წვდომის მენიუ

ქ. ბორჯომში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 122 / 10

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2013

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების 111-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. ბორჯომში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2013 წლის 21იანვრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 24 იანვრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2013 წლის 21 თებერვლის 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 25 თებერვლის 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში. კომისიის 2013 წლის 19 თებერვლის №97/19 და  2013 წლის 22 თებერვლის N98/19 გადაწყვეტილებებით ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა  2013 წლის 22 თებერვალი, 16:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინეს შპს „ქართულმა რადიომ“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/17-13, 21.01.2013) და შპს “სტერეო+“-მა (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/05-13, 21.01.2013).

   კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 24 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს; კერძოდ:

ა) შპს ”სტერეო+”-ის მიერ წარმოდგენილ განაცხადზე თანდართულ სალიცენზიო მოსაკრებლის (2,000.00 ლარი) გადახდის დამადასტურებელ საბუთებში არასწორად იყო მითითებული საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო კოდი, ასევე არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების თაობაზე;

ბ) შპს ”ქართული რადიოს” საკონკურსო განაცხადზე არ იყო თანდართული ტარიელ კიკაბიძის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე არ იყო წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; აღსანიშნავია, რომ შპს ”ქართულ რადიომ” სალიცენზიო გადასახდელის (6,075.00) 10%-ის - 607,50 ლარის ნაცვლად წარმოდგინა 608.00 ლარის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე შპს ”სტერეო+”-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის მალხაზ კვარაცხელიას მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად დაზუსტებულ იქნა - ლიცენზიის აღებიდან  6 თვე.

კომისიის 2013 წლის 24 იანვრის №43/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „ქართულ რადიოს“ და შპს ”სტერეო+”-ს დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2013 წლის 1 თებერვლამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქართული რადიოს“ მიერ 2013 წლის 31 იანვარს (წერილი №6/614-13), ხოლო შპს ”სტერეო +”-ის მიერ 2013 წლის 24 იანვარს (წერილი №6/509-13) წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ზეპირი მოსმენა ქ. ბორჯომში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2013 წლის 22 თებერვალს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”სტერეო +“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი გიორგი ხითარიშვილი და შპს „ქართული რადიოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით;  პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

ზეპირ მოსმენაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელთა, შპს „ქართული რადიოს“ და შპს ”სტერეო +”-ის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასების თაობაზე (შედარებითი ანალიზი).

წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, „სამაუწყებლო კონცეფციების შეფასება განხორციელდა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 თავით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნებისა და ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2011 წლის 18 აპრილის N190/22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კერძო საერთო რადიომაუწყებლობისათვის დადგენილი პრიორიტეტების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, კერძო საერთო რადიომაუწყებლობისათვის პრიორიტეტად ყველა სამაუწყებლო ზონასა და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დადგენილია პროგრამული მრავალფეროვნება.

ამასთან, დასკვნაში გათვალისწინებულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”.

სამაუწყებლო კონცეფციების შეფასებისას გამოკვლეულ იქნა, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ შეთავაზებული თემატიკისა და, ასევე, ერთი და იგივე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი; ასევე, მომსახურების ზონაში (ქ. ბორჯომში) აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

1. შპს ”ქართული რადიოს” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

- ახალი ამბები;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

- საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემები;

- ახალგაზრდული გადაცემები;

- საბავშვო გადაცემები;

- მუსიკალურ-გასართობი გადაცემები;

- სპორტული გადაცემები.

.შპს ”ქართული რადიოს” სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ  ლიცენზიის მაძიებლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ოპერატიული, სანდო და ობიექტური  ინფორმაციით ისეთ თემებზე, როგორიცაა: პოლიტიკა, საზოგადოება, ეკონომიკა, კულტურა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, მუსიკა, სპორტი და სხვა. აღნიშნული თემები გაშუქდება სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო, ანალიტიკური, შემეცნებითი, ახალგაზრდული, საბავშვო, გასართობი, საავტორო გადაცემების, თოქ–შოუების, რუბრიკების და მიმოხილვების სახით.

ლიცენზიის მაძიებლის მიერ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:

საინფორმაციო გამოშვება – შპს ”ქართული რადიოს” სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ კომპანია საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს ყოველდღიურ საინფორმაციო გადაცემას, ამასთანავე აღნიშნულია, რომ 24 საათის განმავლობაში, ყოველ საათში ერთხელ განთავსდება ოპერატიული, ობიექტური და დეტალური ინფორმაცია დედაქალაქში, მცხეთა–მთიანეთის რეგიონში, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ მოვლენებზე. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება განხორციელდება შპს „ქართული რადიოს“ საკუთარი რეგიონალური საკორესპონდენტო ქსელის მეშვეობით.

საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:

·       ხატია ქვათაძის საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული საინფორმაციო–ანალიტიკური მიმოხილვა, რომელიც დაეთმობა კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს.

·       ნინო ჟიჟილაშვილის საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული თოქ–შოუ, რომელიც საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოვლენების ანალიზს დაეთმობა.

·       თეა სიჭინავას საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული თოქ–შოუ, რომელშიც გაიმართება დისკუსია ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ თემებზე.

·      თამარ ჩიქოვანის საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული ანალიტიკური თოქ–შოუ, რომელიც შესთავაზებს რადიომსმენელს აქტუალური სოციალური თემების განხილვას.

·                     „რეგიონი“ – თოქ–შოუ, რომელიც ორიენტირებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თვითმმართველობაში არსებულ პროცესებზე და მოსახლეობის ჩართულობაზე (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში სამჯერ).

შპს ”ქართული რადიოს” სამაუწყებლო კონცეფციით შემოთავაზებული სხვა თემატიკის პროგრამებში, უზრუნველყოფილია თემათა მრავალფეროვნებაც. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს სთავაზობს რადიოპროგრამებს შემდეგ თემებზე:

საგანმანათლებლო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:

·                     დიანა ტრაპაიძის საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი პროგრამა, მიაწოდებს მსმენელს ინფორმაციას საქართველოს რეგიონების ისტორიის, კულტურის, ხელოვნების და ტრადიციების შესახებ.

·                     „ბიზნესი“ – საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა, რომელიც განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სიახლეები, რჩევები და კონსულტაციები ბიზნესის დაწყებასა და წარმართვის, მარკეტინგის, მენეჯმენტის, საგადასახადო, საბაჟო და ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებთან (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში ორჯერ).

·                     „ჯანმრთელობა“ – საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა გააცნობს მსმენელს უახლეს ინფორმაციას სამედიცინო სფეროს სიახლეების, მიღწევების, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ. წამყვანი მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისაუბრებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ პრობლემაზე, მსმენელთა სურვილების, სეზონური ფაქტორების და დაავადებათა რისკების გათვალისწინებით. მსმენელს შესაძლებლობა ექნება პირდაპირ ეთერში დაუსვას შეკითხვა ექიმს და მიიღოს უფასო, კვალიფიციური კონსულტაცია (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში ორჯერ).

·                     „ცოდნა“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა პროფესიული, საშუალო და უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე, რეფორმებსა, პროექტებსა და სასწავლო პროგრამებზე. სხვადასხვა სასწავლებელში სწავლების წესებზე, ერთიან ეროვნულ, სამაგისტრო და სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების პროცედურებსა და თავისებურებებზე, სამეცნიერო გრანტებზე, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და სტიპენდიებზე.

·                     „ფერმა“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე სიახლეებზე. მოწვეული სპეციალისტები მიაწვდიან მსმენელს ინფორმაციას და რჩევებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის თანამედროვე სტანდარტებით დამზადებისა და რეალიზების, სეზონური და მიმდინარე პრობლემების გადალახვის შესახებ.

·                     „კულტურის სიახლეები“ – ყოველდღიური საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა, მიაწვდის მსმენელს უახლეს ინფორმაციას ქვეყანაში და რეგიონებში კულტურის სფეროში მიმდინარე ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ.

·                     „ტურისტი“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა ტურიზმის სფეროში არსებული სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ.

·                     „ლიტერატურული საათი“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა თანამედროვე ქართული და მსოფლიო ლიტერატურული სიახლეებისა და კლასიკური ნაწარმოებების შესახებ.

·                     „ჩვენი ისტორია“ – საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა საქართველოს ისტორიული მოვლენებისა და ღირშესანიშნავი თარიღების შესახებ (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში სამჯერ).

·                     „სარწმუნოება“ – ყოველკვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემა რელიგიის შესახებ.

·                     „ჩვენებური“ – ყოველკვირეული პუბლიცისტურ–შემეცნებითი გადაცემა კონკრეტული რეგიონის ღვაწლმოსილ, გამორჩეულ, კოლორიტულ პიროვნებებზე, რომელიც რადიო–პორტრეტის ჟანრში მომზადდება.

ახალგაზრდული გადაცემების თემატიკის ფარგლებში:

·                     „რადიოაქტიური საათი“ – ინტერაქტიული ახალგაზრდული გადაცემა, რომელსაც ახალგაზრდა წამყვანები ეყოლება. წამყვანები პირდაპირ ეთერში ისაუბრებენ ახალგაზრდებისათვის აქტუალურ საკითხებზე, უპასუხებენ მსმენელთა სატელეფონო ზარებს, განიხილავენ სოციალურ ქსელებში აქტუალურ თემებს. გადაცემის მიზანია განსხვავებული კუთხით, თვითონ ახალგაზრდებმა ისაუბრონ რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებზე (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში სამჯერ).

·                     „წარმატების რეცეპტი“ – ყოველკვირეული ინტერაქტიული ახალგაზრდული გადაცემა, რომელიც მოუთხრობს მსმენელს იმ ახალგაზრდების შესახებ, რომლებმაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მიაღწიეს დასახულ მიზანს. სხვადასხვა სფეროში წარმატებული ახალგაზრდები გაუზიარებენ თანატოლებს საკუთარი „წარმატების რეცეპტს“.

მუსიკალურ–გასართობი თემატიკის ფარგლებში:

·                     ზაზა ხუციშვილის საავტორო გადაცემა – ყოველკვირეული შემეცნებითი–გასართობი–მუსიკალური გადაცემა, რომლის მეშვეობით მსმენელი მოისმენს ქართული ფოლკლორისა და მსოფლიო კლასიკის შედევრებს, საინტერესო ინფორმაციას ქართველ და უცხოელ კომპოზიტორებზე, ნაწარმოებებზე, შემსრულებლებზე, ასევე ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე ფესტივალებისა და ღონისძიებების შესახებ.

·                     „დილა“ – ყოველდღიური საინფორმაციო მუსიკალურ–გასართობი დილის გადაცემა: მოკლე ამბები რეგიონის და ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებიდან. ოპერატიული ინფორმაცია დედაქალაქში, რეგიონში, ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ მოვლენათა შესახებ. მუსიკა, პრესის მოკლე მიმოხილვა, იუმორი, ამინდის პროგნოზი და სხვა.

·                     “TOP 20” - ყოველდღიური ინტერაქტიული მუსიკალური გადაცემა, რომელიც მსმენელს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნოს მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს სიახლეებსა და მოვლენებს. გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში ჩატარდება კონკურსები და ვიქტორინები.

·                     „ქართული მუსიკა“ – ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელიც მიეძღვნება მსმენელისთვის კარგად ნაცნობ ქართულ მუსიკალურ ჯგუფებსა და შემსრულებლებს და შესთავაზებს მსმენელს პოპულარულ და რეტრო ჰიტებს.

·                     „ჯაზის დრო“ – ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელიც ჯაზის მოყვარულებს შესთავაზებს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მიერ შესრულებულ ახალ და კარგად ნაცნობ კომპოზიციებს.

·                     „ახალი ანეკდოტები“ – ყოველდღიური იუმორისტული რუბრიკა ვასიკო ოდიშვილთან ერთად.

·                     „თანამედროვე მუსიკა“ – ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელიც დააკმაყოფილებს ქართული და უცხოური თანამედროვე მუსიკის მოყვარულების ინტერესებს.

სპორტული თემატიკის ფარგლებში:

·                     „სპორტის სიახლეები“ – ყოველდღიური რუბრიკა, რომელიც მსმენელს მიაწვდის ოპერატიულ ინფორმაციას რეგიონის, ქვეყნის და მსოფლიო სპორტული სიახლეების შესახებ;

·                     „სპორტის 7 დღე“ – ყოველკვირეული სპოორტული საინფორმაციო–ანალიტიკური გადაცემა, რეგიონის, ქვეყნის და მსოფლიო სპორტული სიახლეების შესახებ.

საბავშვო თემატიკის ფარგლებში:

·       „საბავშვო“ – ყოველდღიური საბავშვო გასართობი შემეცნებით–საგანმანათლებლო გადაცემა პატარებისათვის.

·       „ზღაპარი“ – ყოველდღიური საბავშვო გადაცემა. ქართული და მსოფლიო ზღაპრები პატარებისათვის.

2.  შპს ”სტერეო +”–ის სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

- ახალი ამბები;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

- საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემები;

- მუსიკალურ–გასართობი გადაცემები;

ლიცენზიის მაძიებლის მიერ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:

·                     „ჩვენი დილა“ – ყოველდღიური გადაცემა, რომელიც გავა დილის 09:00 საათიდან 11:00 საათამდე. გადაცემის მსვლელობისას მსმენელი შეიტყობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე სიახლეებს, გაეცნობა პრესის სიახლეებს და ამინდის პროგნოზს. გადაცემის მეორე ნაწილში მოწვეული იქნება ცნობილი სტუმარი.

მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი დასკვნაში აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაცემის აღწერილობაში მითითებულია, რომ გადაცემის მეორე ნაწილს ეყოლება სტუმარი, უნდა ვივარაუდოთ, რომ გადაცემისთვის შერჩეული თემატიკიდან გამომდინარე გადაცემა „ჩვენი დილას“ მეორე ნაწილი იქნება საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის მატარებელი პროგრამა.

·                     „ადგილობრივი ამბები“ – აღნიშნული გადაცემის საშუალებით, მსმენელი შეიტყობს თუ რა ხდება გზებზე, ამინდის პროგნოზს და წარმოდგენილი იქნება კულტურული აფიშა. წარმოდგენილი გადაცემის აღწერილობაში მითითებულია, რომ გადაცემა აპოლიტიკურია (სამაუწყებლო ბადეში განთავსდება საათში ერთხელ).

საგანმანათლებლო–შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:

·                     „საჭირო რჩევები“ – გადაცემა მსმენელს მისცემს საშუალებას მიიღოს პრაქტიკული რჩევები პროფესიონალებისგან. გადაცემაში წარმოდგენილი იქნება თუ რა სიახლეებს სთავაზობს დამსვენებლებს მუნიციპალიტეტი, როგორ არის განვითარებული ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. იქნება რჩევები სამთო–სათხილამურო, საწყლოსნო, საცხენოსნო და სხვადასხვა სახის სპორტის მოყვარული დამსვენებლებისათვის. ასევე, მსმენელი მიიღებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ დაისვენოს კონკრეტულ რეგიონში კომფორტულად ნაკლები დანახარჯით. შესაძლებელი იქნება გადაცემაში სტუმრად მოწვეულ იქნას მოცემულ ტურისტულ ზონაში არსებული სასტუმროების და გასართობი ცენტრების წარმომადგენელი, რომელიც გააცნობს მსმენელს თუ რას სთავაზობს მისი კომპანია დამსვენებელს და რა უპირატესობა აქვს სხვასთან შედარებით. გადაცემა მიზნად ისახავს ტურისტული რეგიონის პოპულარიზაციას.

მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი დასკვნაში აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი გადაცემის აღწერილობაში არ არის მითითებული ზემოაღნიშნული გადაცემის სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა.

·                     „ვიქენდი“ – გადაცემაში სტუმრად მოწვეული იქნება ცნობილი ადამიანი, რომელიც დასვენების დღეებს მოცემულ რეგიონში ატარებს. სტუმარი ისაუბრებს თუ რატომ აირჩია დასვენება ამა თუ იმ რეგიონში და რამდენად კმაყოფილია ახალი ინფრასტრუქტურით. გადაცემაში არ შუქდება პოლიტიკურ–სოციალური პრობლემები. გადაცემა მიზნად ისახავს მსმენელთან პირდაპირ ეთერში კონტაქტს და მსმენელის განწყობის გაუმჯობესებას. (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში ორჯერ, შაბათი–კვირა).

მუსიკალურ–გასართობი თემატიკის ფარგლებში:

·                     „ტოპ–ათეული“ – ყოველდღიური გადაცემა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ათი საუკეთესო სიმღერა, რომელიც მსოფლიო ჩარტების მიხედვით შეირჩევა.

·                     „ცოცხალი მუსიკა“ – გადაცემაში სტუმრად მოწვეული იქნება ქართული მუსიკალური ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ ეთერში ცოცხლად შეასრულებენ საკუთარ ჰიტებს (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში ორჯერ).

ამასთანავე მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ            შპს „სტერეო +“–ის სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, კომპანიის კუთვნილებაში არსებული სარელეო ქსელი გადაცემათა პროგრამირების დროს იძლევა ექსკლუზიურ უპირატესობას ისეთ საკითხებში, როგორიც არის დროის ერთსა და იმავე მომენტში სხვადასხვა რეგიონზე სხვადასხვა გადაცემის მიწოდება.

მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკნის თანახმად შპს „სტერეო +“–ის კონცეფციაში ასევე მოცემულია სამაუწყებლო ბადეში გადაცემათა ჟანრობრივი განაწილების პროცენტული მაჩვენებელი: მუსიკალური გადაცემები – 40%, სარეკლამო სახის გადაცემები 30%, სხვა გადაცემები – 30%. იმის გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64–ე მუხლის მე–11 პუნქტის შესაბამისად, ტელე- ან რადიოარხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან ტელეშოპინგის არხისა, რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20%-ს, შპს „სტერეო +“–ის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია ამ ნაწილში წინააღმდეგობაში მოდის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

                კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს ”სტერეო +“-ის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გიორგი ხითარიშვილმა განმარტა, რომ სარეკლამო სახის გადაცემები ეს არ არის სარეკლამო რგოლები,  ეს არის ისეთი გადაცემები, რომლებიც ემსახურება კონკრეტული რეგიონის ინფრასტრუქტურის პოპულარიზაციას.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2013 წლის 25 თებერვალს. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა მხოლოდ შპს ”სტერეო +“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი გიორგი ხითარიშვილი,                            შპს ”ქართული რადიოს” უფლებამოსილი წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „ქართული რადიოსა” და                  შპს „სტერეო +“-ის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციები და შედარებითი ანალიზისა და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე კომისიამ მიიჩნია, რომ საკონკურსოდ წარმოდგენილი კონცეფციები უზრუნველყოფენ პროგრამულ მრავალფეროვნებას, თუმცა შპს „ქართული რადიოს“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე შპს „სტერეო +”-ის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია.

კომისიის სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების მიერ საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. პირველად კენჭი ეყარა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ. ბორჯომში შპს „სტერეო +“-ის გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. კენჭისყრის შედეგად აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის წევრმა აკაკი სიხარულიძემ, წინააღმდეგი იყვნენ კომისიის წევრები კარლო კვიტაიშვილი და ირაკლი მოსეშვილი. მეორედ კენჭი ეყარა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ. ბორჯომში შპს „ქართული რადიოს“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. კენჭისყრის შედეგად აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს კომისიის წევრებმა კარლო კვიტაიშვილმა და ირაკლი მოსეშვილმა, წინააღმდეგი იყო კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე.

                  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლის, კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (ორი ხმა ერთის წინააღმდეგ)

გადაწყვიტა:

1.   ქ. ბორჯომში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ქართული რადიო“;

2.   უზრუნველყოს შპს „ქართულმა რადიომ“, ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის  20% -ს - 1,215.00 (ერთი ათას ორასთხუთმეტი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 4,252.00 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეთათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლების გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

7.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ქართული რადიოსთვის“ და შპს „სტერეო +“-სთვის ჩაბარების დღიდან.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                 ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები