სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2013
მიღების თარიღი მარტი 01, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტმა” 2012 წლის 12 დეკემბერს კომისიას №4139/05-8 წერილით წარმოუდგინა კომისიის 2012 წლის 10 დეკემბრის №08/2862-12 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია გლობალური ინტერნეტ ტრაფიკის, გლობალური ინტერნეტ ტრაფიკის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების და გლობალური ინტერნეტ ტრაფიკის შესყიდვის შესახებ, 2011 წლის და 2012 წლის 9 თვის მდგომარეობით.
2012 წლის 12 დეკემბრის №4139/05-8 წერილით სს ”სილქნეტმა” მოითხოვა მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
კომისიამ, 2012 წლის 19 დეკემბრის №08/2942 წერილით მიმართა სს ”სილქნეტს” და მოსთხოვა დაზუსტება, 2012 წლის 12 დეკემბრის №4139/05-8 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან კონკრეტულად რომელი მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ეხებოდა მოთხოვნა; ამავე დროს, კომპანიას მოსთხოვა შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, რათა კომისიას ჰქონოდა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი განეხილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად.
კომისიის 2012 წლის 19 დეკემბრის №08/2862-12 წერილის პასუხად, 2012 წლის 24 დეკემბერს სს ”სილქნეტმა” კომისიას წარმოუდგინა №4376/05-8 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს ”სილქნეტი” ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად მუშაობს ინტერნეტ მომარაგების ქსელის ეფექტურობის გაზრდაზე, ხარისხის გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე; კონტრაჰენტების სახელები, შესყიდვების მოცულობა, ღირებულება და სატრანზიტო მარშრუტები წარმოადგენს ინტერნეტ მომარაგების სქემისა და მისი ტოპოლოგიის თავისებურებების მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომლის გამჟღავნება და კონკურენტი კომპანიებისათვის გადაცემა გამოიწვევს საპასუხო ქმედებასა და კონკურენტული უპირატესობების დაკარგვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ”სილქნეტი”, წარმოდგენილი ინფორმაციის კონფედენციალურად ცნობას ოთხოვს კონკრეტული კონტრაჰენტების სახელების, შესყიდვის მოცულობების, ღირებულებისა და სატრანზიტო მარშრუტების ნაწილში, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 29 იანვარს კომისიაში დამატებით შემოვიდა სს ”სილქნეტის” წერილი №6/568-13, რომელიც ეხება 2012 წლის 19 დეკემბრის კომისიის წერილთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას. წერილში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტი“ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად მუშაობს ინტერენეტ–მომარაგების ქსელის ეფექტურობის გაზრდაზე, ხარისხის გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე, ხოლო კონტრაჰენტების სახელები, შესყიდვების მოცულობა, ღირებულება და სატრანზიტო მარშრუტები წარმოადგენს ინტერნეტ–მომარაგების სქემისა და მისი ტოპოლოგიის თავისებურებების მნიშვნელოვან ინფორმაციას. კერძოდ, ინტერნეტის შესყიდვის წყაროები, ნაკადების ტიპები და რაოდენობები წარმოადგენს სს „სილქნეტის" მიერ დაგროვილი გამოცდილებისა და ინტენსიური მუშაობის შედეგს. კომპანია ყოველდღიურად აგროვებს სტატისტიკურ ინფორმაციას, რათა გაიგოს, თუ შესყიდვის რომელი წყაროა უფრო ხარისხიანი და შესაბამისად, კომერციულად მისაღები ამა თუ იმ კონტენტის გაფორმების მიზნით, ხოლო ამ მონაცემების ანალიზის მიხედვით, შემდგომ უკვე ახორციელებს წყაროებისა და ტრანზიტის მომსახურების შესყიდვებს. აქედან გამომდინარე, მათი ბალანსირებული რაოდენობები წყაროების მიხედვით არის უნიკალური „ნაზავი“, რომლის „კალკირებაც“ აღნიშნული მონაცემებით (მათი საჯაროობის შემთხვევში) კონკურენტი კომპანიებისთვის გახდება ადვილად შესაძლებელი, რაც, თავის მხრივ გამოიწვევს სს „სილქნეტისთვის“ კონკურენტული უპირატესობის დაკარგვას.
ამასთან, სს ”სილქნეტი” ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის პირობა შეთანხმებული აქვს პარტნიორ კომპანიებთან, შესაბამისად, ამა თუ იმ კონკურენტმა კომპანიამ სს „სილქნეტის“ პარტნიორ კომპანიებთან სახელშეკრულებო მოლაპარაკებისას, შესაძლებელია ინფორმაცია მომსახურების მიწოდების მოცულობისა და ფასის შესახებ გამოიყენოს კომერციული თვალსაზრისით, რამაც, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სს „სილქნეტისთვის“ კონკურენტული უპირატესობის დაკარგვა.
წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ წყაროების/ნაკადების ტრანსპორტირება ხდება სხვადასხვა მარშრუტებით ე.წ ქსელის ტოპოლოგიის მიხედვით, რაც სს ”სილქნეტს” აძლევს რეზერვირების საშულებას და მნიშვნელოვანია ქსელის მდგრადობისათვის. სს „სილქნეტის“ ქსელი ტოპოლოგიის, აღჭურვილობისა და მომსახურების ტიპების მიხედვით ყველაზე რთულია საქართველოში, ბევრი არასტანდარტული გადაწყვეტით, რომლის გამჟღავნებაც ასევე რისკის ქვეშ აყენებს ბაზარზე სს „სილქნეტის“ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ”სილქნეტი” კომისიას მიმართავს თხოვნით, რათა 2012 წლის 12 დეკემბრის წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია, კონკრეტული კონტრაჰენტების სახელების, შესყიდვების მოცულობის, ღირებულებისა და სატრანზიტო მარშრუტების ნაწილში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ცნობილი იქნას კონფიდენციალურად.
2013 წლის 8 თებერვალს კომისიაში დამატებით შემოვიდა სს ”სილქნეტის წერილი №4862/05-8, რომელითაც სს ”სილქნეტმა” დააზუსტა 2012 წლის 12 დეკემბრის №4139/05-8 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია (ცხრილები №1, №2, №3); აღნიშნულ წერილში სს სილქნეტი ზემოაღნიშნული არგუმენტაციით ითხოვს ცხრილი №1-ით წარმოდგენილი დაზუსტებული ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობას.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2013 წლის 1 მარტის სხდომაზე, რომელზეც ესწრებოდნენ შპს ”სილქნეტის” წარმომადგენლები: ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვ.აბაშიძე, იურიდიული სამსახურის უფროსი მ.გონიაშვილი და ეკონომიკური სამსახურის უფროსი ნ.თურქია. სს ”სილქნეტის” წარმომადგენლებმა დააზუსტეს მოთხოვნა, კერძოდ რომ სს ”სილქნეტის” 2012 წლის 12 დეკემბერის №4139/05-8, 2012 წლის 24 დეკემბერის №4376/05-8, 2012 წლის 29 იანვრის №6/568-13 და 2013 წლის 8 თებერვლის №4862/05-8 წერილებით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ითხოვენ მხოლოდ გლობალური ინტერნეტის ღირებულების შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ იმსჯელა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სს ”სილქნეტის” 2012 წლის 12 დეკემბერის №4139/05-8, 2012 წლის 24 დეკემბერის №4376/05-8, 2012 წლის 29 იანვრის №6/568-13 და 2013 წლის 8 თებერვლის №4862/05-8 წერილებში მოცემული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს 2013 წლის 1 მარტის კომისიის სხდომაზე დაზუსტებულ ფარგლებში. კერძოდ, 2012 წლის 12 დეკემბერს №4139/05-8 და 2013 წლის 8 თებერვლის №4862/05-8 წერილებით წარმოდგენილი ინფორმაციიდან (ცხრილი №1) შესყიდული გლობალური ინტერნეტის ღირებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდუმლოებად, რადგან ინფორმაციის საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სს ”სილქნეტის” 2012 წლის 12 დეკემბერის №4139/05-8, 2012 წლის 24 დეკემბერის №4376/05-8, 2012 წლის 29 იანვრის №6/568-13 და 2013 წლის 8 თებერვლის №4862/05-8 წერილებში მოცემული მოთხოვნა 2012 წლის 12 დეკემბერს №4139/05-8 და 2013 წლის 8 თებერვლის №4862/05-8 წერილებით წარმოდგენილი ინფორმაციის (ცხრილი №1) ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ, კერძოდ:
ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოდ წარმოდგენილი ინფორმაციიდან (ცხრილი №1) შესყიდული გლობალური ინტერნეტის ღირებულების შესახებ ინფორმაცია;
2. ინფორმაცია სს ”სილქნეტის” კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს სს ”სილქნეტის” მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”სილქნეტისთვის” დაუყონებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) სს ”სილქნეტისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).
კომისიის წევრი კ. კვიტაშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
