შპს ,,ინტერ თივისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2013
მიღების თარიღი მარტი 22, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2013 წლის პირველ მარტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის პირველი მარტის №10/169-13 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა (მ. აროშიძე, ზ. კვირკველია) მიერ, 2013 წლის 15 თებერვალს, შპს ,,ინტერ თივის” მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N4, რომლის თანახმად ირკვევა, რომ შპს ,,ინტერ თივი” თავის ქსელში გადასცემდა შემდეგ სამაუწყებლო არხებს: “Discovery Channel”, “Discovery World”, “Боец ТВ”, “ОРТ”, “XXI TV” (TV 21), “Карусель”, “GDS”, “I სტერეო”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ახალი არხი“, „Music Box თბილისი“, „ერთსულოვნება“, „PEH TВ”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „რუსთავი 2“, „ტაბულა ტვ“, „მზე“, „აჭარა“, „კავკასია“, „იმედი“, „მაესტრო“, „TLC”, “Интер+”, “RTVi”, “მეცხრე არხი“, „Культура“, „Охота и рыбалка“, „ენკი–ბენკი“, “Animal Planet”, “GMG სპორტი“, „CTC”, “НТВ+ КИНО ПЛЮС”, “GMG ფეხბურთი“, “National Geographic”, “Комедия ТВ”, “Шансон ТВ”, “Fashion TV”, “Индия ТВ”, “GMG ჰოლივუდი“, “C1”, “GMG კინოგურმანი“, „Авто Плюс“, „GMG სპორტი 2“, „აფხაზეთის ხმა“, „GMG ქალთა კლუბი“, „Много ТВ“, “Music Box ru”, “Travel”. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ირკვევა, რომ შპს ,,ინტერ თივის“ კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “Discovery Channel”, “Discovery World”, “XXI TV” (TV 21), “Карусель”, „ტაბულა ტვ“, „TLC”, “Animal Planet”, “National Geographic”, “C1”, „აფხაზეთის ხმა“.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (01.03.2013 N10/169-13) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 15 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ინტერ თივისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 22 მარტს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ინტერ თივის” ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2013 წლის 21 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს ,,ინტერ თივის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი N6/1584/13) შპს ,,ინტერ თივის“ მიერ სატელევიზიო არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებების წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნულ წერილს დართული აქვს მედია ცენტრი ,,ღია აფხაზეთისათვის“ 2013 წლის 03 იანვრის N1/2 წერილი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ მედია ცენტრი ,,ღია აფხაზეთისათვის“ თანახმაა, რომ ტელევიზია ,,აფხაზეთის ხმის“ ტრანსლაცია მოხდეს საკაბელო ტელევიზია შპს ,,ინტერ თივის“ მეშვებით.
2013 წლის 22 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადა შპს ,,ინტერ თივის“ დირექტორი ბაკურ რაზმაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ის არხები, რომლებზედაც შპს ,,ინტერ თივის“ არ ჰქონდა მოპოვებული რეტრანსლირების უფლება, კომპანიის მიერ არ გადაიცემოდა ქსელში და ეს არხები სატესტო რეჟიმში გადიოდა მხოლოდ სათაო ოფისში - შიდა ქსელში. თუმცა, ამასთანავე, შპს ,,ინტერ თივის“ დირექტორმა განმარტა, რომ აბონენტებს ახალი არხების მოძებნის ე.წ. ,,დასერჩვის“ შემთხვევაში, ექნებოდათ შესაძლებლობა ეხილათ სადაო არხები.
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის პირველი მარტის სამსახურებრივი ბარათი №10/169-13;
2. 2013 წლის 15 თებერვლის შემოწმების აქტი N4;
3. 2013 წლის 15 თებერვლის შპს ,,ინტერ თივის“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (CD) – 1 ცალი;
4. 2013 წლის 15 თებერვლის შპს ,,ინტერ თივის“ შემოწმების დამსწრე მოწმეთა პირადობის მოწმობების ასლები;
5. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს ,,ინტერ თივისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს ,,ინტერ თივისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
7. შპს ,,ინტერ თივის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2013 წლის 21 მარტის (კომისიაში რეგისტრაციის N6/1584-13) წერილი;
8. მედია ცენრი ,,ღია აფხაზეთისათვის“ 2013 წლის 3 იანვრის წერილი შპს ,,ინტერ თივის“, ტელევიზია ,,აფხაზეთის ხმის“ რეტრანსლაციის თაობაზე;
9. საერთაშორისო კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის 2012 წლის 25 იანვრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/543–13);
10. შპს ,,ინტერ თივის“ დირექტორის ბაკურ რაზმაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული 2013 წლის 22 მარტის კომისიის სხდომაზე;
11. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები;
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ინტერ თივი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც 2010 წლის 2 თებერვლიდან გავლილი აქვს კომისიაში ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტზე და რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;
2. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 და 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილებით, შპს ,,ინტერ თივის“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, ეცნობა, რომ მას ევალებოდა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებულ ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა, აღნიშნული არხების პაკეტში ჩასმამდე. ასევე განემარტა, რომ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა იქნას წარმოდგენილი კომისიაში, შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.
3. კომისიაში 2013 წლის 25 იანვარს შემოვიდა შპს ,,Niltex Holding Limited“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/543–13), რომლითაც კომპანია ითხოვს შპს „ინტერ თივის“ მონიტორინგს და კომპანიის მიერ საკუთარ საკაბელო ქსელში განთავსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალის მიწოდებას;
4. შპს ,,Niltex Holding Limited“-ის 2013 წლის 25 იანვრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/543–13) საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 15 თებერვალს განხორციელდა შპს ,,ინტერ თივის“ შემოწმება შპს ,,ინტერ თივის“ სათაო ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, თემქა მკ/რ. მე-5 კვარტალი N25ა, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №4. შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები მარიამ აროშიძე და ზურაბ კვირკველია, ასევე შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე პირები მეგი ქავთარაძე, პ/ნ 01001057782 და გოჩა შერგელაშვილი, პ/ნ 01025018450;
5. 2013 წლის 15 თებერვლისათვის შპს ,,ინტერ თივი“ თავისი საკაბელო ქსელით, რეტრანსლირების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენის გარეშე, ახორციელებდა შემდეგი სამაუწყებლო არხების გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას: “Discovery Channel”, “Discovery World”, “XXI TV” (TV 21), “Карусель”, „ტაბულა ტვ“, „TLC”, “Animal Planet”, “National Geographic”, “C1”, „აფხაზეთის ხმა“;
6. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 15 თებერვლის №4 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
7. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2013 წლის 15 თებერვლის №4 შემოწმების აქტით, აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);
8. შპს ,,ინტერ თივი“ 2013 წლის 03 იანვრის N1/2 ააიპ ,,მედია ცენტრი ,,ღია აფხაზეთისათვის“ წერილის საფუძველზე 2013 წლის 03 იანვრიდან მართლზომიერად ახორციელებს სატელევიზიო არხის ,,ღია აფხაზეთის“ რეტრანსლირებას, თუმცა აღნიშნული სანებართვო წერილი მის მიერ კომისიაში წარმოდგენილი იქნა 2013 წლის 21 მარტს, მას შემდეგ, რაც კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ინტერ თივისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
9. შპს ,,ინტერ თივის“ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
8. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა შპს ,,ინტერ თივის” მიერ საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით გადაცემული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობისა და კომისიაში წარმოდგენის ფაქტი. კომისიას არ უმსჯელია შპს ,,ინტერ თივის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობასა და კანონიერებაზე, კერძოდ, არ გამოუკვლევია, სამაუწყებლო არხების დისტრიბუტორი/დილერი კომპანიის მიერ, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების გადაცემა შპს ,,ინტერ თივისათვის“ მართლზომიერად განხორციელდა თუ არა.
კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: “Discovery Channel”, “Discovery World”, “XXI TV” (TV 21), “Карусель”, „ტაბულა ტვ“, „TLC”, “Animal Planet”, “National Geographic”, “C1”, შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „ინტერ თივის“ მიერ, დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი. ამასთანავე, სამაუწყებლო არხის: ,,აფხაზეთის ხმის“ რეტრანსლირების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულების/ნებართვის კომისიაში, ამ არხის სამომხმარებლო პაკეტში ჩასმამდე წარმოუდგენლობით შპს ,,ინტერ თივის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.
ვინაიდან, შპს ,,ინტერ თივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ინტერ თივის”, ამავდროულად, უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: “Discovery Channel”, “Discovery World”, “XXI TV” (TV 21), “Карусель”, „ტაბულა ტვ“, „TLC”, “Animal Planet”, “National Geographic”, “C1” არამართლზომიერი გადაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ინტერ თივის“ მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. შპს ,,ინტერ თივიმ“ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: “Discovery Channel”, “Discovery World”, “XXI TV” (TV 21), “Карусель”, „ტაბულა ტვ“, „TLC”, “Animal Planet”, “National Geographic”, “C1”, საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ინტერ თივისათვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ინტერ თივისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ინტერ თივისათვის” ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
