წვდომის მენიუ

შპს ”ტელეიმედის“ კერძო მაუწყებლობის №B94 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 184 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 17, 2013

მიღების თარიღი მარტი 22, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/127-13, 21.03.2013წ.) მიმართა შპს ”ტელეიმედმა” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B94 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეიმედი”  ფლობს კერძო მაუწყებლობის №B94 ლიცენზიას 2013 წლის 21 აპრილამდე კომისიის 2003 წლის 23 მაისის №229/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო მაუწყებლობა;

გ) ტექნიკური პარამეტრები:  თანამგზავრული სისტემების მიწისზედა  და ორბიტალური  სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ”ტელეიმედის” მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”ტელეიმედის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული არ აქვს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ტელეიმედს” უნდა მიეცეს ვადა, რათა ზეპირი მოსმენის სხდომამდე კომისიაში წარმოადგინოს სალიცენზიო მოსაკრებლის – 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის  დებულებით“. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ტელეიმედის” კერძო მაუწყებლობის №B94 ლიცენზია ითვალისწინებს მაუწყებლობას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით, აღნიშნული სახის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ვერ იქნება გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება.  

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელეიმედის“ კერძო მაუწყებლობის №B94 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 22 აპრილს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. უზრუნველყოს შპს ”ტელეიმედმა” სალიცენზიო მოსაკრებლის 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა 2013 წლის 22 აპრილამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე                           (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ტელეიმედისთვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები