შპს ,,ტელეკომპანია აისის“ სანქცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2013
მიღების თარიღი მარტი 29, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (01.03.2013; №10/171-13), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,ტელეკომპანია აისს“ 2013 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით, მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მის კუთვნილ №B106 მაუწყებლობის ლიცენზიაზე – 19,716.40 ლარის ოდენობით. კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში ასევე გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მეორე სამსახურებრივი ბარათი (11.03.2013; №10/185-13), რომლის თანახმად, 2013 წლის 7 მარტის მდგომარეობით, შპს ,,ტელეკომპანია აისს“ 2012 წლის მაისის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად, არც რეგულირების საფასური გადაუხდია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის პირველი მარტის №10/171-13 და 11 მარტის №10/185-13 სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 20 მარტს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეკომპანია აისის“ სანქცირების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 26 მარტს 16.00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,ტელეკომპანია აისს“ ეცნობა დაზღვეული წერილობითი შეტყობინებით (20.03.2013; №03/539-13) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 26 მარტს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელეკომპანია აისის“ გენერალური დირექტორი კობა კვანტალიანი. 2013 წლის 26 მარტსვე, კომისიაში შემოვიდა შპს ,,ტელეკომპანია აისის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/1680–13), რომელსაც თან ერთვის 2013 წლის 25 მარტის №1 საგადასახადო დავალების ასლი. აღნიშნული საგადასახადო დავალების თანახმად, შპს ,,ტელეკომპანია აისმა“ 2013 წლის 25 მარტს, სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე გადარიცხა 19,716.40 ლარი სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების სრულად დასაფარად. კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა ახალი ფაქტობრივი გარემოების შესწავლის მიზნით, კომისიის წინაშე იშუამდგომლა საკითხის განხილვის გადადებისთვის და სხდომის 2013 წლის 29 მარტს, 16.00 საათზე გამართვისთვის, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ სხდომის გამართვის თარიღისა და დროის თაობაზე შპს ,,ტელეკომპანია აისის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი გაფრთხილდა 2013 წლის 26 მარტს, კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა განახლდა 2013 წლის 29 მარტს და მას ესწრებოდა შპს ,,ტელეკომპანია აისის“ წარმომადგენელი აკაკი გიგინეიშვილი (№75/85 მინდობილობა გაცემული 2013 წლის 27 მარტს შპს ,,ტელეკომპანია აისის“ დირექტორის კობა კვანტალიანის მიერ). კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტი 2013 წლის 27 მარტის №10/233–13 სამსახურებრივ ბარათში ადასტურებს შპს ,,ტელეკომპანია აისის“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში სალიცენზიო გადასახდელის – 19,716.40 ლარის ჩარიცხვის ფაქტს, კომპანიის მიერ წარმოდგენილი 2013 წლის 25 მარტის №1 საგადასახადო დავალების საფუძველზე.
შპს ,,ტელეკომპანია აისის“ 2013 წლის 26 მარტის წერილისა და კომპანიის წარმომადგენლის აკაკი გიგინეიშვილის მიერ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, შპს ,,ტელეკომპანია აისში“ ცოტა ხნის წინ განხორციელდა მენეჯმენტის სრული ცვლილება და დანიშვნის პირველი დღეებიდან ახალი მენეჯმენტი შეუდგა კომპანიის წინაშე არსებული საკითხებისა და პრობლემების გარკვევასა და დარეგულირებას. საკითხს ართულებდა ისიც, რომ კომპანიის ყოფილ დირექტორთან კონტაქტი პრაქტიკულად არ შემდგარა, ვინაიდან ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთან, ვერ მოხერხდა დროულად არსებული გადასახდელებისა და მათი ოდენობის დადგენა (მათ შორის რამდენჯერმე შედგა საუბარი კომისიის თანამშრომლებთანაც), ხოლო აღნიშნულის დადგენისთანავე, კომპანიამ მოახდინა სათანადო რეაგირება.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის პირველი მარტის №10/171-13, 11 მარტის №10/185-13 და 27 მარტის №10/233-13 სამსახურებრივი ბარათები;
2. შპს ,,ტელეკომპანია აისის“ კუთვნილი №B106 მაუწყებლობის ლიცენზია;
3. შპს ,,ტელეკომპანია აისისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (20.03.2013; №03/539-13) და ამ შეტყობინების შპს ,,ტელეკომპანია აისისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტელეკომპანია აისის“ შესახებ მონაცემები;
5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები შპს ,,ტელეკომპანია აისის“ შესახებ;
6. შპს ,,ტელეკომპანია აისის“ 2013 წლის 26 მარტის წერილი თანდართული საგადასახადო დავალების ასლით;
