წვდომის მენიუ

შპს ”TV 3”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2013 წლის 9 იანვარს ჩატარებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 138 / 22

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2013

მიღების თარიღი მარტი 01, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 9 იანვრის N09/8 გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2012 წლის 6 დეკემბრის №774/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ”TV 3”, რომელმაც თანხმობა განაცხადა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 3,114.4 (სამი ათას ას თოთხმეტი და 40) ლარის გადახდაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილებით “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად შპს ”TV3”-ს განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 934,32 (ცხრაას ოცდათოთხმეტი და 32) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 296.64 (ორას ოთხმოცდათექვსმეტი და 64) ლარი ანუ 637.68 (ექვსას ოცდაჩვიდმეტი და 68) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება 2013 წლის 9 თებერვლამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”TV 3”-ის მიერ ერთი თვის ვადაში, 2013 წლის 9 თებერვლამდე, არ იქნა გადახდილი 637.68 (ექვსას ოცდაჩვიდმეტი და 68) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად: რესურსით სარგებლობის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან  1 თვის ვადაში. ერთი თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბე-ს სახით გადახდილი თანხა.”

გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წლის 6 დეკემბრის №774/8 გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ                    შპს „TV 3“ და მის მიერ, არ იქნა შესრულებული კომისიის 2013 წლის 9 იანვრის №09/8 გადაწყვეტილებითა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”  განსაზღვრული ვალდებულება, კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას შპს ”TV 3”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე  და  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2012 წლის 6 დეკემბრის №774/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული და 2013 წლის 9 იანვარს ჩატარებული აუქციონი  უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის   მე-13 პუნქტისა და კომისიის 2013 წლის 9 იანვრის N09/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  უარი ეთქვას შპს ”TV 3”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე;

2.  ჩაშლილად გამოცხადდეს  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2013 წლის 9 იანვარს ჩატარებული აუქციონი. 

3. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შპს ”TV 3”-ის მიერ აუქციონში მონაწილეობის მიზნით ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის - 296.64 (ორას ოთხმოცდათექვსმეტი და 64) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა (ი. აბულაძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „TV 3”-ისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                         კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                         ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                         ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                         ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები