„რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 25 იანვრის №57/8 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2013
მიღების თარიღი თებერვალი 27, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 25 იანვრის №57/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
რადიოსიხშირული სპექტრი: 14700 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” სტუდიიდან (მისამართი: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. №32, სასტუმრო ”რუსთავის” შენობა) – ქ. თბილისში შპს „ბლექ სი სატის” სადგურამდე (მახათას მთა); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის;
აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 26 თებერვალი, 13:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–7 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისია შედგება 5 მოქმედი წევრისგან, ხოლო კომისიის 2013 წლის 26 თებერვლის სააუქციონო სხდომას ესწრებოდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი, სააუქციონო სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შევიდეს ცვლილება „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ“ კომისიის 2013 წლის 25 იანვრის №57/8 გადაწყვეტილებაში და აუქციონის ჩატარების თარიღად უნდა განისაზღვროს 2013 წლის 1მარტი, 16:00 საათი.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63–ე და 105–ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ“ კომისიის 2013 წლის 25 იანვრის №57/8 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 1 მარტი, 16:00 საათი;“
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) აცნობოს აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელს – სს „ქვემო ქართლის ტელე–რადიო კომპანია“ აუქციონის ჩატარების თარიღის თაობაზე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში, კომისიის გვერდზე;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვმდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