7. მონაცემები ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან (ანგარიშის პერიოდი 01.01.2008 – 01.01.2009; ინფორმაციის მომზადების თარიღი - 08/01/2009);
8. 2004 წლის 23 აგვისტოს №71 ელექტრონული საგადასახადო დავალების ამონაბეჭდი (24.08.2004; 07:10:57; დამოწმებულია საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოს ბეჭდით);
9. კომისიის 2003 წლის 25 ივლისის №366/9 გადაწყვეტილება;
10. კომისიის 2004 წლის 20 თებერვლის №73/4 გადაწყვეტილება;
11. კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის №64/2 გადაწყვეტილება;
12. შპს ,,ტელეკომპანია აისის” წარმომადგენლის მიერ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს ,,იბერია ტვ“–ს სახელზე გაცემული იყო ლიცენზია №702, რომელიც ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას მე–2 არხზე, 600 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში. შპს ,,იბერია ტვ“–მ კომისიის 2000 წლის 29 დეკემბრის №45 გადაწყვეტილებით ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილების მე–2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილ იქნა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. კომისიის 2003 წლის 25 ივლისის №366/9 გადაწყვეტილებით მოდიფიცირებულ იქნა შპს ,,იბერია ტვ“–ს №720 ლიცენზია, რის შედეგად, ლიცენზიის სახედ განისაზღვრა სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა, ლიცენზიის სახეობად განისაზღვრა საეთერო საერთო ტელემაუწყებლობა, ხოლო ლიცენზიის საგნად – საეთერო საერთო ტელემაუწყებლობა ქ. თბილისში მე–2 სატელევიზიო არხზე 2 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,იბერია ტვ“–ს №720 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 63,374.4 (სამოცდასამი ათას სამას სამოცდათოთხმეტი და 40) ლარით.
2. კომისიის 2004 წლის 20 თებერვლის №73/4 გადაწყვეტილებით, შპს ,,იბერია ტვ“–ის №720 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2013 წლის 29 ივლისამდე და ამავე გადაწყვეტილების მე–5 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70 %–ის (44,362 ლარი) გადახდა დაეკისრა შემდეგი გრაფიკით:
4929,1 ლარი – 2004 წლის 29 აგვისტომდე;
4929,1 ლარი – 2005 წლის 29 აგვისტომდე;
4929,1 ლარი – 2006 წლის 29 აგვისტომდე;
4929,1 ლარი – 2007 წლის 29 აგვისტომდე;
4929,1 ლარი – 2008 წლის 29 აგვისტომდე;
4929,1 ლარი – 2009 წლის 29 აგვისტომდე;
4929,1 ლარი – 2010 წლის 29 აგვისტომდე;
4929,1 ლარი – 2011 წლის 29 აგვისტომდე;
4929,1 ლარი – 2012 წლის 29 აგვისტომდე.
3. 2008 წლის 3 დეკემბერს, კომისიაში შპს ,,ტელეკომპანია აისმა“ წარმოადგინა საეთერო საერთო ტელერადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული ასლები და ასევე სასამართლოს 2004 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №5/4–4217) რომელთა შესაბამისადაც, შპს ,,იბერია ტვ“ –ს №702 ლიცენზიის მფლობელად ფიქსირდება შპს ,,ტელეკომპანია აისი“. აღნიშნული კომპანიის მოთხოვნით და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო ცვლილებები შევიდა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და №702 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვრა შპს ,,ტელეკომპანია აისი“.
4. 2009 წლის 13 თებერვლის №64/2 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეკომპანია აისის“ კუთვნილი №702 ლიცენზია საეთერო საერთო ტელერადიო მაუწყებლობაზე მოდიფიცირდა კერძო სპეციალიზებული (შემეცნებით მუსიკალურ-გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭა №B106 (მოქმედების ვადა: 29.07.2013).
5. №B106 ლიცენზიის №3 დანართის თანახმადაც, შპს ,,ტელეკომპანია აისს“ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%–ის (44,362.00 – ორმოცდაოთხი ათას სამას სამოცდაორი ლარი) გადახდა იმავე გრაფიკით, რომელიც განისაზღვა კომისიის 2004 წლის 20 თებერვლის №73/4 გადაწყვეტილებით.
6. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე №B106 მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70 %–დან (44,362.00 ლარი) 24,645.50 ლარი. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მონაცემებით ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ, აღნიშნული სალიცენზიო გადასახდელის გადახდის მიზნით შპს ,,ტელეკომპანია აისის“ მიერ თანხის ბოლო გადარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე განხორციელდა 2008 წლის 26 დეკემბერს.
7. შპს ,,ტელეკომპანია აისმა“ №B106 მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი დავალიანება 19,716.40 ლარის ოდენობით საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა 2013 წლის 25 მარტს.
8. 2013 წლის 29 მარტის მდგომარეობით, შპს ,,ტელეკომპანია აისს“ 2012 წლის მაისის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად, არ გადაუხდია რეგულირების საფასური. ამასთან, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო, შეუძლებელია ამ პერიოდისთვის რეგულირების საფასურის დავალიანების დადგენა.
9. შპს ,,ტელეკომპანია აისის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებულ იქნა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანქცია, კერძოდ, შპს ,,ტელეკომპანია აისს“ კომისიის 2012 წლის 13 ივლისის №480/18 გადაწყვეტილებით მიეცა გაფრთხილება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
შპს ,,ტელეკომპანია აისი“ როგორც მაუწყებელი ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები და სალიცენზიო პირობები;
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისიის 2004 წლის 20 თებერვლის №73/4 გადაწყვეტილების მე–5 პუნქტის თანახმად, №B106 მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70 %–ის (44,362.00 ლარი) გადახდა უზრუნველყოს ამავე გადაწყვეტილების მე–5 პუნქტით განსაზღვრული გრაფიკით.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.
,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1 და დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელეკომპანია აისს“ სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%–ის (44,362 – ორმოცდაოთხი ათას სამას სამოცდაორი ლარი) გადახდის ვალდებულება განესაზღვრა კომისიის 2004 წლის 20 თებერვლის №73/4 გადაწყვეტილებით და №B106 ლიცენზიის №3 დანართით. აღნიშნულ გადაწყვეტილებასა და დანართში მოცემულია სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი ნაწილის ოდენობა და მისი გადახდის ვადები. შესაბამისად, შპს ,,ტელეკომპანია აისი“ მოცემულ ინფორმაციას ფლობდა მისთვის გაცემული №B106 სამაუწყებლო ლიცენზიის პირობებიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს შპს ,,ტელეკომპანია აისის“ წარმომადგენლის პოზიციას და საპატიოდ ვერ ჩაუთვლის შპს ,,ტელეკომპანია აისს“ კომპანიის ხელმძღვანელი პირის ქმედებით თუ უმოქმედობით გამოწვეული მოქმედი კანონონმდებლობით მაუწყებელზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას, ვინაიდან, შპს ,,ტელეკომპანია აისი“ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს და მოქმედი კანონმდებლობით მაუწყებლებისთვის დაკისრებული ვალდებულებების სუბიექტია სწორედ შპს ,,ტელეკომპანია აისი“, როგორც იურიდიული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელეკომპანია აისმა“ №B106 სამაუწყებლო ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი ნაწილის - 19,716.40 ლარის კომისიის მიერ მისთვის სალიცენზიო პირობებით დადგენილ ვადებში გადაუხდელობით, დაარღვია კომისიის 2004 წლის 20 თებერვლის №73/4 გადაწყვეტილების მე–5 პუნქტი და №B106 სამაუწყებლო ლიცენზიის №3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელეკომპანია აისმა“ კომისიაში 2012 წლის მაისის შემდეგ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობით, დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის მე-5 პუნქტი და ასევე, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო ამავე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელეკომპანია აისის“ მიმართ კომისიის 2012 წლის 13 ივლისის №480/18 გადაწყვეტილებით, სანქციის სახით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება და აღნიშნული გაფრთხილების გამოყენების დღიდან არ გასულა ერთი წელი. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 11 მარტის №10/185-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,ტელეკომპანია აისის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირებების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების (2012 წლის თებერვალი – მაისი) მიხედვით, შპს ,,ტელეკომპანია აისის“ ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის (დღგ–ს გარეშე) 0,5 % შეადგენს 2,500.00 ლარზე ნაკლებს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია აისს“ ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 2,500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარი. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის მაისის შემდგომი პერიოდის თვეების და 2013 წლის იანვრისა და თებერვლის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოსადგენად კომპანიას უნდა მიეცეს 3 სამუშაო დღე. შპს ,,ტელეკომპანია აისს“ უნდა განემარტოს, რომ დარღვევების განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სანქციები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე, 98–ე და 99–ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 71–ე მუხლის მე–2 პუნქტის და 72–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36–ე მუხლის მე–13 და მე–14 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, კომისიის 2004 წლის 20 თებერვლის №73/4 გადაწყვეტილების მე–5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ტელეკომპანია აისს“ დაეკისროს ჯარიმა 2,500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, კომისიის 2004 წლის 20 თებერვლის №73/4 გადაწყვეტილების მე–5 პუნქტის და №B106 სამაუწყებლო ლიცენზიის №3 დანართით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის დარღვევის გამო;
2. შპს ,,ტელეკომპანია აისმა“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში;
- ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა;
- კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251;
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. უზრუნველყოს შპს ,,ტელეკომპანია აისმა“ 3 სამუშაო დღის ვადაში 2012 წლის მაისის თვის შემდგომი პერიოდის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებებისა და 2013 წლის იანვრისა და თებერვლის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელეკომპანია აისისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,ტელეკომპანია აისის“ სანქცირების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეკომპანია აისისთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს ,,ტელეკომპანია აისისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე–2, მე–3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
