რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2013
მიღების თარიღი იანვარი 14, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 14 დეკემბრის №792/8 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 15117 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან – სტუდიამდე (ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 15324 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: სტუდიიდან (ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68) – მახათას მთამდე (შპს „ბლექ სი სატის” სადგური); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
გ) რადიოსიხშირული სპექტრი: 6854 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 2 ვატი; მობილური ჩართვებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 6,802.56 (ექვსი ათას რვაას ორი ლარი და 56) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბერი, 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2013 წლის 14 იანვარი, 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 340.00 (სამას ორმოცი) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-მა, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა კომისიის 2013 წლის 14 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის, უფლებამოსილი წარმომადგენელი ნატო ბოჭორიშვილი.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ნატო ბოჭორიშვილმა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 6,802.56 (ექვსი ათას რვაას ორი ლარი და 56) ლარის და აუქციონის ერთი ბიჯის - 340.00 (სამას ორმოცი) ლარის საერთო ოდენობის - 7,142.56 (შვიდი ათას ას ორმოცდაორი და 56) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2012 წლის 14 დეკემბრის №792/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 7,142.56 (შვიდი ათას ას ორმოცდაორი და 56) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-მა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 2142.77 (ორი ათას ას ორმოცდაორი და 77) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 681.00 (ექვსასოთხმოცდაერთი) ლარი ანუ 1461.77 (ათას ოთხასსამოცდაერთი და 77) ლარის გადახდა 2013 წლის 14 თებერვლამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 4,999.79 (ოთხი ათას ცხრაასოთხმოცდაცხრამეტი და 79) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“–სთვის ჩაბარებისთანავე;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
