაქტორების და დაავადებათა რისკების გათვალისწინებით. მსმენელს შესაძლებლობა ექნება პირდაპირ ეთერში დაუსვას შეკითხვა ექიმს და მიიღოს უფასო, კვალიფიციური კონსულტაცია (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში ორჯერ).
· „ცოდნა“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა პროფესიული, საშუალო და უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე, რეფორმებსა, პროექტებსა და სასწავლო პროგრამებზე. სხვადასხვა სასწავლებელში სწავლების წესებზე, ერთიან ეროვნულ, სამაგისტრო და სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების პროცედურებსა და თავისებურებებზე, სამეცნიერო გრანტებზე, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და სტიპენდიებზე.
· „ფერმა“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე სიახლეებზე. მოწვეული სპეციალისტები მიაწვდიან მსმენელს ინფორმაციას და რჩევებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის თანამედროვე სტანდარტებით დამზადებისა და რეალიზების, სეზონური და მიმდინარე პრობლემების გადალახვის შესახებ.
· „კულტურის სიახლეები“ – ყოველდღიური საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა, მიაწვდის მსმენელს უახლეს ინფორმაციას ქვეყანაში და რეგიონებში კულტურის სფეროში მიმდინარე ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ.
· „ტურისტი“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა ტურიზმის სფეროში არსებული სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ.
· „ლიტერატურული საათი“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა თანამედროვე ქართული და მსოფლიო ლიტერატურული სიახლეებისა და კლასიკური ნაწარმოებების შესახებ.
· „ჩვენი ისტორია“ – საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა საქართველოს ისტორიული მოვლენებისა და ღირშესანიშნავი თარიღების შესახებ (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში სამჯერ).
· „სარწმუნოება“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა რელიგიის შესახებ.
· „ჩვენებური“ – ყოველკვირეული პუბლიცისტურ–შემეცნებითი გადაცემა კონკრეტული რეგიონის ღვაწლმოსილ, გამორჩეულ, კოლორიტულ პიროვნებებზე, რომელიც რადიო–პორტრეტის ჟანრში მომზადდება.
ახალგაზრდული გადაცემების თემატიკის ფარგლებში:
· „რადიოაქტიური საათი“ – ინტერაქტიული ახალგაზრდული გადაცემა, რომელსაც ახალგაზრდა წამყვანები ეყოლება. წამყვანები პირდაპირ ეთერში ისაუბრებენ ახალგაზრდებისათვის აქტუალურ საკითხებზე, უპასუხებენ მსმენელთა სატელეფონო ზარებს, განიხილავენ სოციალურ ქსელებში აქტუალურ თემებს. გადაცემის მიზანია განსხვავებული კუთხით, თვითონ ახალგაზრდებმა ისაუბრონ რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებზე (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში სამჯერ).
· „წარმატების რეცეპტი“ – ყოველკვირეული ინტერაქტიული ახალგაზრდული გადაცემა, რომელიც მოუთხრობს მსმენელს იმ ახალგაზრდების შესახებ, რომლებმაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მიაღწიეს დასახულ მიზანს. სხვადასხვა სფეროში წარმატებული ახალგაზრდები გაუზიარებენ თანატოლებს საკუთარი „წარმატების რეცეპტს“.
მუსიკალურ–გასართობი თემატიკის ფარგლებში:
· ზაზა ხუციშვილის საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული შემეცნებითი–გასართობი–მუსიკალური გადაცემა, რომლის მეშვეობით მსმენელი მოისმენს ქართული ფოლკლორისა და მსოფლიო კლასიკის შედევრებს, საინტერესო ინფორმაციას ქართველ და უცხოელ კომპოზიტორებზე, ნაწარმოებებზე, შემსრულებლებზე, ასევე ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე ფესტივალებისა და ღონისძიებების შესახებ.
· „დილა“ – ყოველდღიური საინფორმაციო მუსიკალურ–გასართობი დილის გადაცემა: მოკლე ამბები რეგიონის და ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებიდან. ოპერატიული ინფორმაცია დედაქალაქში, რეგიონში, ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ მოვლენათა შესახებ. მუსიკა, პრესის მოკლე მიმოხილვა, იუმორი, ამინდის პროგნოზი და სხვა.
· “TOP 20” - ყოველდღიური ინტერაქტიული მუსიკალური გადაცემა, რომელიც მსმენელს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნოს მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს სიახლეებსა და მოვლენებს. გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში ჩატარდება კონკურსები და ვიქტორინები.
· „ქართული მუსიკა“ – ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელიც მიეძღვნება მსმენელისთვის კარგად ნაცნობ ქართულ მუსიკალურ ჯგუფებსა და შემსრულებლებს და შესთავაზებს მსმენელს პოპულარულ და რეტრო ჰიტებს.
· „ჯაზის დრო“ – ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელიც ჯაზის მოყვარულებს შესთავაზებს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მიერ შესრულებულ ახალ და კარგად ნაცნობ კომპოზიციებს.
· „ახალი ანეკდოტები“ – ყოველდღიური იუმორისტული რუბრიკა ვასიკო ოდიშვილთან ერთად.
· „თანამედროვე მუსიკა“ – ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელიც დააკმაყოფილებს ქართული და უცხოური თანამედროვე მუსიკის მოყვარულების ინტერესებს.
სპორტული თემატიკის ფარგლებში:
· „სპორტის სიახლეები“ – ყოველდღიური რუბრიკა, რომელიც მსმენელს მიაწვდის ოპერატიულ ინფორმაციას რეგიონის, ქვეყნის და მსოფლიო სპორტული სიახლეების შესახებ;
· „სპორტის 7 დღე“ – ყოველკვირეული სპოორტული საინფორმაციო–ანალიტიკური გადაცემა, რეგიონის, ქვეყნის და მსოფლიო სპორტული სიახლეების შესახებ.
საბავშვო თემატიკის ფარგლებში:
· „საბავშვო“ – ყოველდღიური საბავშვო გასართობი შემეცნებით–საგანმანათლებლო გადაცემა პატარებისათვის.
· „ზღაპარი“ – ყოველდღიური საბავშვო გადაცემა. ქართული და მსოფლიო ზღაპრები პატარებისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2013 წლის 25 თებერვალს. საკონკურსო სხდომას არ ესწრებოდა შპს ”ქართული რადიოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ”ქართული რადიოს” უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ესწრებოდა საკონკურსო სხდომას, მის მიერ არ იქნა დადასტურებული სალიცენზიო გადასახდელის - 1,377.00 (ათას სამას სამოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდაზე თანხმობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების 72-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსი ქ. ამბროლაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად.
,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადეს კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების 72-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსი ქ. ამბროლაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს კონკურსის მონაწილესათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ქართული რადიოსთვის” ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
