წვდომის მენიუ

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრ

ნომერი: 182 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2013

მიღების თარიღი მარტი 22, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ 2012 წლის 31 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №199/9 ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ”. გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილი იქნა საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები: მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,1 აშშ დოლარი - 1 წუთი; ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0.05 აშშ დოლარი - 1 წუთი. ზღვრული ტარიფები ამოქმედდა 2012 წლის 1 მაისიდან და მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი წერილით მომართეს  სს ”გლობალ ერთმა”, შპს ”სერვისნეტმა”, შპს ”ლაგმა”, შპს ”ჯეონეთმა”, შპს ”მაიფონმა”, შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები გუდვილკომმა” (წერილი №6/1277-13, 11.03.2013წ.), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად და ეფექტიანად დარეგულირდა საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრის ეს სეგმენტი და ყველა ავტორიზებული პირი მოექცა თანაბარ პირობებში, საქართველოში ზარის დასრულების გასაყიდ ფასსა და ხარჯს შორის მიღებულმა სხვაობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ავტორიზებულ პირთა შემოსავლები, შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტში შევიდა მეტი ფულადი სახსრები. აღნიშნულმა რეგულაციამ განსაკუთრებული დადებითი შედეგი მოიტანა საშუალო და პატარა ოპერატორებისთვის, რომელთაც არ გააჩნდათ დიდი ქსელი და იძულებული იყვნენ აღნიშნული მომსახურება შედარებით ძვირად გაეყიდათ, ვიდრე ქსელის მფლობელ ოპერტორებს, რაც მძაფრი კონკურენციის პირობებში შეუძლებელი იყო და ფაქტიურად ხდებოდა პატარა ოპერატორების განდევნა ბაზრის ამ სეგმენტიდან. ერთობლივ წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ საქართველოში ზარის ტერმინაციის ტარიფები კვლავ ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ტარიფად რჩება, ხოლო სხვა ქვეყნების ზარის ტერმინაციის ტარიფების ზრდა შეინიშნება. მაგალითად მოყვანილია რუსეთი, სადაც მობილურ ქსელებში ზარის ტერმინაცია თავდაპირველად 0.03-0.04 აშშ დოლარს შეადგენდა, შემდეგ გაიზარდა 0.08 აშშ დოლარამდე, ხოლო დღეის მდგომარეობით 0.14 აშშ დოლარს შეადგენს. კომპანიები ითხოვენ კომისიისგან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგეგმება თუ არა კომისიის მიერ საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე დადგენილი ზღვრული ტარიფების ძალაში დატოვება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას აგრეთვე მომართა ავტორიზებულ პირთა მეორე ჯგუფმა ერთობლივი წერილით, კერძოდ, შპს ”მაგთიკომმა”, შპს ”ჯეოსელმა”, შპს ”მობიტელმა” და სს ”სილქნეტმა” (წერილი №6/7541-12,27.12.2012წ.) წერილში აღნიშნულია, რომ მომართვის მიზანს არ წარმოადგენს კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების მოქმედების საწყის ეტაპზე ისეთი დადებითი გარემოებების დისკრედიტაცია, როგორიცაა: ავტორიზებული პირების შემოსავლების ზრდა; უცხოელ პარტნიორებთან უარყოფითი ბალანსის შემცირება; ქვეყნიდან სავალუტო სახსრების გადინების შემცირება/შეჩერება; სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ზრდა, ავტორიზებული პირების დამატებითი შემოსავლების ზრდის ხარჯზე.

ამავე დროს, წერილის მიზნად განსაზღვრულია იმ უარყოფითი ტენდენციების დაფიქსირება, რომლებიც წარმოიშვა საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მიმართულებით განხორციელებული ზარების საბითუმო ტარიფების ირგვლივ. როგორც წერილშია აღნიშნული, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ რიგმა საერთაშორისო ოპერატორებმა და სავარაუდოდ ადგილობრივმა ავტორიზებულმა პირებმა დაიწყეს საქართველოს მიმართულებით კომისიის მირ დადგენილ საერთაშორისო ტარიფებზე  ნაკლები ტარიფების შეთავაზება. წერილში აღნიშნულია მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც წერილის ავტორების აზრით შემდეგში გამოიხატება:

რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიზებული პირების არაკეთილსინდისიერი მოქმედებების გამო საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მობილური ქსელების მიმართულებით შეთავაზების ტარიფი შეადგენს 0.07-0.75USD-ს, ხოლო ფიქსირებული ქსელების მიმართულებით 0.03-0.035 USD-ს; მაისის თვესთან შედარებით, შემცირდა იმ ოპერატორების შემოსავლები, სადაც სრულდება საერთაშორისო ზარები; დაიწყო უცხოელ პარტნიორებთან უარყოფითი ფინანსური ბალანსის და ქვეყნიდან სავალუტო სახსრების გადინების ზრდა; რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიზებული პირების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო მნიშვნელოვნად გაუარესდა საქართველოში შემომავალი ზარების ხარისხი; არაპროგნოზირებადი ტარიფების გამო შეუძლებელი ხდება პარტნიორ საერთაშორისო ოპერატორებთან ტრაფიკების გაცვლაზე მოკლევადიანი შეთანხმების დადებაც კი; ყველა ეს აღნიშნული გარემოება უარყოფითად აისახება საქართველოს პრესტიჟზე კომუნიკაციების სფეროში.

