ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2013
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების 103-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. ახალციხეში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2013 წლის 21იანვრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 24 იანვრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2013 წლის 21 თებერვლის 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 25 თებერვლის 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 4,050.00 (ოთხი ათას ორმოცდაათი) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში. კომისიის 2013 წლის 19 თებერვლის №97/19 და 2013 წლის 22 თებერვლის N98/19 გადაწყვეტილებებით ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 22 თებერვალი, 16:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინეს შპს „ქართულმა რადიომ“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/16-13, 21.01.2013) და ააიპ “მედია ცენტრმა ღია აფხაზეთისათვის” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/02-13, 21.01.2013).
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 24 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს; კერძოდ:
ა) ააიპ “მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის” მიერ წარმოდგენილ განაცხადზე თანდართულ სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელ საბუთში არასწორად იყო მითითებული საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო კოდი, ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისობის დეკლარაციის ძველი ფორმა;
ბ) შპს ”ქართული რადიოს” საკონკურსო განაცხადზე არ იყო თანდართული ტარიელ კიკაბიძის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, არ იყო წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
კომისიის 2013 წლის 24 იანვრის №43/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „ქართულ რადიოს“ და ააიპ “მედია ცენტრს ღია აფხაზეთისათვის” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2013 წლის 1 თებერვლამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქართული რადიოს“ მიერ 2013 წლის 31 იანვარს (წერილი №6/613-13), ხოლო ააიპ “მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის” მიერ 2013 წლის 25 იანვარს (წერილი №6/506-13) და 2013 წლის 31 იანვარს (წერილი №6/616-13) წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ზეპირი მოსმენა ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2013 წლის 22 თებერვალს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა მხოლოდ შპს „ქართული რადიოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
ზეპირ მოსმენაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელთა, შპს „ქართული რადიოს“ და ააიპ “მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასების თაობაზე (შედარებითი ანალიზი).
წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, „სამაუწყებლო კონცეფციების შეფასება განხორციელდა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 თავით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნებისა და ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2011 წლის 18 აპრილის N190/22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კერძო საერთო რადიომაუწყებლობისათვის დადგენილი პრიორიტეტების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, კერძო საერთო რადიომაუწყებლობისათვის პრიორიტეტად ყველა სამაუწყებლო ზონასა და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დადგენილია პროგრამული მრავალფეროვნება.
ამასთან, დასკვნაში გათვალისწინებულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”.
სამაუწყებლო კონცეფციების შეფასებისას გამოკვლეულ იქნა, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ შეთავაზებული თემატიკისა და, ასევე, ერთი და იგივე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი; ასევე, მომსახურების ზონაში (ქ. ახლციხეში) აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
1. შპს ”ქართული რადიოს” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
- ახალი ამბები;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;
- საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემები;
- ახალგაზრდული გადაცემები;
- საბავშვო გადაცემები;
- მუსიკალურ-გასართობი გადაცემები;
- სპორტული გადაცემები.
შპს ”ქართული რადიოს” სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ლიცენზიის მაძიებლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ოპერატიული, სანდო და ობიექტური ინფორმაციით ისეთ თემებზე, როგორიცაა: პოლიტიკა, საზოგადოება, ეკონომიკა, კულტურა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, მუსიკა, სპორტი და სხვა. აღნიშნული თემები გაშუქდება სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო, ანალიტიკური, შემეცნებითი, ახალგაზრდული, საბავშვო, გასართობი, საავტორო გადაცემების, თოქ–შოუების, რუბრიკების და მიმოხილვების სახით.
ლიცენზიის მაძიებლის მიერ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:
საინფორმაციო გამოშვება – შპს ”ქართული რადიოს” სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ კომპანია საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს ყოველდღიურ საინფორმაციო გადაცემას, ამასთანავე აღნიშნულია, რომ 24 საათის განმავლობაში, ყოველ საათში ერთხელ განთავსდება ოპერატიული, ობიექტური და დეტალური ინფორმაცია დედაქალაქში, მცხეთა–მთიანეთის რეგიონში, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ მოვლენებზე. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება განხორციელდება შპს „ქართული რადიოს“ საკუთარი რეგიონალური საკორესპონდენტო ქსელის მეშვეობით.
საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:
· ხატია ქვათაძის საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული საინფორმაციო–ანალიტიკური მიმოხილვა, რომელიც დაეთმობა კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს.
· ნინო ჟიჟილაშვილის საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული თოქ–შოუ, რომელიც საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოვლენების ანალიზს დაეთმობა.
· თეა სიჭინავას საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული თოქ–შოუ, რომელშიც გაიმართება დისკუსია ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ თემებზე.
· თამარ ჩიქოვანის საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული ანალიტიკური თოქ–შოუ, რომელიც შესთავაზებს რადიომსმენელს აქტუალური სოციალური თემების განხილვას.
· „რეგიონი“ – თოქ–შოუ, რომელიც ორიენტირებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თვითმმართველობაში არსებულ პროცესებზე და მოსახლეობის ჩართულობაზე (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში სამჯერ).
შპს ”ქართული რადიოს” სამაუწყებლო კონცეფციით შემოთავაზებული სხვა თემატიკის პროგრამებში, უზრუნველყოფილია თემათა მრავალფეროვნებაც. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს სთავაზობს რადიოპროგრამებს შემდეგ თემებზე:
საგანმანათლებლო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:
· დიანა ტრაპაიძის საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი პროგრამა, მიაწოდებს მსმენელს ინფორმაციას საქართველოს რეგიონების ისტორიის, კულტურის, ხელოვნების და ტრადიციების შესახებ.
· „ბიზნესი“ – საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა, რომელიც განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სიახლეები, რჩევები და კონსულტაციები ბიზნესის დაწყებასა და წარმართვის, მარკეტინგის, მენეჯმენტის, საგადასახადო, საბაჟო და ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებთან (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში ორჯერ).
· „ჯანმრთელობა“ – საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა გააცნობს მსმენელს უახლეს ინფორმაციას სამედიცინო სფეროს სიახლეების, მიღწევების, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ. წამყვანი მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისაუბრებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ პრობლემაზე, მსმენელთა სურვილების, სეზონური ფაქტორების და დაავადებათა რისკების გათვალისწინებით. მსმენელს შესაძლებლობა ექნება პირდაპირ ეთერში დაუსვას შეკითხვა ექიმს და მიიღოს უფასო, კვალიფიციური კონსულტაცია (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში ორჯერ).
· „ცოდნა“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა პროფესიული, საშუალო და უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე, რეფორმებსა, პროექტებსა და სასწავლო პროგრამებზე. სხვადასხვა სასწავლებელში სწავლების წესებზე, ერთიან ეროვნულ, სამაგისტრო და სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების პროცედურებსა და თავისებურებებზე, სამეცნიერო გრანტებზე, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და სტიპენდიებზე.
· „ფერმა“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე სიახლეებზე. მოწვეული სპეციალისტები მიაწვდიან მსმენელს ინფორმაციას და რჩევებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის თანამედროვე სტანდარტებით დამზადებისა და რეალიზების, სეზონური და მიმდინარე პრობლემების გადალახვის შესახებ.
· „კულტურის სიახლეები“ – ყოველდღიური საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა, მიაწვდის მსემნელს უახლეს ინფორმაციას ქვეყანაში და რეგიონებში კულტურის სფეროში მიმდინარე ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ.
· „ტურისტი“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა ტურიზმის სფეროში არსებული სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ.
· „ლიტერატურული საათი“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა თანამედროვე ქართული და მსოფლიო ლიტერატურული სიახლეებისა და კლასიკური ნაწარმოებების შესახებ.
· „ჩვენი ისტორია“ – საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა საქართველოს ისტორიული მოვლენებისა და ღირშესანიშნავი თარიღების შესახებ (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში სამჯერ).
· „სარწმუნოება“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა რელიგიის შესახებ.
· „ჩვენებური“ – ყოველკვირეული პუბლიცისტურ–შემეცნებითი გადაცემა კონკრეტული რეგიონის ღვაწლმოსილ, გამორჩეულ, კოლორიტულ პიროვნებებზე, რომელიც რადიო–პორტრეტის ჟანრში მომზადდება.
ახალგაზრდული გადაცემების თემატიკის ფარგლებში:
· „რადიოაქტიური საათი“ – ინტერაქტიული ახალგაზრდული გადაცემა, რომელსაც ახალგაზრდა წამყვანები ეყოლება. წამყვანები პირდაპირ ეთერში ისაუბრებენ ახალგაზრდებისათვის აქტუალურ საკითხებზე, უპასუხებენ მსმენელთა სატელეფონო ზარებს, განიხილავენ სოციალურ ქსელებში აქტუალურ თემებს. გადაცემის მიზანია განსხვავებული კუთხით, თვითონ ახალგაზრდებმა ისაუბრონ რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებზე (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში სამჯერ).
· „წარმატების რეცეპტი“ – ყოველკვირეული ინტერაქტიული ახალგაზრდული გადაცემა, რომელიც მოუთხრობს მსმენელს იმ ახალგაზრდების შესახებ, რომლებმაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მიაღწიეს დასახულ მიზანს. სხვადასხვა სფეროში წარმატებული ახალგაზრდები გაუზიარებენ თანატოლებს საკუთარი „წარმატების რეცეპტს“.
მუსიკალურ–გასართობი თემატიკის ფარგლებში:
· ზაზა ხუციშვილის საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული შემეცნებითი–გასართობი–მუსიკალური გადაცემა, რომლის მეშვეობით მსმენელი მოისმენს ქართული ფოლკლორისა და მსოფლიო კლასიკის შედევრებს, საინტერესო ინფორმაციას ქართველ და უცხოელ კომპოზიტორებზე, ნაწარმოებებზე, შემსრულებლებზე, ასევე ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე ფესტივალებისა და ღონისძიებების შესახებ.
· „დილა“ – ყოველდღიური საინფორმაციო მუსიკალურ–გასართობი დილის გადაცემა: მოკლე ამბები რეგიონის და ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებიდან. ოპერატიული ინფორმაცია დედაქალაქში, რეგიონში, ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ მოვლენათა შესახებ. მუსიკა, პრესის მოკლე მიმოხილვა, იუმორი, ამინდის პროგნოზი და სხვა.
· “TOP 20” - ყოველდღიური ინტერაქტიული მუსიკალური გადაცემა, რომელიც მსმენელს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნოს მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს სიახლეებსა და მოვლენებს. გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში ჩატარდება კონკურსები და ვიქტორინები.
· „ქართული მუსიკა“ – ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელიც მიეძღვნება მსმენელისთვის კარგად ნაცნობ ქართულ მუსიკალურ ჯგუფებსა და შემსრულებლებს და შესთავაზებს მსმენელს პოპულარულ და რეტრო ჰიტებს.
· „ჯაზის დრო“ – ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელიც ჯაზის მოყვარულებს შესთავაზებს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მიერ შესრულებულ ახალ და კარგად ნაცნობ კომპოზიციებს.
· „ახალი ანეკდოტები“ – ყოველდღიური იუმორისტული რუბრიკა ვასიკო ოდიშვილთან ერთად.
· „თანამედროვე მუსიკა“ – ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელიც დააკმაყოფილებს ქართული და უცხოური თანამედროვე მუსიკის მოყვარულების ინტერესებს.
სპორტული თემატიკის ფარგლებში:
· „სპორტის სიახლეები“ – ყოველდღიური რუბრიკა, რომელიც მსმენელს მიაწვდის ოპერატიულ ინფორმაციას რეგიონის, ქვეყნის და მსოფლიო სპორტული სიახლეების შესახებ;
· „სპორტის 7 დღე“ – ყოველკვირეული სპოორტული საინფორმაციო–ანალიტიკური გადაცემა, რეგიონის, ქვეყნის და მსოფლიო სპორტული სიახლეების შესახებ.
საბავშვო თემატიკის ფარგლებში:
„საბავშვო“ – ყოველდღიური საბავშვო გასართობი შემეცნებით–საგანმანათლებლო გადაცემა პატარებისათვის.
„ზღაპარი“ – ყოველდღიური საბავშვო გადაცემა. ქართული და მსოფლიო ზღაპრები პატარებისათვის.
2. ააიპ “მედია ცენტრის ღია აფხაზეთისთვის“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
- ახალი ამბები;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;
- საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემები;
- მუსიკალურ–გასართობი გადაცემები;
- სპორტული გადაცემები;
ააიპ “მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ლიცენზიის მაძიებლის მიზანია უზრუნველყოს ფინანსურად მდგრადი და მომგებიანი რადიოკომპანიის მუშაობა, შეინარჩუნოს და განამტკიცოს ლიდერის პოზიციები ქართულ რადიობაზარზე, აამაღლოს რადიობაზრის სტანდარტები. საგანმანათლებლო–შემეცნებითი შინაარსით მიწვდეს უფრო ფართო აუდიტორიას, ვიდრე ამას დღეის მონაცემებით სწვდება. გაზარდოს რადიოს აუდიტორია ახალი სამომხმარებლო ჩვევების დამკვიდრების გზით. უზრუნველყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ამასთან, რეგიონის სპეციფიკურობისა და იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ ახალციხის რაიონში ქართულენოვან მოსახლეობასთან ერთად სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომლებისთვისაც რუსულენოვანი გადაცემები უფრო აღქმადია ქართულთან შედარებით, კომპანიის უკვე მზა პროდუქტი – რუსულენოვანი საინფორმაციო გამოშვებები გამოიწვევს მსმენელთა დაინტერესებას და ამავე დროს ხელს შეუწყობს მათ ინფორმირებას მათთვის უფრო გასაგებ ენაზე, ხოლო ქართულენოვანი საინფორმაციო გამოშვებები დაეხმარება მათ, ინტენსიურად აითვისონ იმ ქვეყნის სახელმწიფო ენა, რომელი ქვეყნის მოქალაქეებიც თავად არიან.
ლიცენზიის მაძიებლის მიერ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:
საინფორმაციო გამოშვება – ყოველდღიური ახალი ამბები 08:00 საათიდან 24:00 საათამდე. 14:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში ახალი ამებები გადის რუსულ ენაზე, რაც რადიოს სტრატეგიის თავდაპირველ პრიორიტეტს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ალტერნატიული ინფორმაციით უზრუნველყოფას ეხმიანება.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:
„კვირის ქრონიკა“ – ყოველკვირეული გადაცემა, რომელიც სამაუწყებლო ბადეში რუსულ ენაზე არის განთავსებული და მიმოიხილავს კვირის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მნიშვნელოვან საკითხებს.
მუსიკალურ-გასართობი თემატიკის ფარგლებში:
„FM HOT HITS“
„რუსული ჰიტები“
“STARS HITS”
“Weekend”
„რადიო მანია“
„თეთრი ღამეები“
„ცოტა ყავა ბევრი ჭორი“
„FM სტატუსი“
„პერსონა“სპორტული თემატიკის ფარგლებში:
„სპორტული სიახლეები“ – გადაცემა, რომელიც ეძღვნება ქართული და უცხოური სპორტის სიახლეებს და სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია საათში ერთხელ.
ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია შემეცნებითი და ინტელექტუალური ვიქტორინები, თუმცა დამატებითი ინფორმაცია პროგრამების შესახებ წარმოდგენილი არ არის. სამაუწყებლო კონცეფციით გათვალისწინებულია ასევე გადაცემა „ავტობანი“, თუმცა გადაცემის თემა დაკონკრეტებული არ არის.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2013 წლის 25 თებერვალს. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა მხოლოდ ააიპ “მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი დათეშიძე, შპს ”ქართული რადიოს” უფლებამოსილი წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „ქართული რადიოსა” და ააიპ “მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციები და შედარებითი ანალიზისა და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე კომისიამ მიიჩნია, რომ საკონკურსოდ წარმოდგენილი კონცეფციები უზრუნველყოფენ პროგრამულ მრავალფეროვნებას, თუმცა შპს „ქართული რადიოს“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ააიპ “მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია.
კომისიის სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების მიერ საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. პირველად კენჭი ეყარა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ. ახალციხეში ააიპ “მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის” გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. კენჭისყრის შედეგად აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა, წინააღმდეგნი იყვნენ კომისიის წევრები კარლო კვიტაიშვილი და აკაკი სიხარულიძე. მეორედ კენჭი ეყარა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ. ახალციხეში შპს „ქართული რადიოს“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. კენჭისყრის შედეგად აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს კომისიის წევრებმა კარლო კვიტაიშვილმა და აკაკი სიხარულიძემ, წინააღმდეგი იყო კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (ორი ხმა ერთის წინააღმდეგ)
გადაწყვიტა:
1. ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ქართული რადიო“;
2. უზრუნველყოს შპს „ქართულმა რადიომ“, ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20% -ს - 810.00 (რვაასათი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 2,835.00 (ორი ათას რვაასოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეთათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლების გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ქართული რადიოსთვის“ და ააიპ “მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის” ჩაბარების დღიდან.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
