შპს ,,ჯეოსელისთვის“ შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2013
მიღების თარიღი იანვარი 11, 2013
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. 2012 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია”) განცხადებით (№2/337-12. 18.12.2012.) მიმართა შპს ,,ჯეოსელმა” და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა შპს ,,ინფოჯორჯია XXI”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ინფოჯორჯია XXI”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე, შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ს შპს ,,ჯეოსელის” მიმართ გააჩნია ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობა 2012 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 29 549.19 (ოცდაცხრა ათას ხუთას ორმოცდაცხრა ლარი და ცხრამეტი თეთრი) ლარს. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად შპს ,,ჯეოსელმმა” კომისიაში წარმოადგინა შპს ,,ჯეოსელსა” და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ს შორის 2007 წლის 01 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშკრულება, შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ს 2012 წლის 05 დეკემბრის წერილი და შედარების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ, ერთი მხრივ, შპს “ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი ო. თურანი და, მეორე მხრივ, შპს ,,ინფოჯორჯია XXI”-ის გენერალური დირექტორი ლ.ლოლაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ განცხადების (21.12.2012, კომისიაში რეგისტრაციის ნომერი N6/7406-12) განხილვის მიზნით, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ -ს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე შპს ,,ჯეოსელის“ მიერ კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 11 იანვარს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ შპს ,,ჯეოსელსა” და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ -ს (შეტყობინებების გაგზავნის თარიღი: 2012 წლის 31 დეკემბერი). შეტყობინებასთან ერთად შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ -ს, შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით, გადაეგზავნა შპს ,,ჯეოსელის” განცხადება (18.12.2012 N2/337-12) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 11 იანვარს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ჯეოსელის“ იურისტი ლევან გიორგაძე, ხოლო შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ის მხრიდან კომპანიის ფინანსური მენეჯერი - მაია სიმონიძე და კომპანიის იურისტი - გიორგი ჩირგაძე . ორივე მხარის ახსნა-განმარტებების საფუძველზე გაირკვა, რომ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის, მხარეთა შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ჯეოსელის“ მიმართ შპს „ინფოჯორჯია XXI“-ეს გააჩნია 25,06244 ლარის ოდენობით დავალიანება. აღნიშნულის დამდასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიში წარმოდგენილი 2012 წლის 22 ოქტომბრის შედარების აქტი, სადაც დავალიანების ოდენობად განსაზღვრულია 25,062.44 ლარი და რომელსაც ხელს აწერენ, ერთი მხრივ, შპს „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი ოსმან თურანი და, მეორე მხრივ, შპს „ინფოჯორჯია XXI“-ეს გენერალური დირექტორი ლაშა ლოლაძე.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. შპს „ჯეოსელის” 2012 წლის 18 დეკემბრის №2/337-12 განცხადება;
2. შპს ,,ჯეოსელსა” და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ -ს შორის 2007 წლის 01 ნოემბერს გაფორმებული ურთიეირთჩართვის ხელშეკრულება;
3. შპს ,,ჯეოსელსა” და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ -ის მიერ ხელმოწერილი 2012 წლის 22 ოქტომბრის შედარების აქტი;
4. შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ -ის 2012 წლის 05 დეკემბრის N374 წერილი შპს „ჯეოსელის“ მიმართ დავალიანების აღიარების თაობაზე;
5. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
6. 2013 წლის 11 იანვარს კომისიის სხდომაზე შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;
7. 2013 წლის 11 იანვარს კომისიის სხდომაზე შპს ,,ინფოჯორჯია XXI“- ის წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:
1. შპს „ჯეოსელსა“ და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ - ს შორის მოქმედებს 2007 წლის 01 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომლის მე-6 მუხლში განსაზღვრულია ხელშკრულების მოქმედების ვადა და გაგრძელების პირობები; ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა მხარეთა მიერ სადაო არ გამხდარა;
2. შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ აღიარებს შპს „ჯეოსელის“ მიმართ, მათ შორის მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე, ფინანსურ ვალდებულებას, კერძოდ, იმას, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ს შპს “ჯეოსელის“ მიმართ ერიცხება ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობაც შეადგენს 25,062.44 ლარს, რაც დასტურდება შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი შედარების აქტით და კომისიის სხდომაზე ორივე მხარის მიერ გაკეთებული განცხადებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებულია და უდავოა მოქმედი ურთიერთჩართვის შედეგად შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ის მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება შპს ,,ჯეოსელის” მიმართ 25,062.44 ლარის ოდენობით; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ჯეოსელის” მოთხოვნა შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ჯეოსელის“ განცხადება შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ს, შპს ,,ჯეოსელთან” მოქმედი ურთიერთჩართვიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად, კერძოდ, შპს „ჯეოსელის“ მიმართ 25,062.44 ლარის ოდენობის დავალიანების დასაფარად მიეცეს ვადა 2013 წლის პირველი თებერვლის ჩათვლით;
3. შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების ან დავალიანების გაზრდის შემთხვევაში, შპს ,,ჯეოსელს” მიეცეს თანხმობა შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ -თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, დავალიანების სრულად დაფარვამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახაძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ჯეოსელისთვის” და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-თვის გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ჯეოსელისთვის” და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში,;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეს მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტაინჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