გარდა ამისა, აღნიშნულია რიგი ქვეყნების მიმართულებით ტარიფების ზრდის ტენდენციის შესახებ. მაგ. 2012 წლის ნოემბერში დაიწყო რუსეთის მობილურ ქსელებში (მთლიანი გამავალი საერთაშორისო ტარიფის დაახლოებით 35%) ზარის დასრულების ტარიფის ზრდა 0.10 USD-დან 0.14 USD-მდე, აგვისტოს თვიდან თურქეთის მობილური ქსელების მიმართულებით (მთლიანი გამავალი საერთაშორისო ტარიფის დაახლოებით 55%) ტარიფი გაიზარდა 0.028USD-0.0315-დან 0.107 USD-მდე, 2012 წლის განმავლობაში უკრაინის მობილური ქსელების მიმართულებით ტარიფები გაიზარდა 0.115 USD-დან 0.153 USD-მდე.

არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ავტორიზებული პირების მიერ შემოთავაზებული იქნა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ახალი (გაზრდილი) ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის საკითხის განხილვა, აგრეთვე, ადგილობრივ ოპერატორებს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარისწორების შესაძლო მოდელის დადგენა, რომლის მიხედვითაც ავტორიზებულ პირებს შორის ანგარიშსწორება საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე განხორციელდება დადგენილი (გაზრდილი) ქვედა ზღვრული ტარიფების შესაბამისად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს ”მაგთიკომის”, შპს ”მობიტელის” და სს ”სილქნეტის” კიდევ ერთი ერთობლივი წერილი (№6/695-13, 07.02.2013წ.), რომელშიც წარმოდგენილია ავტორიზებული პირების მოსაზრებები არსებული პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით. კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნულ  ქვეყნებში ტერმინაციის საფასურის ზრდამ გამოიწვია უარყოფითი ბალანსის გაზრდა და შესაბამისად, ქვეყნიდან მეტი თანხების გადინება,  ამ ნეგატიური ტენდეციის აღმოსაფხვრელად შემოთავაზებულია არსებული ქვედა ზღვრული ტარიფის ცვლილება - მობილურ ქსელში 0.1 აშშ დოლარი შეიცვალოს 0.15 აშშ დოლარით, ხოლო ფიქსირებულ ქსელში 0.05 აშშ დოლარი შეიცვალოს 0.075 აშშ დოლარით.

ერთობლივი წერილის ხელმომწერი კომპანიები თვლიან, რომ დღეს საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე არსებული რეგულაცია არ არის ეფექტიანი და არ იძლევა არაკეთილსინდისიერი პირების გამოვლენის და მათთან ბრძოლოს შესაძლებლობას. აღნიშნულის გარეშე კი შეუძლებელია იმ უარყოფითი ტენდენციების აღმოფხვრა, რაც თან ახლავს არსებული რეგულაციის ამოქმედებას. წარმოდგენილია წინადადება, რომ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები დადგინდეს ავტორიზებული პირების ქსელში ზარის დასრულებაზე და არა საზღვარზე. იმ ავტორიზებული პირების, რომლებიც არ ფლობენ ბაზარზე მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, ინტერესების გათვალისწინების მიზნით შემოთავაზებულია ასეთი ავტორიზებული პირების საშუალებით ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულებაზე ტრანზიტული მომსახურების ფიქსირებული საფასურის შემოღება (მაგ. 0.01 აშშ დოლარის ოდენობით).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “პ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე, კომისია უფლებამოსილია, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით დაადგინოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციები.

კომისია აღნიშნავს, რომ შესაბამისი რეგულაციის დადგენა უნდა მოხდეს კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის გზით. ვინაიდან კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” მიღებული იქნა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციული აქტის მომზადების და გამოცემისთვის დადგენილი წესით და უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ”ცვლილების შეტანის მიზნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის  22 აპრილს 16.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური ვადა განისაზღვროს  3 თვით;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოტანისთანავე.

კომისიის წევრი                                                                                                                    კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                  ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები