შპს ,,გორდასთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაცილი წარმოების შეწყვეტისა და ქმედების დავალდებულების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2013
მიღების თარიღი იანვარი 11, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მხულის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზია გაიცემა, თუ მაუწყებლობა ხორციელდება სამაუწყებლო გადაცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით (საეთერო მაუწყებლობა), ან თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით. მაუწყებლობა, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა, საეთერო მაუწყებლობისა ან თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა, ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით: ა) ახდენს ამავე კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს; ბ) აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას; გ) ამავე კანონით დადგენილი წესით აჩერებს და აუქმებს ავტორიზაციას; დ) ახორციელებს ავტორიზაციის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ16) პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია არის კომისიის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო მაუწყებლობისა და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობისა) რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2012 წლის 24 დეკემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 24 დეკემბრის N10/1493-12 სამსახურებრივი ბარათი და 2012 წლის 21 დეკემბერს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N000207 ოქმი. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ირკვევა, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს კომისიის სხდომაზე, როდესაც განიხილებოდა შპს „გორდასათვის“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომისიის ლიცენზირებულ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე, გამოირკვა, რომ შპს „ გორდა“ ახორციელებს კერძო მაუწყებლობას აღნიშნულ საქმიანობაზე შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე. მაუწყებლობის განხორციელების ფაქტი დასტურდება შპს „გორდას“ წარმომადგენლის (ნიკოლოზ მამუკელაშვილის) განცხადებითაც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2012 წლის 21 დეკემბერს კომისიის სხდომაზევე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000207.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2012 წლის 13 ივნისს, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირებს, მათ შორის შპს „გორდას“, გაეგზავნათ კომისიის წერილი N01/1365-12, შეტყობინებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესახებ. მათ ეცნობათ, რომ პირები რომლებიც ამ კანონში ცვლილებების შეტანის მომენტისათვის ახორციელებდნენ მაუწყებლობას საკაბელო ქსელის გამოყენებით და რომლებისთვისაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იყო ლიცენზირება, ვალდებულნი იყვნენ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთ თვის ვადაში, ანუ 2012 წლის 6 ივლისამდე, გაეარათ ავტორიაზაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N000207 ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,გორდასთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2012 წლის 21 დეკემბერს, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს, შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2012 წლის 28 დეკემბერი, 16:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ,,გორდას“ 2012 წლის 25 დეკემბერს; შეტყობინება შპს „გორდას“ წარმომადგენელ ნიკოლოზ მამუკელაშვილს იმავე დღესვე ხელზე ჩაბარდა. მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2012 წლის 28 დეკემბერს. კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,გორდას“ უფლებამოსილი წარმომადგენლები ნიკოლოზ მამუკელაშვილი და ტარიელ ჩოჩიშვილი, რომელეთა შუამდგომლობის საფუძველზეც საკითხის განხილვა 2013 წლის 04 იანვარისათვის გადაიდო.
2013 წლის 04 იანვრის კომისიის სხდომაზე გამოცხადნენ შპს „გორდას“ უფლებამოსილი წარმომადგენლები ნიკოლოზ მამუკელაშვილი და ტარიელ ჩოჩელი, რომლებმაც კომისიას ახალი ფაქტობრივი გარემოებები გააცნეს: მათ წარმოადგინეს კომისიისაგან 2012 წლის 19, 27 და 30 ივლისს გაგზავნილი წერილები და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შპს „გორდას“ მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტმა ახალი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, კომისიის წინაშე იშუამდგომლა საკითხის 2013 წლის 11 იანვრისთვის გადადებისთვის, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიის 2013 წლის 11 იანვარს განახლდა და მას კვლავ შპს „გორდას“ უფლებამოსილი წარმომადგენლები ნიკოლოზ მამუკელაშვილი და ტარიელ ჩოჩელი ესწრებოდნენ. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა 2012 წლის 19, 27 და 30 ივლისს კომისიის მიერ შპს „გორდასთვის“ გაგზავნილი წერილები, საიდანაც, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე აღმოჩდა 2012 წლის 27 ივლისის N04/1757-12 და 30 ივლისის N04/1777-12 წერილები, რომელთა საფუძველზეც ირკვევა, რომ N000207 სამართალდარღვევათა ოქმის შედგენამდე, შპს „გორდასათვის“, როგორც მაუწყებლის მიმართ, კომისიის მხრიდან გაგზავნილი იყო ორი კორესპონდენცია; შესაბამისად, ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის სამართალდარღვევა, პირველად, კომისიამ , 2012 წლის 27 ივლისისათვის გამოავლინა და სამართალდარღვევათა ოქმიც დარღვევიდან არა უგვიანეს ორი თვისა უნდა შედგენილიყო, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია - არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „გორდას“ მიერ ავტორიზაციის გარეშე განხორციელებული კერძო მაუწყებლობით, დარღვეულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლი, ხოლო სამართალდარღვევათა ოქმი N000207, შედგენილია 2012 წლის 21 დეკემბერს, ანუ ადმინისტრაციული სახდელის დადების ორ თვიანი ვადის გაშვებით, რის გამოც კომისია დამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციულ სახდელს ვერ გამოიყენებს.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ საქმის წარმოების მიმდინარეობისას, კერძოდ 2012 წლის 27 დეკემბერს შპს „გორდამ“ გაიარა ავტორიზაცია მაუწყებლობაზე, როგორც ეს დადგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით.
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 24 დეკემბრის N10/1493-12 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N000207;
3. კომისიის 2012 წლის 13 ივნისის N01/1365-12 წერილი და ამ წერილის შპს „გორდასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. კომისიის წერილი მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირებს (27.07.2012 N04/1757-12);
5. კომისიის წერილი მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირებს (30.07.2012 N04/1777-12);
6. შპს „გორდას“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
7. შპს „გორდას“ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან, 2012 წლის 27 დეკემბრამდე და 2012 წლის 27 დეკემბრის შემდგომი პერიოდისათვის;
8. შპს „გორდას“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები 2013 წლის 4 და 11 იანვრის კომისიის სხდომებზე.
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „გორდაზე“ 2003 წლის 13 ივნისს გაცემული იყო NB83 ლიცენზია საკაბელო ქსელით კერძო მაუწყებლობის განხორციელებაზე, თუმცა აღნიშნული ლიცენზია გაუქმებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ხოლო შპს „გორდას“ არ აქვს გავლილი ავტორიზაცია საკაბელო ქსელით კერძო მაუწყებლობის განხორციელებაზე, როგორც ეს დადგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით;
2. შპს ,,გორდა“ 2010 წლის 08 თებერვლიდან წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირსაც;
3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000207 ოქმი, შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მახარაძე და შპს “გორდას“ წარმომადგენელი ნიკოლოზ მამუკელაშვილი, თუმცა გაშვებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ორ თვიანი ხანდაზმულობის ვადა გამოვლენილი სამართალდარღევის ჩადენის დღიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენამდე და შესაბამისი სახდელის დაკისრებამდე;
4. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ შპს „გორდა“ ახორციელებდა კერძო მაუწყებლობას შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე, შპს „გორდას“ მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, რადგან გაშვებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების ორ თვიანი ვადა; თუმცა, კომისიას მიაჩნია რომ ამ შემთხვევაში სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი სახეზეა და შპს „გორდას“ უნდა აეკრძალოს უკანონოდ, სათანადო ავტორიზაციის გარეშე, კერძო მაუწყებლობის განხორციელება.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 362-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით: ა) ახდენს ამავე კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს; ბ) აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას; გ) ამავე კანონით დადგენილი წესით აჩერებს და აუქმებს ავტორიზაციას; დ) ახორციელებს ავტორიზაციის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის განხორციელება ისჯება კანონით;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მხულის ჰ16 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაცია არის კომისიის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო მაუწყებლობისა და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობისა) რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით;
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევს შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია - არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან;
7. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაცილი სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო, როცა სამართალდარღვევა დენადია - არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლნელის დღიდან.
8. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა;
9. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვისას, მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი. აგრეთვე, გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის;
10. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; ბ) საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღება გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,გორდას“ მიერ ხორციელდება კერძო მაუწყებლობა საკუთარი საკაბელო ქსელით აღნიშნულ საქმიანობაზე შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე, მაგრამ გაშვებულია ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ორ თვიანი ხანდაზმულობის ვადა, კომისია მიაზანშეწონილად მიიჩნევს შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „გორდასათვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის, 232-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 1441 მუხლის პირველი ნაწილის, 38-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე და 41-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს შპს ,,გორდასათვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ორთვიანი ვადის გაშვების გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ,,გორდასათვის“;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) 10 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,გორდასათვის“ ჩაბარებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტიაშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
