შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2013
მიღების თარიღი მარტი 12, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (06.02.2013, №10/115-13) შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 62–ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის თაობაზე, რომლის შესაბამისად მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილებების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა კომისიაში 2013 წლის 29 იანვარს შემოსული შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ წერილის საფუძველზე გამოარკვია, რომ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2012 წლის 3 დეკემბერს განხორციელდა რიგი ცვლილებები, კერძოდ, კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ქურდოვანიძემ თავისი კუთვნილი 50 %–იანი წილი გაასხვისა დავით ნაცვლიშვილის სასარგებლოდ, ხოლო კომპანიის დირექტორი გახდა გია ნაცვლიშვილი.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში ასევე გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (11.02.2013, №10/131–13) სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილებით, შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ გაუგრძელდა კერძო მაუწყებლობის №B68 ლიცენზიის ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე. ამავე გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალი“ ვალდებული იყო ყოველკვირეულად გამოექვეყნებინა და კომისიისთვის მიეწოდებინა მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით.ზემოაღნიშნული ვალდებულება კომპანიის მიერ შესრულებული არ ყოფილა. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ამავე სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალმა“ დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლის მე–4 პუნქტიც, ვინაიდან არ აქვს გამოქვეყნებული საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია, რადგანაც 2013 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით საკუთარი ვებ–გვერდი არ გააჩნია. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი თავის სამსახურებრივ ბარათში უთითებს შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ მიერ ასევე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70–ე მუხლის მე–3 პუნქტის დარღვევაზე, კომპანიის მიერ კომისიაში 2010 და 2011 წლების წლიური ანგარიშების წარმოუდგენლობის გამო.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტების ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 4 მარტს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლის მე–4 პუნქტის, 62–ე მუხლის პირველი პუნქტის, 70–ე მუხლის მე–3 პუნქტის და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით, შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 12 მარტს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (04.03.2013; №03/425–13) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2013 წლის 12 მარტის სხდომაზე. სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა, სხდომას ესწრებოდა კომპანიის დამფუძნებელი დავით ნაცვლიშვილი. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ გენერალურ დირექტორს გია ნაცვლიშვილს პირადად ჩაბარდა წერილობითი შეტყობინება კომპანიის სანქცირების საკითხის კომისიაში განხილვისა და მისი წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვევის თაობაზე 2013 წლის 4 მარტს, რაც დასტურდება შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ გენერალური დირექტორის ხელმოწერით. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად. სხდომაზე შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ დამფუძნებელმა, როგორც დაინტერესებულმა პირმა, განაცხადა, რომ ადასტურებს შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ მიერ ზემოთ აღნიშნული დარღვევების ჩადენის ფაქტს.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (06.02.2013, №10/115-13);
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (11.02.2013, №10/131–13);
3. შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ 2013 წლის 29 იანვრის №6/577–13 წერილი თანდართული შესაბამისობის დეკლარაციით;
4. შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
5. კომისიის მიერ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (04.03.2013; 03/425-13);
6. კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ შესახებ მონაცემები;
7. შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის” დამფუძნებლის დავით ნაცვლიშვილის ახსნა–განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალი“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის №B68 ლიცენზიას;
2. შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები;
3. 2012 წლის 3 დეკემბერს შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კომპანიის 100 % წილის მფლობელი გახდა დავით ნაცვლიშვილი, ხოლო კომპანიის დირექტორი – გია ნაცვლიშვილი. (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 03/12/2012 10:54:04, განაცხადის ნომერი 554134, განაცხადის რეგიტრაციის ნომერი B12128780).
4. შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში არ წარმოუდგენია კომისიაში შესაბამისობის დეკლარაცია აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით. შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალმა“ კომისიაში შესაბამისობის დეკლარაცია ცვლილებების გათვალისწინებით წარმოადგინა მხოლოდ 2013 წლის 29 იანვარს (შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ წერილი 29.01.2013, №6/577-13).
5. 2013 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით, შესაბამისობის დეკლარაცია შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ საკუთარ ვებ–გვერდზე არ აქვს გამოქვეყნებული, ვინაიდან მას საკუთარი ვებ–გვერდი არ გააჩნია.
6. შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ არ წარმოუდგენია კომისიაში 2010 და 2011 წლების წლიური ანგარიშები.
7. შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ ყოველკვირეულად არ გამოუქვეყნებია და კომისიაში არ წარმოუდგენია მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით.
8. შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არც ერთი სანქცია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილებების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ მიერ დარღვეულ იქნა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის პირველი პუნქტი, ვინაიდან 2012 წლის 3 დეკემბერს სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ 2013 წლის 29 იანვარს, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებ–გვერდზე. კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ მიერ დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლის მე–4 პუნქტი, რადგან მას 2013 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით, არ შეუქმნია საკუთარი ვებ–გვერდი და არ გამოუქვეყნებია შესაბამისობის დეკლარაცია საკუთარ ვებ–გვერდზე ინტერნეტში.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70–ე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალმა“ კომისიაში 2010 და 2011 წლების წლიური ანგარიშების წარმოუდგენლობით დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70–ე მუხლის მე–3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნაც.
კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალი“ ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი ყოველკვირეულად არ გამოუქვეყნებია და კომისიაში არ წარმოუდგენია პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ მიერ დარღვეულ იქნა კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო პირობა.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ მიერ დარღვეულ იქნა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის პირველი პუნქტის, 61–ე მუხლის მე–4 პუნქტის, 70–ე მუხლის მე–3 პუნქტითა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ მიმართ გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება. ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევების აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება უზრუნველყოს ინტერნეტში საკუთარი ვებ-გევრდის შექმნა და საკუთარ ვებ–გვერდზე სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შესაბამისობის დეკლარაციის გამოქვეყნება, ასევე, კომისიაში 2010 და 2011 წლების საქმიანობის წლიური ანგარიშების წარმოდგენა 10 კალენდარული დღის ვადაში. აქვე კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება უზრუნველყოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგის ყოველკვირეულად გამოქვეყნება და კომისიაში წარმოდგენა პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე, 95–ე, 98–ე და 99–ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36–ე მუხლის მე–13 და მე–14 პუნქტების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტების, 61–ე მუხლის მე–4 პუნქტის, 62–ე მუხლის პირველი პუნქტის, 70–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტების, 71–ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლის მე–4 პუნქტის, 62–ე მუხლის პირველი პუნქტის, 70–ე მუხლის მე–3 პუნქტის და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო პირობის დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ 10 კალენდარული დღის ვადაში ვებ-გვერდის შექმნა და მისი წილის მფლობელებისა და თანამდებობის პირების ცვლილებების გათვალისწინებით შესაბამისობის დეკლარაციის საკუთარ ვებ–გვერდზე ინტერნეტში გამოქვეყნება;
3. დაევალოს შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ 2010 და 2011 წლების საქმიანობის წლიური ანგარიშების კომისიაში წარმოდგენა 10 კალენდარული დღის ვადაში;
4. უზრუნველყოს შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალმა“ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგის ყოველკვირეულად გამოქვეყნება და კომისიაში წარმოდგენა პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით სალიცენზიო პირობების შესაბამისად;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია) შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალისთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ. №6) მხარისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2, მე–3 და მე–4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე–3, მე-4 და მე–5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
